საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2024 წლის 20 აგვისტოს წარადგინა სასამართლო მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება პოლიტიკური პარტია “ლელო საქართველოსთვის” სარჩელზე, რომელიც ეხება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (შემდგომში - ცესკო) მიერ 2024 წლის 16 აგვისტოს მიღებულ დადგენილებას №32/2024 (შემდგომში - სადავო დადგენილება). სადავო დადგენილების მიხედვით, ყველა ტიპის საარჩევნო უბანზე კომისიის წევრთა ფუნქციების გასანაწილებლად წილისყრა კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-7 დღისა უნდა ჩატარდეს.
ცესკო სადავო დადგენილების მიღებისას ეყრდნობა საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის” (შემდგომში - საარჩევნო კოდექსი) მე-14 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტს. აღნიშნული დანაწესის მიხედვით, ცესკო უფლებამოსილია გამონაკლის შემთხვევაში, დადგენილებით განსაზღვროს ჩასატარებელი არჩევნების/გასამართი კენჭისყრის საარჩევნო ღონისძიებები და ვადები, თუ შეუძლებელი გახდა ამ კანონით დადგენილი გარკვეული მოთხოვნების შესრულება/ვადების დაცვა.
საიას შეფასებით, ცესკოს ცვლილებისთვის მითითებულ სამართლებრივ საფუძველს არასწორად განმარტავს. ცალსახაა, რომ საკანონმდებლო ნორმა ცესკოს მხოლოდ მაშინ აძლევს გამონაკლისის სახით კანონით განსაზღვრული ვადების შეცვლის შესაძლებლობას, როდესაც დადგენილ ვადაში კონკრეტული საარჩევნო ღონისძიება ვერ ესწრება. შესაბამისად, ცესკოს საარჩევნო კოდექსით არ აქვს მინიჭებული უფლებამოსილება, დადგენილებით შეცვალოს ვადები იმ პირობებში, როდესაც შეუძლებელი არ გამხდარა წილისყრის პროცედურების ჩატარება კენჭისყრის დღეს.
დასახელებული არგუმენტის სარწმუნოობას ეჭვქვეშ აყენებს ისიც, რომ არაელექტრონული უბნების შემთხვევაში უბნის გახსნიდან კენჭისყრის დაწყებამდე ჩასატარებელი პროცედურების რაოდენობა არ გაზრდილა. ამის საპირისპიროდ, პროცედურების ჩასატარებლად გამოყოფილი დროის მონაკვეთი 15 წუთით, ერთ საათსა და 15 წუთამდე გაიზარდა. დროის უკმარისობა არც ელექტრონული ტექნოლოგიებით აღჭურვილი უბნების შემთხვევაში გამოკვეთილა. მათ შორის, ტექნოლოგიების გამოყენებით რამდენჯერმე უკვე გაიმართა კენჭისყრა და არც ერთხელ არ გამოვლენილა რაიმე ლოჯისტიკური სირთულე, რაც დაკავშირებული იქნებოდა წილისყრის პროცედურების ჩატარებასთან.
მიუხედავად იმისა, რომ წილისყრის პროცედურის კანონით დადგენილი წესით ჩატარება, როგორც წესი, ყველა არჩევნების დროს პრობლემური იყო,1 საიას დაკვირვებით, იგი არ გამხდარა საარჩევნო უბნის დაგვიანებით გახსნის მიზეზი. ცესკოს სადავო რეგულირების არსებობა პრაქტიკული მაგალითებით არ დაუსაბუთებია. ამის ნაცვლად, აქცენტი გაკეთდა საარჩევნო პროცესის ორგანიზებულად წარმართვის სავარაუდო შესაძლო ხელშეშლაზე.
საიას არსებითად მნიშვნელოვნად მიიჩნევს წილისყრის პროცედურის არჩევნების დღეს ჩატარებას, რადგან იგი არ უკავშირდება საკითხის მხოლოდ ლოჯისტიკურ გადაწყვეტას. ეს უკანასკნელი, მათ შორის, უზრუნველყოფს გამჭვირვალობის პრინციპების დაცვას, ზრდის საარჩევნო პროცესებისადმი ნდობას და აზღვევს კომისიის ცალკეული წევრების მიმართ შესაძლო დაშინების და ზეწოლის შემთხვევებს. ქართულ რეალობაში სახელმწიფო ინსტიტუტების პოლიტიზებასთან დაკავშირებით არსებული ეჭვების პირობებში, კომისიის წევრთა ფუნქციების მინიმუმ შვიდი დღით ადრე გამოვლენა, აჩენს რისკებს, რომ შესაბამისი პოლიტიკური ინტერესის არსებობის შემთხვევაში, შერჩეული პირები აღმოჩნდნენ დაშინებისა და ზეწოლის მაღალი რისკის ქვეშ. მიუხედავად იმისა, რომ კომისიის წევრთა სრული შემადგენლობა საჯაროა, კონკრეტული ფუნქციების შესასრულებლად მათი წინმსწრებით შერჩევა, შერჩეულ პირებს ამგვარი რისკის პირობებში აყენებს.
შემოთავაზებული ცვლილება ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებისათვის არსებითად აუარესებს არჩევნებზე დაკვირვების პროცესს. კენჭისყრის პროცესის დაკვირვება მიუკერძოებელი და სანდო სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ თავისუფალი, თანასწორი და მიუკერძოებელი არჩევნების ჩატარების ერთ-ერთი წინაპირობაა. ეს პროცესი კი უნდა მოიცავდეს, მათ შორის, საარჩევნო უბნებზე კომისიის წევრებს შორის ფუნქციათა გადანაწილების პროცედურაზე დაკვირვებას, რამეთუ კომისიის წევრებს შორის ფუნქციური სიცხადე უზრუნველყოფს საარჩევნო უბანზე პროცესის შეუფერხებელ მიმდინარეობას, პროცესის გამართულობასა და თანმიმდევრულობას.
საიას შეფასებით, ცესკომ არასწორად განმარტა ორგანული კანონით მინიჭებული უფლებამოსილება და სადავო დადგენილება ცვლილების საჭიროების სათანადო დასაბუთებისა და ლეგიტიმური სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მიიღო. ერთგვაროვანი საკანონმდებლო მოწესრიგების საჭიროების შემთხვევაშიც კი, ცესკოს აღნიშნული მიზნისთვის უპირატესი სიკეთის დაზიანების გარეშე უნდა მიეღწია. შედეგად, სადავო ცვლილება აუარესებს საარჩევნო კანონმდებლობას, ართულებს სადამკვირვებლო ორგანიზაციების საქმიანობას და გაუმჭვირვალეს ხდის პროცესს.