მე მედიასამართლის მიმართულებით ვმუშაობ და ვერც კი წარმომიდგენია სხვაგვარად. ვფიქრობ, ჟურნალისტების საქმიანობის მხარდაჭერის და ჩემი არჩევანის საჭიროებისათვის ძალიან ბევრი არგუმენტი მაქვს.
რატომ ვიცავ მედიას - ამ კითხვას ხშირად მისვამენ ჩემი გარშემომყოფები: იურისტები, საჯარო მოხელეები, ხანდახან მუდმივად გაკრიტიკებული ჟურნალისტებიც კი. პასუხის მოსაძებნად დიდი დრო არასოდეს მჭირდება. მაგრამ ახლა 2015 წლის 13 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიის ფონზე, კიდევ ერთხელ გამახსენდა ეს კითხვა - მართლაც რატომ ვიცავ მედიას ასე? რატომ მგონია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჟურნალისტების საქმიანობის ხელშეწყობა და განვითარება?
ჯერ კიდევ 1979 წლიდან არსებობს ევროპული სასამართლოს ძალიან კომპეტენტური მოსაზრება, რომ „პრესის როლს შეადგენს მისი, როგორც საზოგადოებრივი ინტერესების სადარაჯოზე მდგომის მოქმედება...მასზე დაკისრებულ ვალდებულებას წარმოადგენს ინფორმაციისა და შეხედულებების გავრცელება პოლიტიკურ საკითხებზე ისევე, როგორც საჯარო ინტერესების სფეროებზე. არა მხოლოდ პრესის ამოცანას წარმოადგენს ასეთი ინფორმაციის და მოსაზრებების გავრცელება, არამედ საზოგადოებასაც გააჩნია მათი მიღების უფლება“1
ამდენად, მედიის საქმიანობა მნიშვნელოვნად უკავშირდება ისეთ ცნებებს, როგორიცაა საზოგადოებრივი ყურადღება, საზოგადოებრივი ინტერესი, კერძო და საჯარო პირების ცხოვრება.
საზოგადოებრივი ინტერესი საკითხის შემჩნევის შემდეგ ჩნდება. საზოგადოებრივი ყურადღება კი ეს არის საზოგადოების ინტერესი (და არა ცალკეულ პირთა უბრალო ცნობისმოყვარეობა) იმ მოვლენისადმი, რომელიც დაკავშირებულია დემოკრატიულ სახელმწიფოში საზოგადოებრივი თვითმმართველობის განხორციელებასთან. ხშირ შემთხვევაში ეს განმარტებები უფრო ფართო ჭრილში გადადის და უკავშირდება ყველა პირს, რომლის გადაწყვეტილება ან აზრი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საზოგადოებრივ ცხოვრებაზე; ასევე მათაც, რომლისკენაც მისი გარკვეული ქმედების შედეგად ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით მიმართულია საზოგადოებრივი ყურადღება.
ყველა შეფასება ჩნდება და გამომდინარეობს მოვლენის თუ საკითხის პერსონალური აღქმიდან, შესაბამისად, ობიექტური პოზიცია ყოველთვის სუბიექტური დამოკიდებულების შედეგია. ამ პროცესში მნიშვნელოვანია, რომ ყველა წყაროდან მიღებული ინფორმაციის თავმოყრით მოხდეს ობიექტურობის უზრუნველყოფა. ქართული მედია (და არა მარტო ქართული) ამ ნაწილში ხშირად უშვებს შეცდომას, მასალებში ხშირად იგრძნობა ჟურნალისტების პოლიტიკური გემოვნება, არ არის დაცული ბალანსი/ჯეროვანი სიზუსტე, ხშირია არასამართლიანი მოპყრობის ფაქტები, უხეშად ირღვევა ხოლმე პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება...გაშუქების ამგვარი ხარვეზები ხშირად სამართლიანად იმსახურებს კრიტიკას. სამწუხაროდ, ჩვენს რეალობაში მედიის მიმართ დამოკიდებულება ძალიან ბევრჯერ ცდება ჯანსაღი კრიტიკის ფარგლებს და არ შეესაბამება ჟურნალისტებისათვის გამოხატვის თავისუფლებით მინიჭებულ სტანდარტებს. უმეტეს შემთხვევაში ამგვარი განწყობები ზეპირი ფორმისაა. დაინტერესებული პირები ნაკლებად იყენებენ ისეთ მექანიზმებს, როგორიცაა მაუწყებელთა თვითრეგულირება და ჟურნალისტთა ეთიკის კოდექსი.
