საიას დახმარებით მოქალაქე საქართველოს მთავარი პროკურატურისაგან სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის გამო ზიანის ანაზღაურებას მიიღებს
საია-ს ქუთაისის ფილიალი სასამართლოში იცავდა ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი თავმჯომარის ინტერესებს, რომელსაც ბრალი ედებოდა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენით ის ცნობილი იქნა უდანაშაულოდ. საიას დახმარებით გ.გ.-მ მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის გამო მიყენებული ზიანის ანაზღაურება. სასამართლოს გადაწყვეტილებით, გ.გ. ზიანის ანაზღაურების სახით მიიღებს 6 324 ლარს.
საიას დახმარებით რამენიმე მოქალაქეთა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლდა, მათ შორის:
1. საიას თბილისის ოფისი იცავდა ბეჟან გუნავას, რომელიც 2015 წლის 25 დეკემბერს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შენობის წინ მიმდებარე აქციაზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის დააკავეს. აღნიშნული მუხლი გულისხმობს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას და ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას ჯარიმის სახით 250 ლარიდან 2000 ლარამდე ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ჩათვალა, რომ ბეჟან გუნავას ქმედება იყო მცირემნიშვნელოვანი გადაცდომა, ამიტომ, არ დააკისრა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა და შემოიფარგლა მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნით.
2. საიას დუშეთის ოფისის ადვოკატი იცავდა მოქალაქე დ. ლ,-ს ინტერესებს, რომელსაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის დაეკისრა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით და, ასევე, გარემოზე მიყენებული ზიანისათვის 606 ლარი. მცხეთის რაიონული სასამართლოს დადგენილება გასაჩივრებული იქნა თბილისის სააპელაციო სასამართლოში. საიას დუშეთის ადვოკატის დახმარებით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე დ.ლ.-ს წინააღმდეგ შეწყდა.
3. საიას ქუთაისის ფილიალის წარმომადგენელი სასამართლოში იცავდა მოქალქე გ.გ.-ს ინტერესებს, რომელსაც ქალაქ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე დაეკისრა ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით და მასვე დაევალა ხორცის სარეალიზაციო მაღაზიის დემონტაჟი.
სასამართლოს გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი სადავო ბრძანება და ქალაქ ქუთაისის საკრებულოს დაევალა, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა.
4. საიას ქუთაისის ფილიალი იცავდა რ.შ-ს ინტერესებს, რომელსაც საპატრულო პოლიციამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა და მართვის უფლების შეჩერების პერიოდში სატრანსპორტო საშუალების მართვის გამო 500 ლარით დააჯარიმა. საიას ქუთაისის ფილიალის დახმარებით რ.შ-მ ადმინისტრაციული ოქმი გაასაჩივრა სასამართლოში. სასამართლოს გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი რ.შ-ს მიმართ შედგენილი სამართალდარღვევის ოქმი.
5. ინდ. მეწარმეებს, გ.ა-ს, თ.პ-ს და ჯ.ს-ს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შედგენილი საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმების საფუძველზე შეფარდებული ჰქონდათ თითოეულს ჯარიმა 500 ლარის ოდენობით. საიას თელავის ოფისის დახმარებით, შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტმა ბათილად ცნო გამოცემული აქტები რის საფუძველზეც ინდ. მეწარმეები გათავისუფლდნენ უკანონოდ დარიცხული ჯარიმის გადახდისაგან.
6. საიას აჭარის ფილიალი იურიდიულ დახმარებას უწევდა ქალბატონ კ.ხ-ს, რომელიც საპატრულო პოლიციამ დააკავა საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე. ამასთან პოლიციის თანამშრომლები ამტკიცებდნენ, რომ დაკავებისას კ.ხ იმყოფებოდა არაფხიზელ მდგომარეობაში. საიას აჭარის ფილიალის დახმარებით მოქალაქემ დაამტკიცა, რომ დაკავების დროს იგი იმყოფებოდა ეპილეფსიური შეტევის ქვეშ, რის გამოც ვერ აკონტროლებდა საკუთარ ქცევას. ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა წარდგენილი არგუმენტები და კ.ხ-ს მიმართ შეწყდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება.
7. საიას ქუთაისის ფილიალი იცავდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების მძღოლის ინტერესებს, რომელმაც გადაუდებელი გამოძახებისას, უკუსვლით მოძრაობის დროს, დააზიანა სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა. მძღოლი საპატრულო პოლიციის მიერ დაჯარიმდა 250 ლარით.
საიას ქუთაისის ფილიალის დახმარებით კ.ღ-მ სამართალდარღვევის ოქმი გაასაჩივრა სასამართლოში. სასამართლოს გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი კ.ღ-ს მიმართ შედგენილი სამართალდარღვევის ოქმი და მის მიმართ შეწყდა საქმის წარმოება სამართალდარღვევის არარსებობის გამო.
საიას ქუთაისის ფილიალის დახმარებით იძულებით გადაადგილებულ პირს სამუშაოზე იძულებითი განაცდური აუნაზღაურდება
საიას ქუთაისის ფილიალი სასამართლოში იცავდა იძულებით გადაადგილებული პირის თ.ფ.-ს ინტერესებს, რომელიც 2014 წლის 25 აგვისტოს გათავისუფლდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საორგანიზაციო, საინფორმაციო და მატერიალურ ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობიდან.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მხარეებს შორის შედგა მორიგების აქტი, რომლითაც თ.ფ. სამსახურში აღდგენის გარეშე მიიღებს იძულებით განაცდურს.
საიას აჭარის ფილიალის დახმარებით მსჯავრდებულს ოჯახის წევრებთან შეხვედრის უფლება მიეცა
საიას აჭარის ფილიალი სამართლებრივ დახმარებას უწევდა მსჯავრდებულ ლ.მ-ს. მან განცხადებით მიმართა დაწესებულების დირექტორს ხანგრძლივი პაემნით სარგებლობის მოთხოვნით, რაზედაც დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით უარი ეთქვა იმ მოტივით, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე იგი სარგებლობდა ბრალდებულის სტატუსით. საიას დახმარებით ლ.მ-მ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, სადაც მისი მოთხოვნა დაკმაყოფილდა და დაწესებულებას დაევალა ლ.მ-ს ხანრგძლივი პაემნით უზრუნველყოფა.