საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია დღეს, 1 თებერვალს გაიხსნა და 24 ივნისს დაიხურება. მოცემულ სესიაზე საქართველოს პარლამენტი განიხილავს რამდენიმე მნიშვნელოვან კანონპროექტს, რომელთა შორისაა:
1) “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე;
2) “თავისუფლების ქარტია”;
3) “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე.
საიამ პირველადი
დასკვნები - „
მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე, „
ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე - კანონპროექტებთან დაკავშირებით უკვე წარუდგინა საქართველოს პარლამენტს, ხოლო „
თავისუფლების ქარტიასთან“ დაკავშირებით წერილით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარეს.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აქტიურადაა ჩართული კანონშემოქმედებით პროცესში და საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობის ფარგლებში, სისტემატურად ამზადებს ექსპერტულ დასკვნებს მნიშვნელოვან კანონპროექტებთან დაკავშირებით. ასევე, საია შეიმუშავებს და საქართველოს პარლამენტს წარუდგენს საკანონმდებლო წინადადებებს.
საგაზაფხულო სესიის დასაწყისში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას სურს ყურადღება გაამახვილოს ზემოაღნიშნულ კანონპროექტებზე, რომელთაც შეუძლიათ მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებაზე:
1) საია მედს გამოთქვამს, რომ “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებები და დამატებები უზრუნველყოფს მაუწყებელთა მფლობელებისა და მათი ფინანსური მდგომარეობის რეალურ გამჭვირვალობას. საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანია ჰქონდეს ინფორმაცია ყველა იმ ფიზიკური პირის შესახებ, რომლებიც პირდაპირ თუ არაპირდაპირ ფლობენ მედია საშუალებას. ასევე, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია უფრო მეტი ფინანსური გამჭვირვალობის უზრუნველყოფა ამ სფეროში, დაფინანსების წარმოშობის შესახებ ინფორმაციის მიღების ჩათვლით. ხოლო ეროვნული მაუწყებლებისათვის თანაზომიერად მიგვაჩნია ფინანსური ანგარიშგების გამკაცრება, მათი აუდიტორიაზე გავლენის მოხდენის პოტენციალის გათვალისწინებით.
2) საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია კატეგორიულად ეწინააღმდეგება “თავისუფლების ქარტიის” არსებული რედაქციის კანონად ქცევას. აღნიშნული დოკუმენტი, სამწუხაროდ, 2 მოსმენით უკვე მიღებულია. “თავისუფლების ქარტიის” ზოგიერთი ნორმიდან საერთოდ შეუძლებელია აზრის გამოტანა და ავტორის ჩანაფიქრის გარკვევა. კანონპროექტის შინაარსობრივი და გრამატიკული გაუმართაობა ქმნის ადამიანის უფლებების დარღვევის მაღალ საფრთხეს. იგი მიზნად ისახავს ურთიერთობათა ფართო სფეროს რეგულირებას, თუმცა ვერ უზრუნველყოფს მათ სრულფასოვან მოწესრიგებასა და დასახული მიზნების განხორციელებას.
3) “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” საქართველოს კანონში გამიზნულია დამატების შეტანა. აღნიშნული გულისხმობს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ გამოცემულ ნაბეჭდ პროდუქციაზე წარწერის განთავსებას იძულებას. წარწერა შეეხება საქართველოს ტერიტორიების რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპაციას. ჩვენი მოსაზრებით, აღნიშნული დამატების მიღებისათვის მწვავე სოციალური საჭიროება არ არსებობს და ის არაპროპორციულად ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას. აუცილებლად მიგვაჩნია ნორმის მოქმედების არეალის შეზღუდვა, რათა ის არ გავრცელდეს ფიზიკურ პირებსა და კერძო სამართლის იურიდიული პირებზე. შესაბამისად, კანონპროექტი საჭიროებს მინიშვნელოვან გადამუშავებას, რათა შესაბამისობაში მოვიდეს საქართველოს კონსტიტუციასა და ევროკონვენციასთან.
საგაზაფხულო სესიაზე იგეგმება “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის პროექტისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პროექტის განხილვა, ასევე, მუშაობის დაწყება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავში (ინფორმაციის თავისუფლება) ცვლილებებისა და დამატებების შეტანის კუთხით.
საია დაინტერესებულია მოცემული საკითხებით და მანდატის გათვალისწინებით გეგმავს მონაწილეობის მიღებას სამუშაო პროცესში.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იმედს გამოვთქვამს, რომ საგაზაფხულო სესიაზე საქართველოს პარლამენტის მუშაობა იქნება ნაყოფიერი და ხელშესახები შედეგების მომტანი ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით.