ცენტრალური საარჩევნო კომისიის - ცესკოს წევრობა სხვა უამრავ მიზეზთან ერთად, ბევრისთვის ალბათ იმიტომაც არის სასურველი, რომ საჯარო სექტორში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ანაზღაურებაა. 2015 წელს ცესკოს მიერ დამტკიცებული განკარგულების თანახმად, ცესკოს თავმჯდომარის ანაზღაურება თვეში 5,500 ლარს შეადგენს, მოადგილის 4,700 ლარს, ხოლო კომისიის მდივნის 4,600 ლარს. რაც შეეხება კომისიის დანარჩენი 10 წევრი, მათი ანაზღაურება თვეში 3,900 ლარია (ამ თანხებში არ შედის დანამატი და პრემია, რომელიც არანაკლებ შთამბეჭდავია). თუმცა ეს არ არის ყველაფერი, საარჩევნო პერიოდში ცესკოს წევრის ანაზღაურება ორმაგდება. შესაბამისად თავმჯომარის ანაზღაურება 11,000 ლარი ხდება, მოადგილის 9,400 ლარი, მდივნის 9,200 ლარი, ხოლო სხვა წევრების 7,800 ლარი (ბოლო არჩევნების დროს გაორმაგებული ანაზღაურება ოთხი თვის განმავლობაში გაიცემოდა). გარდა ამისა, როგორც წესი ცესკოს წევრი უზრუნველყოფილია სხვადასხვა საკომუნიკაციო ხარჯით, რომელიც ჩვენივე ჯიბიდან ფინანსდება.
შეიძლებოდა ეს ამბავი აქვე დაგვესრულებინა, მაგრამ ყველაზე მთავარი ახლა იწყება.
მიმდინარე წლის აპრილის დასაწყისში, საქართველოს პარლამენტში ცესკოს ინიციატივით მომზადებული საკანონმდებლო წინადადება დარეგისტრირდა, რომლის თანახმადაც, ცვლილებები უნდა შევიდეს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" საქართველოს კანონში. ცესკოს წევრი და აპარატის მოხელეები კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლების მქონე სუბიექტების სტატუს მიიღებენ. კომპენსაციის დანიშვნის წინაპირობას წარმოდგენს 65 წლის ასაკის მიღწევა, ან არანაკლებ 25 წლის საერთო შრომის სტაჟი, საიდანაც მინიმუმ 6 თვე ცესკოს წევრის თანამდებობაზე მუშაობას უნდა მოიცავდეს.
პროექტის განმარტებით ბარათში არაფერი წერია თუ რატომ უნდა გადაუხადოს სახელმწიფომ მათ კომპენსაცია. სამაგიეროდ წერია, რომ ცესკოს წევრის კომპენსაციის ოდენობა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოქმედი წევრის ხელფასის მესამედი უნდა იყოს.
განმარტებით ბარათის ფინანსური დასაბუთების ნაწილში ვერაფერს ნახავთ აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროს შესახებ. ისევე როგორც არ წერია, თუ კანონპროექტის მიღება რა გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო და ხარჯვითი ნაწილების ცვლილებაზე. გავრცელდება თუ არა ცესკოს უკვე ყოფილ წევრებზე და აპარატის ყოფილ მოხელეებზე.
სამაგიეროდ განმარტებითი ბარათის მიხედვით ირკვევა, რომ წინადადების მომზადების პროცესში ცესკოს არავისგან მიუღია კონსულტაცია. შესაბამისად, არა არსებობს სახელმწიფო, არასახელმწიფო თუ საერთაშორისო ორგანიზაცია ან დაწესებულება ვისაც ამ პროექტის შესახებ დაეკითხა ცესკო.
განმარტებითი ბარათის ყველაზე გამართული და დასაბუთებული ნაწილია პასუხი კითხვაზე, რომელიც კანონპროექტის მოსალოდნელ ფინანსურ შედეგებს ეხება იმ პირთათვის, ვისზეც ეს კანონპროექტი ვრცელდება. ბარათში სიტყვა სიტყვით წერია, - „კანონპროექტის მიღება არ გააუარესებს იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობას, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება.“ დიახ, არ გააუარესებს და ძალიანაც რომ მოინდომოს რომელიმე მათგანმა ვერ გააუარესებს.
საინტერესოა ცესკოს თავმჯდომარესა და 12 წევრს შორის არის თუ არა ვინმე, ვინც ამ ცვლილების წინააღმდეგია და დაგვდებს თუ არა ვინმე პატივს გვითხრას, რატომ უნდა უხდიდეს სახელმწიფო კომპენსაციას ცესკოს წევრებს. წევრებს, ვინც ამ უფლება-მოვალეობის შესრულებისას სრულად არიან უზრუნველყოფილ სახელმწიფოს მიერ.
ცნობისათვის, ზემოთ აღნიშნული „გენიალური“ ინიციატივა იმ ქვეყნის ცესკოში დაიბადა, სადაც, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) თანახმად, ყოველი მეხუთე ბავშვი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს. ხოლო, ყოველი მეექვსე ბავშვი საარსებო მინიმუმზე ნაკლებს მოიხმარს. მსოფლიო ბანკის მიერ გასულ წელს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად კი საქართველოს მთელი მოსახლეობის 32.3% (1.4 მლნ) სიღარიბის ზღვარს მიღმაა. ამ ფონზე ჩვენ უახლოეს ხანში პარლამენტში ცესკოს წევრების კომპენსაციით უზრუნველყოფაზე უნდა ვიმსჯელოთ.