სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

დამოკლეს მახვილი საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის თავზე

2022-02-22 13:19
Featured image

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია განიხილავს ლონდა თოლორაიას სარჩელს[1], სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დაშლისა და მის თანამდებობიდან ვადაზე ადრე გათავისუფლების შესახებ. 

მივყვეთ ქრონოლოგიურად:

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის 4 დღეში დაშლა

2021 წელს 27 დეკემბერი - საქართველოს პარლამენტის ბიურომ განიხილა მმართველი გუნდის[2] მიერ ინიცირებული კანონპროექტი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დაშლის და მისი ორად გაყოფის შესახებ.

2021 წლის 28 დეკემბერი - კანონპროექტი განიხილა: 1. ადამიანის უფლებათა დაცვისა სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა; 2. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა; 3. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა.

2021 წლის 29 დეკემბერი - პირველი მოსმენა პლენარულ სხდომაზე: 82 მომხრე, 13 წინააღმდეგი.

2021 წლის 30 დეკემბერი - მეორე მოსმენა პლენარულ სხდომაზე:  81 მომხრე, 11 წინააღმდეგი. მესამე მოსმენა: 81 მომხრე, 7 წინააღმდეგი.

შედეგად: 2022 წლის 1 მარტიდან უქმდება საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, რომლის უფლებამოსილებებიც ნაწილდება სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურზე. ამავდროულად, 1 მარტიდან უფლებამოსილება უწყდებათ მოქმედ სახელმწიფო ინსპექტორს ლონდა თოლორაიას და მის მოადგილეებს.

ვეტო

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, პარლამენტის მიერ მიღებული კანონის პრეზიდენტისთვის გადაგზავნიდან 2 კვირის ვადაში იგი უფლებამოსილია ხელი მოაწეროს ან მოტივირებული შენიშვნებით დაუბრუნოს პარლამენტს(ვეტო). 

2022 წლის 13 იანვარს საქართველოს პრეზიდენტმა არ გამოიყენა ვეტო. მისი განცხადებით: „ამგვარი სტრუქტურული ცვლილებების მიმართ არსებობდა და არსებობს განსხვავებული შეხედულებები, თუმცა ეს გადაწყვეტილება არ შეიცავს თავისთავად კატეგორიული ხასიათის სამართლებრივ წინააღმდეგობას. სამსახურის გაუქმება და ახალი სტრუქტურების დაარსება თავისთავად არ იძლევა საფუძველს პრეზიდენტის მხრიდან სამართლებრივი ხასიათის მოტივირებული შენიშვნებისათვის“.[3]

სარჩელი

ვეტოს არ გამოყენების შემდეგ, 2022 წლის 25 იანვარს ლონდა თოლორაიამ საია-ს დახმარებით მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს და სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობასთან ერთად 1 მარტამდე მათი მოქმედების შეჩერებაც მოითხოვა. 25 იანვარს საკონსტიტუციო სასამართლოს იგივე მოთხოვნებით მიმართა საქართველოს სახალხო დამცველმაც.[4]

შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ სარჩელი დარეგისტრირდა 28 იანვარს. საქმე განსახილველად გადაეცა საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის სასამართლო შემადგენლობიდან, საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტით დადგენილი წესის შესაბამისად, №1673 კონსტიტუციურ სარჩელზე მომხსენებელ მოსამართლედ დაინიშნა ვასილ როინიშვილი.[5]

დანგრეულის გამთელება

პარლამენტის მიერ სახელმწიფო ინსპექტორის დაშლის შესახებ კანონით გაიწერა შესაბამისი პროცედურები ვის მიერ, როდის და როგორ უნდა მომხდარიყო ორი ახალი სამსახურის უფროსის არჩევა. 

2022 წლის 15 თებერვალს საქართველოს პარლამენტმა პერსონალური მონაცემთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე ლელა ჯანაშვილს 77 ხმით, 2-ის წინააღმდეგ, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე კი კოკა (კარლო) კაციტაძეს 76 ხმით, 1 წინააღმდეგ მხარი დაუჭირა[6].

რატომ არის მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო სასამართლომ 1 მარტამდე შეაჩეროს გასაჩივრებული ნორმების მოქმედება?

სადავო ნორმების თანახმად, ლონდა თოლორაიას უფლებამოსილება უწყდება 2022 წლის 1 მარტს. საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის განხილვა მიმდინარეობს მინიმუმ 9 თვის ვადაში, რაც ნიშნავს იმას, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის, გადაყენებული იქნება სახელმწიფო ინსპექტორი, არჩეული იქნება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ახალი უფროსები. ასეთ ვითარებაში, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი ვერ გაუქმდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური და სპეციალური საგამოძიებო სამსახური, ვერ აღდგება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, თანამდებობას ვერ დაიბრუნებს სახელმწიფო ინსპექტორი. ამგვარად, გასაჩივრებული ნორმების შეუჩერებლობის შემთხვევაში მოსარჩელე განიცდის შეუქცევად ზიანს, რაც სარჩელის სრულად დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი ვერ გამოსწორდება. სხვა სიტყვებით, საქართველოს კანონმდებლობაში არ არსებობს სამართლებრივი მექანიზმი, რაც 2022 წლის 1 მარტის შემდეგ, ლონდა თოლორაიას მისცემს ადრინდელ თანამდებობაზე აღდგენის შესაძლებლობას.

