„სასამართლო განმარტავს რომ ადმინისტრაციული აქტის მოქმედების შეჩერების თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში ნათელი უნდა იყოს ამ ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა.“ - ასე იწყებს შაბლონური განჩინების ერთ-ერთ აბზაცს მოსამართლე როხვაძე "ბათუმი რივიერასთან" დაკავშირებით. ასევე განმარტავს; „განსახილველ შემთხვევაში მხარე ვერ ასაბუთებს სადაო აქტის მოქმედების შეჩერების გადაუდებელ აუცილებლობას, მხარე ვერ მიუთითებს იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის გამოც მისი გადაუდებელი აღსრულება არსებით ზიანს მიაყენებს მათ ან საკითხის არსებით განხილვამდე შეუძლებელს გახდის მათი კანონიერი უფლებების ან ინტერესების დაცვას.“
კითხულობ ასეულობით გვერდისგან შემდგარი სარჩელისა და მტკიცებულებების პასუხს და განცდა გრჩება, რომ მოსამართლემ უბრალოდ არ წაიკითხა სარჩელი, არ დაინტერესდა მითითებული ფაქტებით, არც საექსპერტო დასკვნებს გაეცნო და ისე მიიღო გადაწყვეტილება. მას არ უფიქრია, რომ მოსამართლის კონკრეტული განჩინება არაა უბრალოდ თაბახზე აკრეფილი ტექსტი, მას რეალური ზემოქმედება ექნება ადამიანებზე და ქალაქ ბათუმის მომავალზე.
სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია რომ ადმინისტრაციულ დავებში ბევრი მოსამართლისთვის მართლმსაჯულების განხორციელება მომაბეზრებელ რუტინადაა ქცეული. რუტინად, სადაც ოჯახში ძალადობის შემთხვევას, მშენებლობის ნებართვაზე უარს და მოხელის სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებას ერთი დასაბუთება აქვს. საქმის სამართლებრივი გააზრების გარეშე, შაბლონურად იწერება განჩინებები და გადაწყვეტილებები.
დაუსაბუთებელი განჩინების კითხვისას, ხვდები რა ამაოა სამოსამართლეო ეთიკის ჩანაწერი (პრეამბულა) რომლის მიხედვითაც საქართველოს მოსამართლეები აცნობიერებენ, რომ საზოგადოებრივი რწმენა სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობაში წარმოადგენს დემოკრატიული საზოგადოების უმთავრეს ღირებულებას.
მერე გახსენდება 20-21 ივნისის სამართალდარღვევის საქმეებიც, სადაც ადმინისტრაციული კოლეგიის მოსამართლეთა თითქმის მთლიანი კოლექტივი კანონმდებლობის და სხვა საქმეებზე თავისივე დამკვიდრებული პრაქტიკის საწინააღმდეგოდ, კონვეირული პრინციპით უშვებდა პატიმრობაში ადამიანებს. მერე იაზრებ, რომ ეს კონკრეტული მოსამართლის პრობლემა აღარაა და აწყობილი მახინჯი სისტემაა. სისტემა, რომელიც როცა ინტერესია ადამიანის ციხეში გაშვების, დაცვის მხარეს 1 საათს აძლევს მოწმის მოსაძიებლად, ხოლო მეორეს მხრივ, ჰესების საქმეზე წლები არ ჩანიშნავს საქმეს, შემდგომ კი ზუსტად 1 წელი მოანდომებს საქმის აპელაციაში გადაგზავნას.
ვერ წარმოვიდგენდი, 2011 წელს როდესაც სამართლის სწავლა გადავწყვიტე, თუ ასეთი ცუდი სისტემა დამხვდებოდა. სამართლის სტუდენტი ვერ დავიჯერებდი, რომ მოსამართლეები დაარღვევდნენ კანონს და ეს ჩვეულებრივი ამბავი იქნებოდა. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ვიცხოვრებდი ქვეყანაში, სადაც სამინისტრო მოქმედებას მხოლოდ ფეისბუქ პოსტის შემდეგ დაიწყებდა. ან ადმინისტრაციული ორგანოები გასაჩივრების მექანიზმს გამოიყენებდნენ ყველგან და ყოველთვის იმის მიუხედავად, ჰქონდა თუ არა საქმეს პერსპექტივა. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ვიცხოვრებდი ქვეყანაში, სადაც ყველაზე ავტორიტეტული საექსპერტო ბიუროები სახელმწიფოს მიერ დასახიჩრებულ ადამიანებს გაყინული სახეებით უპასუხებდნენ- ადმინისტრაციული წარმოება მიდის (კეთილი ინებოს და მოიცადოს უსასრულოდ), შემდეგ კი ფესიბუქ სტატუსის რიდით, ერთი ღამე ეყოფოდათ ყველაფრის გასაკეთებლად. ვერ ვიფიქრებდი, რომ 2021-შიც პოლიტიკოსების და არა დამოუკიდებელი მართლმსაჯულების განსახილველი საკითხი იქნებოდა კონკრეტული პირების დანაშაულის თუ უდანაშაულობის საკითხი.
ბოლოს, მოჩვენებითია კმაყოფილების განცდა, რომ დღეს გამამტყუნებელი განაჩენები 95% + არაა, როგორც წინა წლებში იყო. არც იმან უნდა დაგვამშვიდოს, რომ ჩვენზე უარესი ქვეყნებიც არსებობენ, სადაც უკიდურესად არათავისუფალი გარემოა და ხალხს ფიზიკურად ანადგურებენ. იქ რომ გვნდომოდა დარჩენა ალბათ 9 აპრილი არ იქნებოდა. არ მგონია, რომ იმისთვის ვიბრძოდით, იმისთვის ვრჩებოდით ალმოდებულ ქალაქში, იმისთვის არ ვაბიჯებდით დროშას ფეხს, რომ მერე ასეთი სახელმწიფო გვქონოდა.
კეთილი ვინებოთ, გავაცნობიეროთ ჩვენი საქმიანობის მნიშვნელობა და ვიყოთ მეტად ღირსეული მისი განხორციელებისას. თუ არ გვეძლევა ამის საშუალება ვილაპარაკოთ ხმამაღლა, ჩვენ საზოგადოებამ კი ხელი შევუწყოთ სისტემის სიმახინჯეზე ალაპარაკებულებს. მხოლოდ ასე ავაშენებთ სახელმწიფოს, სადაც საზოგადოებას აქვს მართლმსაჯულების რწმენა, მოსამართლეებს კი საშუალება, რომ დამოუკიდებლად განახორციელონ სამოსამართლეო საქმიანობა. მხოლოდ ასე ჩავთვლით, რომ ამაო არ ყოფილა ბრძოლა უკეთესობისათვის.
გიორგი ანთაძე საიას იურისტი
შესაძლოა პოსტის შინაარსი არ ასახავდეს საიას პოზიციას