საჯაროდ გავრცელებული წყაროების მიხედვით 2023 წლის 2 ივნისს ქ. თბილისში საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე მშვიდობიანი აქციის დროს ბანერის გაშლის გამო დააკავეს ადვოკატი შოთა თუთბერიძე. დამატებით ვრცელდება ინფორმაცია სხვა დაკავებულებზეც.
მშვიდობიან აქციაზე ბანერის გაშლის გამო პირის დაკავება ცდება პოლიციის კონსტიტუციურ ჩარჩოში მოქმედების ფარგლებს. სამართალდამცავების მხრიდან უფლებამოსილების ამგვარი დემონსტრირება აზიანებს გამოხატვის თავისუფლებას და არ შეესაბამება ქვეყანაში მოქმედ კანონმდებლობასა და საერთაშორისო სტანდარტებს, ძირს უთხრის სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპს, კიდევ უფრო აუარესებს თავისუფალი სიტყვისა და გამოხატვისთვის არსებულ მდგომარეობას, რომელიც ქვეყანაში მზარდად რეპრესირებადია.
მოვუწოდებთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს:
- დაუყონებლივ გაათავისუფლოს ადვოკატი შოთა თუთბერიძე და სხვა დაკავებულები;
- არ გასცდეს უფლებამოსილების ფარგლებს და აქციის მონაწილეებს მისცეს პროტესტის მშვიდობიანი ფორმით გამოხატვის შესაძლებლობა.