მგონია, რომ ჩვენს დროში საზოგადოებას ინფორმირებულობის სურვილი გაათმაგებული აქვს. მიუხედავად ტექნიკის განვითარებისა, დღეს (მომავალშიც) ისევ ისე შეუძლებელი და წარმოუდგენელია ვიყოთ ყველგან, სადაც საინტერესო, მნიშვნელოვანი ამბები ხდება. ჩვენ კვლავაც გვჭირდება გონიერი, პატიოსანი ადამიანების მიერ მოკლედ და ზუსტად გადმოცემული სიახლეები. სხვაგვარად ადამიანი დაკარგავს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვან თვისებას „საქმის კურსში ყოფნის ინსტინქტს“, რომლის შევსებაც დღეს მედიის პასუხისმგებლობაა.
როცა პასუხისმგებლობის კონტექსტში სახელმწიფოს ვალდებულებებზე და საზოგადოების მოლოდინებზე ვფიქრობ, სულ მგონია, რომ ხელისუფლება იმ ადამიანების ერთობლიობაა, ვისაც „ვანდეთ ქვეყანა“ და შევუთანხმდით, რომ ამ ნდობის გამართლებაში თანხასაც გადავუხდით. ჩემი ეს დამოკიდებულება ახლოსაა საზოგადოებრივი ხელშეკრულების თეორიასთან, რომელსაც სხვაგვარად „ბუნებით სამართალსაც" უწოდებდნენ. ამიტომ მგონია, რომ ბუნებრივია საზოგადოება აკვირდებოდეს თუ როგორ სრულდება მისი დაკვეთა და მოითხოვოს შესაბამისი ანგარიშვალდებულების სისტემის შექმნა. ხშირად ეს გადაწყვეტა არ არის სასურველი საჯარო მოხელეებისათვის. ისინი ხშირად ხდებიან აგრესიულები ჟურნალისტების მიმართ, არ გასცემენ საჯარო ინფორმაციას, იყენებენ მათთვის შექმნილ მაღალ ტრიბუნებს მედიის როლის დასაკნინებლად...მაგრამ ხდება კრიტიკულ სიტუაციაში? - სტიქიური უბედურების ან არჩევნების წინ ჟურნალისტები ყველაზე საჭირო ადამიანები ხდებიან. ასეთ დროს ისინი მთავარ როლს ასრულებენ საზოგადოების ინფორმირებულობაში, გადაიქცევიან ხოლმე ყველაზე საჭირო პლატფორმად. ასე მოხდა 2015 წლის 13 ივნისის ღამესაც - ტელევიზიის და სოციალური მედიის წარმომადგენლები იქცნენ მოსახლეობისათვის ყველაზე საიმედო გზამკვლევად. 13 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიური უბედურება ქართული მედიის მთავარ თემად იქცა და თითქმის ყველა მედიასაშუალება საგანგებო რეჟიმში მუშაობდა. ძლიერი წვიმის და მდინარე ვერეს ადიდების გამო ქუჩების დატბორვის შესახებ ინფორმაცია, 13 ივნისს ღამის 12 საათისთვის გავრცელდა.
მომხდარის გაშუქება ტელეარხებიდან პირველმა რუსთავი 2-მა დაიწყო. გვიან ღამით, 02:30 წუთზე პირველი სპეციალური საინფორმაციო გამოშვება „კურიერი“ გავიდა . მანამდე არხი მაყურებელს მორბენალი სტრიქონით აწვდიდა ინფორმაციას. არხი პირდაპირ ეთერში, უწყვეტ რეჟიმში დარჩა დილის 6 საათამდე. მაყურებელს სთავაზობდნენ განახლებულ ინფორმაციას, გადამღები ჯგუფები სხვდასხვა უბნებში მუშაობდნენ. „კურიერი“ ეთერში ერთ საათში დაბრუნდა და 14 ივნისს მთელი დღის განმავლობაში ყოველ საათში ერთხელ გადიოდა ეთერში. საღამოს კი, ტოქ შოუ „არჩევანის“ გაუშვეს ეთერში, სადაც სტუმრებთან ერთად განიხილეს როგორც სტიქიის შედეგები, ასევე ის მიზეზები რამაც ეს შედეგები გამოიწვია.
