2018 წლის 23 მაისს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გამართა დისკუსია თემაზე „2017 წლის საარჩევნო დავები − მიგნებები და გამოწვევები.“ დისკუსიაზე წარმოდგენილი იყო კვლევა − „საიას სტრატეგიული სამართალწარმოება და სხვა სუბიექტების (ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და საარჩევნო სუბიექტების) მიერ წარმოებული საარჩევნო დავების დაკვირვება − 2017 წლის საარჩევნო დავების ანალიზი“, რომელიც პროექტის − „საქართველოში კონკურენტული, სამართლიანი და ინკლუზიური საარჩევნო გარემოს ხელშეწყობა 2016-2018 საარჩევნო ციკლისთვის“ ფარგლებში ხორციელდება. პროექტი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს. პროექტის მიზანს წარმოადგენს საქართველოში ინკლუზიური, კონკურენტული და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესების ხელშეწყობა.
მიზნის მისაღწევად, კვლევის ფარგლებში გაანალიზდა 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო, არჩევნების დღისა და შემდგომ პერიოდში როგორც საიას, ასევე − სხვა სუბიექტების (სადამკვირვებლო ორგანიზაციების/საარჩევნო სუბიექტების) მიერ წარმოებული დავები თბილისისა და 8 რეგიონში პირველი და მეორე ინსტანციების სასამართლოებში. აღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილებები გაანალიზდა როგორც პროცედურულ, ასევე შინაარსობრივ კონტექსტში. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ანალიზის პარალელურად, კვლევის ავტორებმა შეისწავლეს შესაბამისი სახელმწიფო უწყებების ქმედებები და გადაწყვეტილებები.
2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დავების ანალიზის ძირითადი მიგნებები წინასაარჩევნო პერიოდში:
- საარჩევნო კომისიის ფუნქციებსა და საქმიანობაში ჩარევისა და საარჩევნო კომისიის მუშაობაში ხელის შეშლის გამიჯვნის პრობლემა;
- უცხო ქვეყნის მოქალაქის მონაწილეობა აგიტაციაში;
- უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებაზე უარი;
- პოლიტიკური რეკლამის განთავსება არასაარჩევნო პერიოდში;
2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების კენჭისყრის დღისა და მომდევნო პერიოდის საარჩევნო დავების ანალიზის ძირითადი მიგნებები:
- ამომრჩევლის ნების კონტროლი და პერსონალური მონაცემების დაუცველობა;
- კომისიის წევრის ახსნა-განმარტება, როგორც ხარვეზის აღმოფხვრის „უნივერსალური საშუალება;“
- კომისიის წევრის მხრიდან ჩადენილი გადაცდომისას, დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებაზე უარის თქმა უხეში დარღვევის არარსებობის მოტივით;
- დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებით, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობა;
- საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებისას საოლქო საარჩევნო კომისიის დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების ფარგლები;
- სააპელაციო სასამართლოს გადაწვეტილების მხარისათვის გადაცემის ვადა;
- შესწორების ოქმის შედგენა ახსნა-განმარტებისა და ზეპირი მეხსიერების საფუძველზე.
კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა პროექტის -„საქართველოში კონკურენტული, სამართლიანი და ინკლუზიური საარჩევნო გარემოს ხელშეწყობა 2016-2018 საარჩევნო ციკლისთვის“ ფარგლებში. პროექტი მხარდაჭერილია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ. გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.