სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

ასოციაცია „მერკური“

2024-05-15 14:51
Featured image

17 წლის განმავლობაში „მერკურის“ უფასო სერვისებით 10 000 -ზე მეტმა ქალმა და ახალგაზრდამ ისარგებლა.

სამეგრელოში, ისევე, როგორც საქართველოს სხვა რეგიონებში, ქალები ხშირად აწყდებიან სხვადასხვა ტიპის პრობლემებს, რომლებიც ხელს უშლის მათ საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურ ჩართულობასა და სრულფასოვან განვითარებაში. ტრადიციული გენდერული როლები და სტერეოტიპები, შეზღუდული წვდომა განათლებასა და ეკონომიკურ შესაძლებლობებზე, ძალადობა - ეს ის ძირითადი გამოწვევებია, რომელთა წინაშეც ბევრი ქალი დგას. სწორედ ამ პრობლემების დაძლევას ემსახურება ასოციაცია „მერკური", რომელიც 2004 წელს ქ. ზუგდიდში დაარსდა.

2007 წელს, როდესაც პირველი პროექტის განხორციელება დავიწყეთ, საუბარი გვიწევდა იმის შესახებ, თუ რა არის გენდერული თანასწორობა და რატომ იყო მნიშვნელოვანი ქალთა როლის გაძლიერება ქართულ საზოგადოებაში. ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ შევქმნათ გარემო, რომელიც დაფუძნებულია პატივისცემაზე, ნდობასა და ზრუნვაზე. ორგანიზაციის მისიაა, შეცვალოს ადამიანების ცხოვრება ისე, რომ იცხოვრონ გენდერულად თანასწორ გარემოში და დაცულები იყვნენ ოჯახში ძალადობისგან.

ორგანიზაცია ახორციელებს სხვადასხვა პროგრამას:

• ტრენინგები და სემინარები ქალთა უფლებების, ლიდერობის, სამეწარმეო უნარების შესახებ;

• ფსიქოლოგიური და იურიდიული კონსულტაციები მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენელი ქალებისთვის;

• პროფესიული განათლების კურსები, რომლებიც ხელს უწყობს ქალების დასაქმებას;

• ცნობიერების ამაღლების კამპანიები ქალთა უფლებების, გენდერული თანასწორობის, ოჯახში ძალადობის საკითხებზე.

ორგანიზაცია ასევე აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივ თვითმმართველობებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.

„მერკურის“ თავშესაფარი და ოჯახის მხარდაჭერის ცენტრი

17 წლის განმავლობაში „მერკურის" მომსახურებით ისარგებლა 10 000-ზე მეტმა ქალმა და გოგონამ. ბევრისთვის ეს იყო ახალი შესაძლებლობა. მათ მიიღეს განათლება, დასაქმდნენ, დაიწყეს საკუთარი ბიზნესი, გახდნენ უფრო თავდაჯერებულები და აქტიურები. თითოეული მათგანის წარმატება ნათელი მაგალითია იმისა, რამდენად მნიშვნელოვანია ქალთა გაძლიერებაზე ზრუნვა. 200-მდე ახალგაზრდას მივეცით შესაძლებლობა, მონაწილეობა მიეღო სხვადასხვა საერთაშორისო გაცვლით პროექტში.

უკვე 6 წელზე მეტია, ასოციაცია „მერკურის“ მუშაობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება არის ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა და მსხვერპლთა დახმარება.

პარტნიორ პოლონურ არასამთავრობო ორგანიზაცია HumanDoc Foundation-თან ერთად, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განვითარების პროგრამის (Polish AID) დახმარებით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აღიჭურვა თავშესაფრისთვის მოძიებული შენობა, გადამზადდა პერსონალი, განხორციელდა სასწავლო ვიზიტები პოლონეთსა და საქართველოში მომუშავე თავშესაფრებში. შედეგად, შევქმენით სამეგრელო -

ზემო სვანეთის რეგიონში ძალადობის მსხვერპლ ქალთა და ბავშვთა ერთადერთი თავშესაფარი, სადაც ძალადობაგამოვლილი ქალები და მათი შვილები, უსაფრთხო თავშესაფრის გარდა, იღებენ სრულ მხარდაჭერას - ფსიქოლოგიურ კონსულტაციას, იურიდიულ დახმარებას, სამედიცინო მომსახურებას. ჩვენი გუნდი ზრუნავს, რომ თითოეულმა ქალმა შეძლოს რთული პერიოდის გადატანა და ახალი ცხოვრების დაწყება.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სერვისი ოჯახში ძალადობის დასაძლევად არის ასოციაცია „მერკურის“ ოჯახის მხარდაჭერის ცენტრი, რომელიც გაიხსნა 2019 წელს ისევ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განვითარების პროგრამის (Polish AID) დახმარებით. პროექტი გულისხმობს ოჯახის ნებისმიერი წევრის მომსახურებას ასაკის, სქესის, სოციალური სტატუსის (მსხვერპლი, მოძალადე) მიუხედავად. ისევე, როგორც „მერკურის“ თავშესაფარი, ოჯახის მხარდაჭერის ცენტრიც სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონს ემსახურება.