შედარებით გვიან, ღამის 3 საათზე გავიდა სპეციალური საინფორმაციო გამოშვება „იმედის“ ეთერში და 05:23 წუთამდე გადასცემდა სტიქიის ამსახველ კადრებს უკომენტაროდ. 15 ივნისს კი საინფორმაციო გამოშვება სტიქიის ზონიდან მიჰყავდათ წამყვანებს.
„იმედის“ საინფორმაციო გამოშვება სტუდიიდან მხოლოდ 14 ივნისს 11:00 საათზე გავიდა. ამის შემდეგ არხმა საგანგებო რეჟიმში დაიწყო მუშაობა - თბილისში სხვადასხვა წერტილიდან რთავდნენ ჟურნალისტებს პირდაპირ ეთერში და განახლებულ ინფორმაციას აწვდიდნენ მაყურებელს. უკომენტაროდ სთავაზობდნენ ღამით გადაღებულ კადრებსაც. საღამოს 8 საათზე ეთერში გაუშვეს „იმედის კვირა“, სადაც მოწვეულ სტუმრებთან ერთად იმსჯელეს მომხდარზე და მაყურებელს ბოლო ინფორმაცია მიაწოდეს.
17 ივნისს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერით ეკა ხოფერიას საქველმოქმედო გადაცემის „იმედი თბილისისათვის“ მეშვეობით სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად 1 563 197 ლარი შეგროვდა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა საკუთარ მაყურებელს მომხდარი სტიქიური უბედურების შესახებ გვიან ღამით, 03:10 წუთზე ამცნო. საინფორმაციო გამოშვება „მოამბე“ პირდაპირ ეთერში რთავდა ჟურნალისტებს, რომლებიც სტიქიის ზონაში იმყოფებოდნენ და უწყვეტ რეჟიმში ავრცელებდა განახლებულ ინფორმაციას 06:10 წუთამდე.
ამ თემას მიეძღვნა გადაცემა „რეალური სივრცე“ და სტუმრებთან ერთად განიხილეს ღამით მომხდარი სტიქიური უბედურება.
„მაესტრომ“ საკუთარ მაყურებელს ღამით განვითარებული მოვლენების შესახებ 14 ივნისს დილით 12:00 საათზე ამცნო. მანამდე ეთერში ფილმები და სერიალები გადიოდა. წამყვანმა აღნიშნა, რომ ტექნიკური გეგმიური სამუშაოები მიმდინარეობდა და არხმა ღამით ეთერში გასვლა ვერ შეძლო მიუხედავად იმისა, რომ გადამღები ჯგუფები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.
„კავასიის“ ეთერში, არც გვიან ღამით და 14 ივნისს მთელი დღის განმავლობაში, არც ერთი საინფორმაციო გამოშვება არ გასულა. ამ ტელეკომპანიამ საკუთარ მაყურებელს სტიქიური უბედურების შესახებ დღენახევრით გვიან, მხოლოდ 15 ივნისს 17:00 ამცნო.
Mediacheker-ის შეფასებით, არც ერთ არხზე, რომელიც მომხდარ ტრაგიკულ მოვლენებს ოპერატიულ რეჟიმში აშუქებდა, არ მომხდარა გარდაცვლილების იდენტიფიცირება, ოფიციალური ინფორმაციის გავრცელებამდე. მაუწყებლებს არ გადაუციათ გადაუმოწმებელი ინფორმაცია გარდაცვლილების შესახებ, არ უჩვენებიათ ახლო კადრით ცხედრები და არ შეულახავთ დაზარალებულთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება. მაუწყებელთა ქცევის კოდექსის შესაბამისად, წინა ღამით გადაღებულ მასალას, ეთერში გაშვებისას, მითითებული ჰქონდა კადრების გადაღების თარიღი, რითიც თავიდან იქნა აცილებული მაყურებლის შეცდომაში შეყვანა.
სტიქიის ზონაში ჟურნალისტები ურთულეს რეჟიმში მუშაობენ, მუშაობენ იმაზე მეტს, ვიდრე ამას ნებისმიერი პოლიტიკოსი აკეთებს ქვეყანაში. უმეტესად მათი სიცოცხლე არც სპეციალური ცოდნით ან ტექნიკით არ არის დაზღვეული. ვუყურებ მათ გაბედულ საქციელს და მახსენდება ყველა საქმე ჟურნალისტების დასაცავად რომ ვაწარმოვე და კიდევ ერთხელ ვრწმუნდები ჩემი პროფესიული არჩევანის ღირებულებაში.