ცვლის თუ არა რაიმეს პერსონალური მონაცემთა დაცვისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელის უფროსის თანამდებობაზე არჩევა?

საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო ნორმების შეჩერების საკითხის გადასაწყვეტად ერთმანეთს უნდა შეადაროს მოსარჩელისა და მესამე პირთა უფლებების შელახვის ინტერესი. 2022 წლის 15 თებერვალს სამსახურის უფროსად არჩეულ პირებს წარმოეშვათ ლეგიტიმური მოლოდინი, რომ 2022 წლის 1 მარტიდან დაიწყებენ შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელებას. ამის მიუხედავად, სადავო ნორმების შეჩერების შემთხვევაში მათი უფლებების დაცვის ინტერესი არ განიცდის შეუქცევად ზიანს. ნორმების შეჩერების შემთხვევაში შესაბამისი სამსახურის უფროსების უფლებამოსილების განხორციელების დრო გადაიწევს საკონსტიტუციო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე. თუკი საკონსტიტუციო სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებით დაადგენს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დაშლა შეესაბამებოდა კონსტიტუციას, ისინი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შეუდგებიან უფლებამოსილების განხორციელებას. გასაჩივრებული ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაში კი საფუძველი გამოეცლება მათ ლეგიტიმურ მოლოდინს - განახორციელონ საკუთარი უფლებამოსილებები. ამისგან განსხვავებით, როგორც უკვე აღინიშნა ლონდა თოლორაიას სადავო ნორმების მოქმედების შეუჩერებლობის შემთხვევაში მოსარჩელეს აღარ დარჩება სამართლებრივი ბერკეტი დაიცვას მისი ლეგიტიმური ინტერესები. აღნიშნულიდან გამომდინარე პერსონალური მონაცემთა დაცვისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელის უფროსის თანამდებობაზე არჩევა შედეგობრივად ვერ ასუსტებს ლონდა თოლორაიას მოთხოვნას - საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე შეჩერდეს გასაჩივრებული ნორმების მოქმედება.

სარჩელის შეტანის დღიდან 15 თებერვლამდე საკონსტიტუციო სასამართლოს შეეძლო სადავო ნორმების შეჩერების საკითხის განხილვა, რითაც შესაძლებელი გახდებოდა მოსარჩელისა და მესამე პირთა უფლებების კონფლიქტის თავიდან არიდება. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ზემოთ განხილული უფლებრივი კონფლიქტი სწორედ საკონსტიტუციო სასამართლოს უმოქმედობითაა შექმნილი, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს ართმევს მორალურ არგუმენტს მესამე პირთა ინტერესებს მიანიჭოს უპირატესი ძალა.

დამოკლეს მახვილი

დღეს 22 თებერვალია და საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის თავზე დამოკლეს მახვილი ჰკიდია, რომელიც ოთხი სამუშაო დღის დროითი ინტერვალით არის შემოსაზღვრული. 

საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიაზეა დამოკიდებული ოთხი სამუშაო დღის შემდეგ საქართველოში მცხოვრებ ადამიანებს საკონსტიტუციო სასამართლო შეგვიძლია თუ არა გამოვიყენოთ ჩვენი უფლებების დასაცავად. თუკი საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია შემდეგი 4 სამუშაო დღის განმავლობაში არ განიხილავს ლონდა თოლორაიას შუამდგომლობას, მისი უმოქმედობა გახდება მოსარჩელის უფლებების დარღვევის საფუძველი. საკონსტიტუციო სასამართლოს არსებობა სწორედ იმითაა გამართლებული, რომ აღკვეთოს ადამიანის უფლებათა დარღვევის შემთხვევები და შეაკავოს ხელისუფლების ავტორიტარული მიდრეკილებები. როდესაც საკონსტიტუციო სასამართლო უარს იტყვის საკუთარი დანიშნულების შესრულებაზე და ხელს შეუწყობს ერთი ადამიანის წინააღმდეგ სახელმწიფოს რეპრესიული პოლიტიკის განხორციელებას, ის თავისი ხელით დაამსხვრევს საზოგადოებაში მის მიმართ არსებულ ნდობას, რომლის გამთელება ურთულეს, ზოგ შემთხვევაში კი შესაძლოა შეუძლებელ რეალობად იქცეს.

 

ვასილ ჟიჟიაშვილი საკონსტიტუციო სამართალწარმოების იურისტი

შესაძლოა პოსტის შინაარსი არ ასახავდეს საიას პოზიციას 


[1] იხ: https://constcourt.ge/ka/judicial-acts?legal=13074

[2] კერძოდ:  საქართველოს პარლამენტის წევრები -  რატი იონათამიშვილი, გივი მიქანაძე, გიორგი ამილახვარი, ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, ალუდა ღუდუშაური, გურამ მაჭარაშვილი.

[3] იხ: https://www.radiotavisupleba.ge/a/31652661.html

[4] იხ: https://www.gyla.ge/ge/post/londa-toloraia-sakhelmtsifo-inspeqtoris-tanamdebobis-gauqmebas-sakonstitucio-sasamartloshi-asachivrebs

[5] იხ: https://www.facebook.com/Constitutional.Court.of.Georgia/posts/5498318586852211

[6] https://parliament.ge/media/news/parlamentma-personalur-monatsemta-datsvis-samsakhurisa-da-spetsialuri-sagamodziebo-samsakhuris-khelmdzghvanelebi-airchia