სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებაში იკვეთება, რომ 2022 წელს საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობა გაუარესდა

2023-03-21 21:36
Featured image

2023 წლის 20 მარტს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში, მათ შორის, მიმოხილულია საქართველოში არსებული საკვანძო საკითხები ადამიანის უფლებების დაცვასთან მიმართებით, როგორც, საკანონმდებლო ბაზისა და პრაქტიკის კუთხით, ასევე, კონკრეტული საქმეების მაგალითზე (5 ივლისს სიძულვილის ჯგუფების მიერ ძალადობა ჟურნალისტებსა და ლგბტქი პირებზე; უკანონო ფარული მოსმენების პრაქტიკა; აფგან მუხთარლისა და ვიტალი საფაროვის საქმეები; ნიკა გვარამიას საქმე; არასრულწლოვან შშმ პირზე არასათანადო მოპყრობა პოლიციელების მხრიდან; და სხვა.). 

Სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში მოიცავს ყველა საკვანძო უფლებრივ საკითხს, მათ შორის, შემდეგს: წამება ან არაადამიანური, სასტიკი, ან დამამცირებელი მოპყრობა; თვითნებური დაკავება ან პატიმრობა; სერიოზული პრობლემები სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობასთან, პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების წარმოება; თვითნებური ან უკანონო ჩარევა პირადი ცხოვრების; გამოხატვისა და მედიის თავისუფლებაში, მათ შორის ძალადობა და ძალადობის მუქარა ჟურნალისტების მიმართ; არსებითი ჩარევა მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებასა და გაერთიანების თავისუფლებაში; არგაძევების პრინციპი და ლგბტქი+ უფლებები. Ანგარიშში ასევე, განხილულია საოკუპაციო ხაზთან და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა. Ქვემოთ მიმოხილულია იმ ნაწილი საკითხების შესახებ ინფორმაცია, რომლებზეც საია წლებია სხვადასხვა ფორმატით საქმიანობს და რომელთა შესახებაც ინფორმაცია ასახულია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.  უფრო კონკრეტულად:

 

1. Საოკუოპაციო ხაზთან და რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა

Სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ხაზგასმულია, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, რჩება ცენტრალური ხელისუფლების კონტროლის მიღმა, დე ფაქტო ხელისუფლებას კი აქვს რუსული ძალების მხარდაჭერა. რუსი მესაზღვრეები ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილებას აგრესიულად ზღუდავენ. ამ რეგიონებში ადამიანის უფლებების მნიშვნელოვანი დარღვევები 2022 წელს მოიცავდა: სარწმუნო ცნობებს უკანონო დაკავებების შესახებ, გადაადგილების შეზღუდვას და ეთნიკური ქართველების საკუთრებისა ან ბიზნესის დარეგისტრირების და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობის შეზღუდვას. მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული მდგომარეობის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ არსებობს, დე ფაქტო ხელისუფლება უარს აცხადებს 2008 წლის კონფლიქტის შედეგად დევნილი ეთნიკური ქართველების დაბრუნებაზე. დე ფაქტო ხელისუფლება, ჰუმანიტარული დახმარების გაწევისთვის საერთაშორისო ორგანიზაციების უმეტესობას სამხრეთ ოსეთში რეგულარულად შესვლის უფლებას არ აძლევს. 2022 წელს ისევ გაგრძელდა “მცოცავი ოკუპაციის” პრაქტიკა, რაც კიდევ უფრო ზღუდავდა სხვადასხვა უფლებას და აშორებდა მოსახლეობას მათი თემებისა და საარსებო წყაროებისგან. რუსეთი და დე ფაქტო ხელისუფლება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ჩადიან სხვადასხვა დანაშაულს, გაუმართლებლად ზღუდავენ ადამიანის უფლებებს, რასაც თან ახლავს დაუსჯელობის პრაქტიკა. 

