სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორისთვის უნდობლობის გამოცხადების ერთ-ერთი საფუძველი მრჩეველთა საბჭომ დღევანდელი გადაწყვეტილებით თავადვე ეჭვქვეშ დააყენა

2019-04-25 20:14
Featured image

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის განცხადება

 

სსიპ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭომ განიხილა და მიიღო გარე აუდიტის ფინანსური ანგარიში, სადაც აღნიშნულია, რომ ,,სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს წარმოდგენილი საბიუჯეტო ფინანსური ანგარიში 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ყველა არსებითი ასპექტის გათვალისწინებით, შეესაბამება 2014 წლის 31 დეკემბერს ფინანსთა მინისტრის №429 ბრძანებით დამტკიცებული „საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის და ფინანსური ანგარიშგების შესახებ ინსტრუქციას.“

კანონმდებლობის თანახმად, სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭო ვალდებულია 1 აპრილამდე გამოაქვეყნოს  და აჭარის უმაღლეს საბჭოს წარუდგინოს გასული წლის ანგარიში, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს გარე აუდიტის დასკვნა. საბჭომ 2018 წლის ანგარიში 1 აპრილს გამოაქვეყნა, თუმცა გარე აუდიტის დასკვნა დღეს, 25 აპრილს განიხილა, მას შემდეგ, რაც ტელევიზიის დირექტორს უნდობლობა გამოუცხადა. ეს მაშინ, როდესაც უნდობლობის ერთ-ერთ საფუძვლად ფინანსური დარღვევები იყო მითითებული.

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის მიიჩნევს, რომ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით კიდევ უფრო მეტი კითხვა გაჩნდა ტელევიზიის დირექტორისთვის უნდობლობის გამოცხადების სამართლებრივ საფუძვლებთან დაკავშირებით.

 

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის წევრები:

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია  

მედიაკლუბი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი

ღია საზოგადოების ფონდი

რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი

ლიბერალური აკადემია თბილისი

საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია

სატელევიზიო ქსელი

საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორთა ასოციაცია

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა