სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

ასოციაცია „ჭიათურელთა კავშირი“ გარემოს დაცვის სადარაჯოზე

2024-05-20 12:30
Featured image

ჩვენ შესახებ

„ჭიათურელთა კავშირი“ არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომლის საქმიანობის არეალი, უმთავრესად, ჭიათურის მუნიციპალიტეტსა და იმერეთის რეგიონს მოიცავს. ორგანიზაციის ძირითადი სამუშაო მიმართულებებია: ადამიანის უფლებების დაცვა, სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება; ახალგაზრდული, ჰუმანიტარული, საგანმანათლებლო, საქველმოქმედო და გარემოსდაცვითი საქმიანობა. კავშირი აერთიანებს 70-მდე ადამიანს, ასევე, 150-მდე მოხალისეს. მათ შორის, 70% ქალია. ორგანიზაცია მუდმივად არის გარემოს დაცვის სადარაჯოზე. ჩვენ გვჯერა, რომ ეკონომიკური კეთილდღეობის მიღწევა შესაძლებელია მაშინ, როდესაც დაცულია წონასწორობა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, ბუნებრივი რესურსების გამოყენებასა და კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობას შორის.

ჩვენს ბაზაზე ასევე შეიქმნა ჭიათურის სტუდენტური კავშირი და მოსწავლეთა საკრებულო. ახალგაზრდები აქტიურად არიან ჩართულნი ადვოკატირების კამპანიაში, ეუფლებიან არაფორმალურ განათლებას, თანამშრომლობენ, განსაკუთრებით, ტყიბულელ და ზესტაფონელ თანატოლებთან, მათ შორის, კლიმატის ცვლილების საკითხებზე, გაშენებული აქვთ 10 ჰა-ზე მეტი ტყე დეგრადირებულ ნიადაგებზე.

ორგანიზაცია ცდილობს, საკუთარი ქვეყნის (და არა მხოლოდ) სიყვარული ასწავლოს მომავალ თაობებს, სკოლის ასაკიდან დაანახოს ის „ჭრილობები“, რომლებიც მრავლადაა მათ საცხოვრებელ გარემოში დამოუკიდებელი საქართველოს შენების გზაზე.

წარმატებული პროექტები

- ჭიათურაში მანგანუმის უსისტემო მოპოვების შედეგად არსებულ მძიმე ეკოლოგიურ პრობლემებზე, რომლებიც უარყოფითად აისახება ადამიანის ჯანმრთელობაზე, ასოციაციის წევრები 2010 წლიდან მუშაობენ. 2011-2014 წლებში ორგანიზაცია ახორციელებდა ჭიათურის გარემოსდაცვით და წყალმომარაგების ადვოკატირების პროექტებს, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის – „საქართველოში საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება (G-PAC)“ ფარგლებში, USAID-ის მხარდაჭერითა და დაფინანსებით. ასოციაციის ადვოკატირების შედეგად, მუნიციპალიტეტში დაწესდა გარემოსდაცვითი კვირეული, ასევე, დაინიცირდა და გამოიცა ორი ნორმატიული აქტი, რომლებმაც ნაწილობრივ დაარეგულირა წიაღის მზიდი მანქანების გადაადგილება ქალაქის ქუჩებში.

USAID-ის მხარდაჭერით, ადვოკატირების კამპანიის შედეგად, ჭიათურისთვის გამოიყო 36 მილიონი ლარი და მთლიანად შეიცვალა ქალაქის წყალმომარაგების ქსელი.

- ამავე ფონდის დაფინანსებით, „ჭიათურელთა კავშირმა“ განახორციელა ყველაზე მნიშვნელოვანი და საჭირო ადვოკატირების პროექტი ჭიათურის ისტორიაში, სუფთა სასმელი წყლის 24-საათიანი მიწოდების გადაწყვეტილების მიღება და ბიუჯეტში

მრავალმილიონიანი თანხების გათვალისწინება ქსელის სრული რეაბილიტაციისთვის. ადვოკატირების კამპანიამ, რომელიც „საიას“ ქუთაისის ფილიალთან მუდმივი კონსულტაციების შედეგად შემუშავდა, ასევე, საზოგადოების ჩართულობამ გადამწყვეტი როლი ითამაშა საკითხის მოგვარებაში.

- 2013-2015 წლებში კავშირმა განახორციელა GEF/SGP/UNDP-ის პროექტი „მანგანუმის მოპოვების შედეგად დეგრადირებული ნიადაგების აღდგენა ჭიათურის მუნიციპალიტეტში“. გამწვანდა 3,5 ჰა ქალაქის მიმდებარე ტერიტორიაზე, რამაც შეამცირა მეწყრული პროცესების განვითარების რისკი. მუნიციპალიტეტმა პეტიციის პასუხად მომავალი წლებისთვის გარკვეული თანხა გამოყო.

- ქალაქის მიმდებარე სოფლებში (რგანი, ბუნიკაური, შუქრუთი, ზედა რგანი, წირქვალი, ზოდი, დარკვეთი) ტექნიკური წყლის დეფიციტიც იყო. 2015-2016 წლებში „ევროპის ფონდის“ პროექტის „სასმელი წყალი და ჭიათურის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგების მართვის სისტემაში არსებული პრობლემების ადვოკატირება და მონიტორინგი“ ფარგლებში, ადვოკატირების კამპანიის შედეგად, დაიწყო სასმელი წყლის ქსელის ტექნიკური რეაბილიტაციის პროცესი.

- 2017-2018 წლებში GEF/SGP/UNDP-ის მხარდაჭერით განხორციელდა პროექტი „ქალებისა და ახალგაზრდების გაძლიერება და მათი ჩართვა ბუნებრივი რესურსების მართვაში ჭიათურის მუნიციპალიტეტში“, რომლის ფარგლებშიც 2,5 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე მოხდა ნიადაგის რეკულტივაცია და დაირგო ნერგები. ასევე, აქცენტი გაკეთდა ახალგაზრდების არაფორმალურ განათლებაზე (ტრენინგები დაბა ბაკურიანში). დაიბეჭდა და გამოიცა ჭიათურის ადგილობრივი გარემოს დაცვის 5-წლიანი გეგმა (აგსგ), რომელიც განკარგულების სახით მიიღო მუნიციპალიტეტის საკრებულომ.

- 2018 წელს განხორციელდა CIDA-ს პროექტი „კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების რესოციალიზაცია”.

- 2019 წელს განხორციელდა „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ პროექტი „ეკოლოგიური მდგომარეობის შემსუბუქება ჭიათურის მუნიციპალიტეტში კორპორაციულ-სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლების გზით“. მოხდა ნიადაგის რეკულტივაცია და გამწვანდა ქალაქის მიმდებარე ტერიტორია, რის შედეგადაც კიდევ უფრო შემცირდა ამ ლოკაციებზე მეწყრული პროცესების რისკი.

- ამავე დონორი ორგანიზაციის მხარდაჭერით, „ჭიათურელთა კავშირისა“ და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით ჩატარებული ადვოკატირების კამპანიის შედეგად, აიკრძალა ქალაქის ქუჩებში მანგანუმის წიაღის მზიდი მანქანებით მზა კონცენტრატის გადაზიდვა ზესტაფონის მიმართულებით. აგრეთვე, აშენდა სამი მოედანი რკინიგზის ჩიხით, საიდანაც დაიწყო ზესტაფონის ფეროს მიმართულებით მანგანუმით დატვირთული ვაგონების გადაადგილება, რამაც მნიშვნელოვნად განტვირთა ქალაქში მძიმეწონიანი მანქანების მოძრაობა.

- 2019-2020 წლებში, NDI-ის მხარდაჭერით, მინი-გრანტების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა პროექტი „ჭიათურის მანგანუმის საბადოს გავლენა ნიადაგებზე - შეფასებითი ანალიზი“, რომლის შედეგად, გამოიკვეთა ის საკანონმდებლო ხარვეზები და მეწარმეთა მიერ წიაღის არაცივილიზებული გზით მოპოვების პრაქტიკის მიზეზები, რომლებიც ხელს უშლის მანგანუმის მოპოვების შემდეგ გარემოს მდგომარეობის შემსუბუქებას.

- 2020 წელს საიას მინი-გრანტების პროგრამით მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ სვერის საბავშვო ბაღში სრულად მოწესრიგდა წყლის და სანიტარია-ჰიგიენის საკითხები.

- 2022-2023 წლებში „ჭიათურელთა კავშირმა“ GEFF/SGP/UNDP-ის მიერ დაფინანსებული პროექტის „ჭიათურა მწვანე ქალაქი - მოქმედების დროა“ ფარგლებში მოამზადა დოკუმენტი - კონცეფცია „ჭიათურა მწვანე ქალაქი - მოქმედების დროა“, რომელიც მომავალში საფუძვლად დაედება 2030 წლამდე პერიოდის ახალი ჭიათურის ადგილობრივ გარემოსდაცვით სამოქმედო გეგმას (აგსგ). კონცეფცია ასახავს გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო-კონვენციის (UNFCCC) პარიზის შეთანხმების ფარგლებში, საქართველოს ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის დოკუმენტის (NDC) შესაბამისად, სათბური აირების ემისიების შემცირების გრძელვადიან ხედვას 2030 წლისთვის. ამავე პროექტის ფარგლებში, ადვოკატირების კამპანიის შედეგად, საიას ქუთაისის ფილიალთან კონსულტაციებისა და მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან ერთობლივი შეხვედრებით, პეტიციების წარდგინებით გადაწყდა, რომ შექმნილიყო ზედამხედველობის სამსახური გაზრდილი უფლებამოსილებით. ამავე პროექტის ფარგლებში აღდგა და გამწვანდა 2ჰა-მდე ფართობი. დაირგო 1800 ნერგი. ასევე, ცვლილებები შევიდა ნორმატიულ აქტში წიაღის მზიდი მანქანების მოძრაობის რეგულირებასთან დაკავშირებით, რომლის კონტროლი ახლად შექმნილი მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის უფლებამოსილებაში შევიდა.

- ასოციაცია „ჭიათურელთა კავშირი“ 2021 წლის იანვრიდან CENN-ის, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს „საქართველოს კლიმატის პროგრამა (GEO-CAP): სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობა კლიმატის ცვლილების პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში“. პროექტის მიზანია კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების როლის გაძლიერება დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით, სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის ნდობისა და თანამშრომლობის ჩამოყალიბების გზით. პროექტი საქართველოს ოთხ რეგიონში ხორციელდება: კახეთი, იმერეთი, გურია და რაჭა-ლეჩხუმი. იმერეთის რეგიონში CENN-ის პარტნიორი ორგანიზაციაა „ჭიათურელთა კავშირი“. ამ პროექტის ერთ-ერთი მიმართულებაა ადვოკატირება, რომელშიც აქტიურად არიან ჩართულნი იმერეთის რეგიონის კლიმატის სამოქმედო ჯგუფის წევრები და ახალგაზრდული გაერთიანებები.

ავტორები: შოთა გაფრინდაშვილი


ბლოგი მომზადდა შოთა გაფრინდაშვილის მიერ, საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს მიერ მხარდაჭერით მიმდინარე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის პროექტის ფარგლებში. ბლოგში გამოთქმული მოსაზრებებსა და მოცემულ ინფორმაციაზე პასუხისმგებელია ავტორი.  

ბლოგის შინაარსი შესაძლოა არ ასახავდეს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის და საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს შეხედულებებს.