ვიცი, კიდევ დიდხანს იქნება დავა იმის შესახებ უნდა დაედგა თუ არა სცენა რუსთავი 2-ს ვერეს ნაპირას, უნდა მოეწვია თუ არა კონკრეტულ ტელევიზიას კონკრეტული სტუმარი. ეს დავები და განხილვები თანმდევი შედეგი მგონია. მუშაობის თანმხვედრი შედეგი.
რა თქმა უნდა, ჟურნალისტების მიერ პროფესიული სტანდარტები ხშირად ირღვევა. შეცდომისაგან დაზღვეული არავინაა. ჟურნალისტების შეცდომები, მათი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ყველაზე შესამჩნევია. ვფიქრობ, ეს ყველაფერი პირველ ხაზზე ყოფნის ნაწილია. მე მხარს ვუჭერ ამ მამაცი პროფესიის ადამიანებს, რადგან ცხოვრებისეული მოვლენების მეორე და შემდგომ ხაზზე მყოფებისაგან ამგვარი გამძლეობის ნაკლები მოლოდინი მაქვს.
მედიის საქმიანობის დადებითი თუ უარყოფითი მხარის შეფასებისას, ზუსტად ვიცი, რომ კიდევ უფრო მეტი ენერგიით და ენთუზიაზმით ვიმუშავებ ჟურნალისტებთან ერთად. ვიმუშავებ, რადგან გაძლიერდეს საზოგადოებრივ მაუწყებელში საიმედო და მაღალი სტანდარტის პროფესიული სივრცეები, შეძლოს ყველაზე პრაქტიკულმა და გამოცდილმა რუსთავი 2-მა თავისი მნიშვნელოვანი საქმიანობის გაგრძელება, კიდევ უფრო ხელმისაწვდომი იყოს მრავალფეროვანი ინფორმაცია მიმდინარე მოვლენებზე სხვადასხვა ტელე და რადიო არხების მეშვეობით, გაძლიერდეს ონლაინმედიის სანდოობა, გამომძიებელი ჟურნალისტების დახმარებით ღია გახდეს ბევრი გადაფარული თემა, მართლაც იქცეს ციფრული პლატფორმა მედიაპლურალიზმის გარანტიად. კიდევ უფრო მეტი ინტერესით დავეხმარები მედიას მიიღოს ინფორმაცია ადმინისტრაციულ ან/და სასამართლო წარმოების ეტაპზეც, რათა გაარკვიონ რეალური ინფორმაცია ქალაქ თბილისის მერიიდან იმაზე თუ როგორ იწერება დედაქალაქის დაგეგმარების ახალი გეგმა, მოიძიოს და დააზუსტოს ინფორმაცია რამდენად სწორად არიან შერჩეული კადრები საპასუხისმგებლო თანამდებობებზე, გადაამოწმონ (მიუხედავად შესაბამისი კანონების არარსებობისა) ახერხებს თუ არა ეკლესია მისთვის გადაცემული მნიშვნელოვანი ფინანსური სახსრების ეფექტურად მოხმარებას ადამიანების მხარდასაჭერად, გამოიკვლიოს რამდენად დაცულია ადამიანების პირადი ცხოვრება თუ გამოხატვის თავისუფლება, რა ხერხებით ცდილობს მთავრობა გათვალოს და თავიდან აირიდოს პოლიტიკური, ეკონომიკური, ეკოლოგიური საფრთხეები, რას გვპირდებიან და რას ასრულებენ ჩვენს ირგვლივ... ამასთან ერთად ძალიან მძაფრი და კრიტიკული რეაგირება მექნება მედიის წარმომადგენლების მიმართ გულგრილი და აგდებული დამოკიდებულებებზე კაბინეტური ჩარჩოების მოყვარული საჯარო მოხელეების მხრიდან რომ მოდის მუდმივად.
ამ დღეების შემდეგ კიდევ ერთხელ გავეცი პასუხი კითხვას თუ რატომ ვიცავ მედიას - იმისთვის, რომ უფრო მეტად გამჭვირვალე, დაცულ და საინტერესო გარემოში ვიცხოვროთ.
1 Case: “Sunday Times vs United Kingdom” (1979)
ნათია კაპანაძე
საიას გამგეობის წევრი