 

2. წამება ან არაადამიანური, სასტიკი, ან დამამცირებელი მოპყრობა

ამ მხრივ, გამოყოფილია სახელმწიფოს როგორც ნეგატიური, ისე, პოზიტიური ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული გარემოებები. Კერძოდ, გარდა არასათანადო მოპყრობის ფორმების იდენტიფიცირებისა (მაგ. Პოლიციის მიერ პირებზე ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური ძალადობა, სამარტოო საკანში პირების ხანგრძლივი განთავსება, მათ შორის, ხელბორკილით, და, ა.შ.) ასევე, მოცემულია ინფორმაცია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაყოფასთან დაკავშირებით. Დამატებით, ხაზგასასმელია, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მოხვდა ციხეებში კრიმინალური სუბკულტურის მიერ არაფორმალური მმართველობის შესახებ ინფორმაცია. Კერძოდ, იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციის თანახმად, გაიზარდა პატიმართა შორის ძალადობის შემთხვევები, რომლებიც უმეტესად არასაკმარისად და არაადეკვატურად იყო გამოძიებული. CPT და NPM ანგარიშები ცხადყოფენ ციხეების არაფორმალური მართვის შემთხვევებს, რომლებიც ხორციელდება „გავლენიანი პატიმრების“ („მაყურებლების“) მიერ. ასეთი არაფორმალური კონტროლი გავლენიანი პატიმრების მიერ „ხშირად იწვევს პატიმრებს შორის ძალადობასა და დაშინებას“. “მაყურებლები“ აკონტროლებდნენ პატიმრების წვდომას ტანსაცმელზე, საკვებზე, მედიკამენტებსა და მათი ოჯახების გზავნილებზე. ზოგიერთმა პატიმარმა სწორედ ამის გამო ითხოვა გადაყვანას მაღალი რისკის ციხეებში ან თვითიზოლაციაში, რათა ძალადობისგან თავი დაეღწიათ, რამაც გაზარდა ციხეში მოთავსებულ პირთა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების რისკი. 

 

3. Სისხლის სამართლის მართლმსაჯულება

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მიმოხილულია სისხლის სამართლის მართლმსაჯულებაში არსებული გამოწვევები. Კერძოდ,  ა) მოსამართლეები ხშირად საჯარო სხდომებზე არ ამოწმებენ დაკავების ფაქტობრივ გარემოებებს. Ამასთან, უკვე წლებია პრობლემაა, რომ მოქმედი კანონმდებლობა არ იცნობს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაკავების კანონიერად მიჩნევის შესახებ გადაწყვეტილების ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრების მექანიზმს, რაც კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს პირველი წარდგენის საჯარო სხდომაზე მოსამართლის მიერ დაკავების კანონიერების განხილვას. ბ) პრობლემად სახელდება სასამართლო სხდომების გაჭიანურება, რაც დაკავშირებულია, ასევე, სხდომების დაგვიანებით დაწყებასთან. გ) სუსტია სასამართლო კონტროლი საპროცესო შეთანხმებებთან დაკავშირებით. სასამართლო თითქმის ყველა შემთხვევაში ამტკიცებს საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ შუამდგომლობას. ამასთან, მოსამართლეები ბრალდებულებს სრულყოფილად არ განუმარტავენ საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებულ უფლებებს, საპროცესო შეთანხმების სხდომები ფორმალურად მცირე დროში, საქმის ფაქტობრივი გარემოებების განხილვისა და სხვა პროცედურული წესების დაცვის გარეშე მიმდინარეობს. მოსამართლეები იშვიათად მსჯელობენ  რამდენად სამართლიანი და კანონიერია საპროცესო შეთანხმებით გათვალისწინებული სასჯელი. დ) დოკუმენტში ხაზგასმულია ბრალდებულის უფლება, ჰყავდეს ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე თუ ის შეჭირვებულია. Ზოგად ტენდენციად შეიძლება გამოიკვეთოს ის, რომ რიგ შემთხვევებში ბრალდებულებს და მათ ადვოკატებს არ ჰქონდათ საკმარისი დრო და საშუალება დაცვის პოზიციის მომზადებისთვის.

 

4. ადმინისტრაციული დაკავების პრაქტიკა, როგორც შეკრების თავისუფლებაში ჩარევის მექანიზმი

ანგარიშში მოცემულია, რომ შეკრების თავისუფლებაში ჩარევა ხშირად ხდება  ადამინისტრაციული დაკავებების პრაქტიკის საფუძველზე, რასაც თან ახლავს სასამართლოსთვის წარსადგენამდე პირის მაქსიმალური, 48 საათის განმავლობაში დაკავება. Აღნიშნული ვადა კოდექსში 2021 წელს განისაზღვრა, ნაცვლად 24 საათისა. იმ პირობებში, როდესაც აქციების დროს მზარდია წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის ბრძანებების დაუმორჩილებლობისთვის პირთა დაკავების პრაქტიკა, მათი 48 საათით განთავსება წინასწარი დაკავების იზოლატორში არ არის უფლებაში ჩარევის ყველაზე ნაკლებ მზღუდავი საშუალება. Ამასთან, პრობლემურია, დაკავებული პირების სტატუსისა და ადგილსამყოფელის შესახებ მათი წარმომადგენლების ინფორმირება იმგავარად, რომ დაკავებულებს პროცესის დაწყებამდე ჰქონდეთ  ადვოკატთან კომუნიკაციის შესაძლებლობა, რაც ქმნის ad hoc სისტემას, სადაც ზოგიერთმა სამართალდამრღვევმა, შეიძლება,  საერთოდ ვერ ისარგებლოს დამცველის მომსახურებით. 

 

5. მედია 

სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებით 2021 წელთან შედარებით, 2022 წელს შემცირდა ჟურნალისტებზე თავდასხმის და ძალადობის შემთხვევები. Მიუხედავად ამისა, ანგარიშში Უსაფრთხოებასთან დაკავშირებით საყურადღებოა 5-6 ივლისის მაშტაბური ძალადობის არაეფექტიანი გამოძიება, რის შესახებაც არაერთი საჩივარია წარდგენილი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. Ანგარიშში გამოკვეთილია შემდეგი ტენდენციები: ა) 2022 წელს მე­დიის თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ში ჩა­რე­ვის გახშირებულ მცდე­ლო­ბად გვევ­ლი­ნე­ბა სა­სა­მარ­თლო­ში ცი­ლის­წა­მე­ბის სა­ფუძ­ვლით მაუწ­ყებ­ლე­ბი­სა და მე­დიის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის წი­ნააღ­მდეგ შე­ტა­ნი­ლი სარ­ჩე­ლე­ბი. სა­გუ­ლის­ხმოა, რომ უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში, სარ­ჩე­ლე­ბი შე­ტა­ნი­ლია მა­ღა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბის, პო­ლი­ციე­ლე­ბი­სა და „ქარ­თულ ოც­ნე­ბას­თან“ სხვაგ­ვა­რად და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პი­რე­ბის მიერ. ბ) Სახელმწიფო დეპარტამენტი ყურადღებას ამახვილებს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიდგომებზე. 2022 წლის განმავლობაში რამ­დენ­ჯერ­მე გა­მოვ­ლინ­და კო­მუ­ნი­კა­ციე­ბის ეროვ­ნუ­ლი კო­მი­სიის მხრი­დან მაუწ­ყებ­ლო­ბის ში­ნაარ­სში ჩა­რე­ვი­სა და გამო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის არა­მარ­თლზო­მიე­რი შეზ­ღუდ­ვის ფაქ­ტე­ბი. გ) საყურადღებოა, ასევე, 2022 წლის 22 დეკემბერს მიღებული კანონპროეტი, რომელიც ითვალისწინებს  ცვლილებებს მაუწყებლობის შესახებ კანონში. კანონპროექტი აფართოებს კომუნიკაციების კომისიის ზედამხედველობას მედიაზე, ცვლის ცილისწამების საქმეების პროცედურას და გადააქვს მტკიცების ტვირთი მოსარჩელედან მედიაზე, ასევე, ადგენს სიძულვილის ენის ბუნდოვან განმარტებას.

 

6. ფარული მოსმენების პრაქტიკა

ანგარიშში საუბარია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესულ ცვლილებებზეც, კერძოდ  ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების წესის ცვლილებაზე, რომლითაც ფარული მიყურადების მარეგულირებელი კანონმდებლობა კიდევ უფრო გაუარესდა. 2022 წლის 6 სექტემბერს პარლამენტმა დაძლია პრეზიდენტის ვეტო, მათ შორის, ვენეციის კომისიის უარყოფითი შეფასების მიუხედავადაც, და მიიღო კანონი, რომლითაც გაფართოვდა სახელმწიფოს შესაძლებლობები ფარულ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასთან დაკავშირებით. Ამით სახელმწიფო გაუმართლებლად იჭრება ადამიანების პირად ცხოვრებაში. Ანგარიშში, ასევე, აღნიშნული იყო 2021 წლის აგვისტოსა და სექტემბერში მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მასშტაბური უკანონო ფარული მოსმენა-მიყურადების და თვალთვალის შესახებ.

7. Შრომითი უფლებები

ანგარიში ყურადღებას ამახვილებს შემდეგ პრობლემებზე: ა) პროფესიული კავშირების სამართლებრივი გარანტიების გაზრდის საჭიროება და დამსაქმებელთან კოლექტიური შეთანხმებების დადების სირთულე; ბ) გაფიცვის უფლების არასათანადო რეალიზაცია და დამსაქმებლების მიერ გაფიცვაში მონაწილეთა მიმართ დისკრიმინაციული დამოკიდებულება; გ) კერძო და საჯარო სექტორში შრომით ურთიერთობებში დისკრიმინაცია სხვადასხვა საფუძვლით, მათ შორის: ასაკის, სქესის, გენდერისა და სექსუალური ორიენტაციის პროფესიული კავშირის წევრობის გამო; დ) კერძო და საჯარო სექტორში სამუშაო პირობების გაუმჯობესების საჭიროება, მათ შორის ზეგანაკვეთური სამუშაოს აღრიცხვა და ანაზღაურება, დეკრეტული შვებულების ანაზღაურება, ქალებისა და მამაკაცებისთვის თანაბარი ანაზღაურება თანაბარი შრომისთვის, შრომის ანაზღაურებისას მინიმალური ანაზღაურების სტანდარტის არარსებობა და სხვ. ე) არაფორმალური შრომის მაღალი პროცენტული წილი ქვეყნის ეკონომიკაში და ამ მიმართულებით დასაქმებული ადამიანებისთვის შრომის უფლებებისა და სოციალური გარანტიების მინიმალური სტანდარტის არარსებობა; ვ) შრომის უსაფრთხოების სტანდარტებისა და პრაქტიკის გაუმჯობესების საჭიროება. Ანგარიშში ხაზგასმულია შრომის ინსპექციის სამსახურის ადამიანური რესურსების გაზრდის აუცილებლიბა, რათა უფრო დროულად და ეფექტურად მოხდეს შრომითი უფლებებისა და შრომის უსაფრთხოების ნორმების მონიტორინგი.

 

8. Მართლმსაჯულების სისტემა

დოკუმენტში სხვა პრობლემურ საკითხებთან ერთად, ყურადღება გამახვილებულია მართლმსაჯულების სფეროში არსებულ ვითარებაზეც. შეფასების მიხედვით, მოსამართლეები დაუცველნი იყვნენ როგორც შიდა, ასევე, გარე ზეწოლისგან, პოლიტიკური მნიშვნელობის საქმეებზე. ანგარიშში პირდაპირაა ნახსენები ტერმინი „კლანი“ და მიმოხილულია ადგილობრივი აქტორების მიერ გაკეთებული მწვავე შეფასებები სასამართლოს დამოუკიდებლობის გამოწვევებთან დაკავშირებით, რომლებიც შეეხება კლანის მიერ კრიტიკული მოსაზრებების ჩახშობასა და სასამართლოს დამოუკიდებლობის განმტკიცების ხელშეშლას. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ სამოქალაქო საზოგადოების მოსაზრებით 2013 წლიდან მოყოლებული რეფორმები არაეფექტურია, პოლიტიკური ნების არარსებობის გამო.

შეფასების მნიშვნელოვანი ნაწილი ეხება ევროკავშირის 12 რეკომენდაციას. დოკუმენტში  ნახსენებია ადგილობრივი აქტორების შეფასებები, რომლის მიხედვითაც, „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებები არ შეესაბამება ევროკავშირისა და საერთაშორისო პარტნიორების, ასევე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციებს. 

დოკუმენტში ასევე საუბარია ვენეციის კომისიის დასკვნაზე, რომელიც შეეხებოდა 2021 წლის ცვლილებებს. ეს დასკვნა საკმაოდ კრიტიკული იყო,  როგორც კანონის   მიღების პროცედურების, ასევე, მისი შინაარსის გამო. 

ცალკეული მოსამართლეების დამოუკიდებლობა შეიზღუდა სასამართლო სისტემაში გავლენიანი ჯგუფის ე.წ. “კლანის” მიერ სხვადასხვა ბერკეტების მეშვეობით.  პრობლემური იყო მოსამართლეთა დანიშვნის, დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების პროცედურები, ასევე, საქმის განაწილების სისტემით მანიპულირება, მოსამართლეთა გადაყვანა, ინსტრუქციები მოსამართლეებისათვის კონკრეტულ სასამართლო დავებზე კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით. 

ანგარიშში ასევე საუბარია, რომ სასამართლოს თავმჯდომარეებს ირჩევს იუსტიციის უმაღლესი საბჭო და, როგორც წესი, თანამდებობებზე ერთი და იგივე პირები აირჩევიან. ანგარიშში ყურადღება გამახვილდა ასევე მიხეილ ჩინჩალაძის დანიშვნაზე სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე, რომელიც გავლენიანი ჯგუფის ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა. 

დოკუმენტის შესაბამისად, სასამართლო სისტემაში გამჭვირვალობის ნაკლებობამ, გადაწყვეტილებების გამოქვეყნების ნაწილში, ასევე შეარყია საზოგადოების ნდობა სასამართლო სისტემის მიმართ. გარდა ამისა, დოკუმენტში საუბარია ყურადსაღებ ბრალდებებზე,  ზოგიერთი მოსამართლის შესაძლო კორუმპირებულობასთან დაკავშირებით, სტუდია „მონიტორის“ ჟურნალისტურ გამოძიებაზე დაყრდნობით. 

9. არჩევნები და პოლიტიკური მონაწილეობა

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში აგრეთვე მიმოიხილავს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს და მიუთითებს, რომ ეუთოს შეფასებით არჩევნები მიმდინარეობდა კონკურენტულ გარემოში და ძირითადად დაცული იყო ფუნდამენტური უფლებები. თუმცა, ამასთან ერთად, ეუთოს მისიამ აღნიშნა, რომ ამომრჩეველზე ზეწოლასთან დაკავშირებით გავრცელებულმა ბრალდებებმა და მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის ზღვარის ბუნდოვანებამ, პროცესის ზოგიერთი ასპექტის მიმართ საზოგადოების ნდომა შეამცირა. ანგარიშმა განსაკუთრებით გაამახვილა ყურადღება საარჩევნო კომისიებში მმართველი პარტიის დომინირებაზე, აგრეთვე, პარტიის მხარდამჭერებსა და საჯარო მოხელეებზე ზეწოლის ფაქტებზე. აღნიშნულია გარკვეული პრობლემები საჩივრებთან და გასაჩივრების პროცესთან დაკავშირებითაც, ვინაიდან ხშირი იყო ფორმალური საფუძვლით საჩივრების უმეტესობის უარყოფა. ამ ფაქტმა კი, კიდევ უფრო შეამცირა საზოგადოების ნდობა საარჩევნო პროცესის და შედეგების მიმართ.

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ყურადღება ეთმობა არჩევნების დროს მმართველი პარტიის მიერ ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებას, ამომრჩეველზე ზეწოლას, ამომრჩევლის მოსყიდვას, ხმის ფარულობის დარღვევას, ჟურნალისტებისა და ადგილობრივი დამკვირვებლების საქმიანობაში ხელის შეშლას, უბნებისა და ოლქის დონეზე ხმების არაზუსტ და შეცვლილი წესით დათვლას. ანგარიშის მიხედვით, ადგილობრივმა ორგანიზაციებმა ასობით საჩივარი დაწერეს და არჩევნების არასათანადოდ ორგანიზებისთვის ცენტრალური საარჩევნო კომისია გააკრიტიკეს. საბოლოოდ, 26 არასამთავრობო ორგანიზაციის აზრით, 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები, ქართული ოცნების მმართველობის დროს ყველაზე ცუდად ჩატარებულ არჩევნებად შეაფასეს.