ოჯახის მხარდაჭერის ცენტრის გუნდი ყოველთვის მზად არის ბენეფიციართა დასახმარებლად. ცენტრში ხელმისაწვდომია:

• იურიდიული კონსულტაცია;

• ინდივიდუალური და ჯგუფური თერაპია როგორც ქალებისთვის, ისე ბავშვებისთვის;

• პროფესიული კურსები და ტრენინგები, რომლებიც ხელს უწყობს დასაქმებასა და ფინანსურ დამოუკიდებლობას.

ოჯახში ძალადობის სკრინინგი

იმის მიუხედავად, რომ საკმაოდ აქტიურად ვავრცელებთ ინფორმაციას ჩვენს საქმიანობასა და ორგანიზაციაში ხელმისაწვდომ სერვისებზე, კარგად გვესმის, რომ, ხშირ შემთხვევაში, ეს ინფორმაცია ვერ აღწევს მოსახლეობის ყველაზე მოწყვლად ჯგუფებამდე.

2022-23 წლებში პროექტის „ქალთა და გოგონათა მდგომარეობის გაუმჯობესება სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებული იყო ნიდერლანდების საელჩოს მიერ, ასოციაცია „მერკურის“ გუნდმა განახორციელა საველე ვიზიტები სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონის 9 მუნიციპალიტეტის 30-ზე მეტ სოფელში. გასვლები დაიგეგმა სკრინინგის ფორმატში, რომელიც გულისხმობდა ოფიციალურ და არაოფიციალურ შეხვედრებს მოსახლეობასთან, ადგილზე კონსულტაციებს, საინფორმაციო მასალის გავრცელებას და კარდაკარ აქტივობებს.

მოხალისეობის განვითარება

ასოციაცია „მერკურის“ თანამშრომლებს ხშირად უწევთ მოხალისეობრივი მუშაობა, რადგან საზოგადოებრივი მნიშვნელობის საქმეები არ შეიძლება შეზღუდული იყოს სამუშაო აღწერილობით, დაფინანსებული პროექტით ან სამსახურებრივი მოვალეობით. ჩვენ ვართ იქ, სადაც საჭიროა ჩვენი ცოდნა, უნარები, ფიზიკური ენერგია და დრო. სხვა ადამიანებშიც ვაფასებთ სურვილს, დახარჯოს დრო და ენერგია, რათა ადამიანის თუნდაც ერთი დღე უკეთესი გახადოს.

ჩვენს გუნდს სურს, ხელი შეუწყოს მოხალისეობრივი სფეროს განვითარებას საქართველოში. ორგანიზაციაში ხშირად მუშაობენ საერთაშორისო მოხალისეები. ცალკეული ინიციატივების განსახორციელებლად ვიწვევთ ადგილობრივ მოხალისეებსაც.

ასოციაცია „მერკური“ ჩართულია საერთაშორისო მოხალისეობრივ პროგრამებში 2014 წლიდან. ამჟამად „მერკურს გავლილი აქვს ESC Humanitarian volunteering-ის სერტიფიცირება (Quality Lable), როგორც მიმღებ ორგანიზაციას.

აზრთა ფესტივალი

2023 წლის ოქტომბერში ასოციაცია „მერკურის“ და MTU Mondo-ს (ესტონეთი) ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ზუგდიდში ჩატარდა პირველი „აზრთა ფესტივალი“. პროექტის მიზანია საზოგადოებისთვის დიალოგის ღია პლატფორმის შეთავაზება, რომელიც მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემს, ჩაერთონ კონსტრუქციულ დიალოგში საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან თემებზე.

ფესტივალის ფორმატი მოიცავდა:

• პანელურ დისკუსიებს წინასწარ შერჩეულ თემებზე. დისკუსიები გაიმართა ღია სივრცეში სფეროს ექსპერტების, მოდერატორისა და აუდიტორიის მონაწილეობით;

• ღია ვორქ-შოპებს;

• გამოფენებს;

• სხვა პარალელურ ღონისძიებებს.

ასოციაცია „მერკურს“ იმედი აქვს, რომ ფესტივალი ყოველწლიური გახდება.

ორგანიზაციას ასევე განხორციელებული აქვს პროექტები ახალგაზრდებთან დაკავშირებით, აგრეთვე, კულტურის, ეკოლოგიის, მიგრაციის და ჰუმანიტარულ სფეროებში. 

 

ავტორი: ნანა თოდუა


ბლოგი მომზადდა ნანა თოდუას მიერ, საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს მიერ მხარდაჭერით მიმდინარე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის პროექტის ფარგლებში. ბლოგში გამოთქმული მოსაზრებებსა და მოცემულ ინფორმაციაზე პასუხისმგებელია ავტორი.  

ბლოგის შინაარსი შესაძლოა არ ასახავდეს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის და საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს შეხედულებებს.