სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

დუმილი მორიგ მსხვერპლამდე

2019-04-02 15:48
Featured image

სოციალურ მუშაკთა გაფიცვა დასრულდა.  დასრულდა ერთი შეხედვით მწირი შედეგით და ალბათ ჩნდება განცდა, რომ რაღაც ეტაპზე სოციალურმა მუშაკებმა ვეღარ გაუძლეს. ვერ გაუძლეს იმ მძიმე ტვირთს, რომელიც პირველი დღიდან არსებობდა მათ მიმართ. და მაინც, ვფიქრობ რომ ეს ასე არ არის და მათ რეალურად გააკეთეს იმაზე მეტი, ვიდრე ვინმეს შეეძლო წარმოედგინა. 

ამ ადამიანებმა შეძლეს და დაგვანახეს პრობლემათა ის უსაშველო ნუსხა, რომელიც  სოციალური დაცვის  კუთხით არსებობს ქვეყანაში და რაც ხელს უშლის სახელმწიფოს, აღებული ვალდებულებების რეალურ შესრულებაში..

დაგვანახეს ის, რომ ერთიანობის შემთხვევაში საჯარო სამსახურში დასაქმებულთა მცირე ჯგუფსაც კი შეუძლია სისტემა მცირედით მაგრამ მაინც გამოაფხიზლოს. ხმამაღლა საუბრით ამხილოს სახელმწიფო, რომელიც იღებს კანონებს თუმცა არ ქმნის მისი აღსრულების ეფექტურ მექანიზმს.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ბავშვები, ხანდაზმულები, ძალადობის მსხვერპლი ქალები-იმ ადამიანთა  არასრული ჩამონათვალია, რომლებზე ზრუნვისთვისაც შეიქმნა ეს სამსახური. სწორედ ამ ადამინების რეალური დახმარებისთვის საჭირო პირობებს ითხვდნენ სოცილური მუშაკები. სამწუხაროდ, არც გაფიცვამდე და არც გაფიცვის შემდეგ არ აღმოჩნდა ხელისუფლებაში ადამიანი, რომელიც საკუთარ თავზე აიღებდა ამ პრობლემების მოგვარებას. უფრო მეტიც იყო შემთხვევები, როდესაც კრიტიკას ვერ უძლებდა ცალკეულ მოხელეთა ქმედებები, განსაკუთრებით პრობლემის მიმართ მათი დამოკიდებულებების კუთხით.

ეს ადამიანები იბრძოდნენ, თითოეული ჩვენგანისთვის, რომ ეთქვათ, დიახ! ისინი ვერ აკეთებენ თავიანთ საქმეს ეფექტურად, ვერ რეაგირებენ ბავშვებზე ძალადობის შემთხვევებზე დროულად, ვერ სთავაზობენ მათ საზოგადოებაში სრულფასოვან მოქალაქეებად დაბრუნებისთვის აუცილებელ სერვისებს,  დროის სიმწირის გამო უჭირთ კვალიფიციური დასკვნების წარდგენა სასამართლოში და ვერ ანხორციელებენ იმ უფლებამოსილებას, რომლის გარეშეც ხანგრძლივვადიანი სოციალური სტაბილურობის მიღწევა ქვეყანაში შეუძლებელია.

და მაინც, მიუხედავად მცირე პროგრესისა გამოჩნდა, რომ ვრჩებით საზოგადოებად, რომელიც ტრაგიკულ შემთხვევებზე სპონტანურად რეაგირებს და ჯერაც არ გააჩნია უნარი იმოქმედოს პრევენციულად.

მახსენდება, წლების წინ მთავრობის სასახლესთან გამართულ აქციაზე კანტიკუნტად შეკრებილი ხალხი, რომლებიც შრომით ადგილებზე დასაქმებულთა უსაფრთხოების უზრუნველყოფას და ამ მიზნით შრომითი ინსპექციის ჩამოყალიბებას მოითხოვდა. შემდგომ იყო მსხვერპლი და ხმაური, ხმაური მსხვერპლიდან მსხვერპლამდე, დასახიჩრებული და გარდაცვლილი ადამიანები, ათეულობით დაობლებული ბავშვი და  ატირებული ოჯახი.  ბოლოს სისტემა იძულებული გახდა დაეწყო მოქმედება, თუმცა ეს იყო მოქმედება რეაქციისთვის და არა მოქმედება რეალური ცვლილებისთვის.

სამწუხაროდ, ისევ ისმის ტირილის ხმა სახლებში სადაც ძალადობენ ბავშვზე, ქალზე ან მოხუცზე, ისევ ტირიან მუშების ოჯახებში, რომლებიც არაეფექტურ შრომით კანონმდებლობას ეწირებიან, თუმცა ..  

რამდენიმე დღის წინ სოციალური მუშაკების სახით ისევ კანტიკუნტად შეიკრიბა ხალხი მთავრობის სასახლესთან და ცდილობდნენ რეალური ცვლილებების საჭიროება დაენახებინათ ქვეყნისთვის, თუმცა  ძლიერნი ამა ქვეყნისანი, ისევ არარსებული პრობლემების მოგვარებით არიან გართულნი.

საინტერესოა, ამჯერად რამდენი დაობლებული ბავშვისა თუ გაუბედურებული მშობლის ნახვა იქნება საკმარისი, რათა სახელმწიფომ დაიწყოს ადამიანებზე ორიენტირებული სოციალური დაცვის თუ შრომითი კანონმდებლობის ფორმირება. საინტერესოა, კიდევ რამდენი ადამიანის სიკვდილი იქნება საჭირო საზოგადოების გამოსაფხიზლებლად.

და ბოლოს გავიხსენებ ჯანდაცვის მინისტრთან ბოლო შეხვედრას და ფრაზას. “ბოდიში რომ ბედავთ და ამდენის უფლებას აძლევთ თავს, ჩემი ბრალია ეს ყველაფერი.” ეს იყო მინისტრის პასუხი სოციალური მუშაკის თხოვნაზე, რომ მას ბოდიში მოეხადა სისტემაში შექმნილი უმძიმესი კრიზისის გამო. ვფიქრობ ეს ტონი ზუსტად გამოხატავს იმ პათოსს, რომლითაც დღემდე იმართება ქვეყანა და რა მიდგომაც სასწრაფო ცვლილებას საჭიროებს.

 

გიორგი ანთაძე საიას იურისტი 

შესაძლოა პოსტის შინაარსი არ ასახავდეს საიას პოზიციას