სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

ასაკის ნიშნით საჯარო თანამდებობაზე წვდომის შეზღუდვის კონსტიტუციური სტანდარტები

2023-07-12 12:34
Featured image

საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს საჯარო თანამდებობაზე წვდომის უფლებას, რასაც დემოკრატიულ სახელმწიფოში უდიდესი მნიშვნელობა აქვს და სახელმწიფო მართვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ხალხის უშუალო ჩართულობას უზრუნველყოფს. სახელმწიფო თანამდებობაზე საქმიანობა, თავისი შინაარსით, წარმოადგენს შრომითი ურთიერთობის განსაკუთრებულ, სპეციფიკურ სეგმენტს. მისი სპეციფიკურობა, უპირველესად, განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ამ შემთხვევაში დამსაქმებელი თავად სახელმწიფოა. დასაქმებულ პირთა შრომის ანაზღაურება ხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და, როგორც სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული შრომითი ურთიერთობების ერთობლიობა, გარკვეულწილად წარმოადგენს სახელმწიფო რესურსს, რომელზე წვდომაც თითოეულ მოქალაქეს თანაბრად უნდა გააჩნდეს.1 ამავდროულად, კონსტიტუციით გარანტირებული საჯარო თანამდებობის დაკავების უფლება მოიცავს არა მხოლოდ კონკრეტული თანამდებობის დაკავების, არამედ ამ თანამდებობრივი უფლებამოსილების შეუფერხებლად განხორციელებისა და თანამდებობიდან უსაფუძვლოდ გათავისუფლებისაგან დაცვის გარანტიებს.2 ამდენად, კანონმდებლობით უნდა გამოირიცხებოდეს თანამდებობაზე წვდომის დაუსაბუთებელი შეზღუდვისა ან/და უსაფუძვლოდ გათავისუფლების შემთხვევები. 

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი საჯარო მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლად ადგენს ჯანმრთელობის მდგომარეობას ან/და ხანგრძლივ შრომისუუნარობას.3 შესაბამისად, იმ შემთხვევაში თუ მოხელე ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ეფექტიანად ვერ ახორციელებს მასზე დაკისრებულ ფუნქციებს, იგი თანამდებობიდან გათავისუფლდება. აღნიშნული საფუძვლისგან დამოუკიდებლად, ხშირად, ამა თუ იმ საჯარო თანამდებობაზე წვდომის უფლება ბლანკეტურად ეზღუდებათ კონკრეტულ ასაკს მიღწეულ პირებს. ზოგადად, საყოველთაოდ ცნობილია, რომ ასაკის მატება ზეგავლენას ახდენს ადამიანის შრომით უნარებზე, განსაკუთრებით მის ფიზიკურ შესაძლებლობებზე,4 რაც თავისთავად ნეგატიურად აისახება ადამიანის ცხოვრების ხარისხზე. შესაბამისად, აუცილებელია, რომ ადამიანისთვის საყოველთაოდ დამახასიათებელი ბუნებრივი პროცესი არ იქცეს დამატებით სასჯელად, სტიგმატიზირების საფუძვლად. ამავდროულად, მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ პირის ასაკის საფუძველზე სამსახურიდან გათავისუფლება არსებითად ართულებს ან სრულებითაც კი გამორიცხავს ხელახალი პროფესიული სივრცეების პოვნის, თავიდან დასაქმების შესაძლებლობას. ამდენად, ის ფაქტი, რომ ზოგადად ასაკის მატების თანმდევი შედეგია ადამიანის ფიზიკური ამტანობის შესუსტება და გარკვეული უნარების დაქვეითება, თავისთავად ვერ გახდება ასაკთან დაკავშირებული ნებისმიერი ბლანკეტური შეზღუდვის დაწესების თვითკმარი საფუძველი.5  

საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, იმისთვის, რომ ამა თუ იმ თანამდებობის დაკავების ან/და საქმიანობის განხორციელების კონკრეტული ასაკის პირებისათვის შეზღუდვა რაციონალურად იქნას მიჩნეული, კანონმდებელი ვალდებულია, დაასაბუთოს:  

- კანონით დადგენილი ასაკის მიღწევა უმრავლეს შემთხვევაში იწვევს იმ უნარების დაქვეითებას, შესუსტებას, რომლებიც აუცილებელია კონკრეტული საქმიანობის განსახორციელებლად და, შესაბამისად, საქმიანობის ბუნებიდან გამომდინარე, როგორც წესი, განსაზღვრული ასაკის პირთა დიდი უმრავლესობა ვერ შეძლებს დაკისრებული ფუნქციების შესრულებას. 

- შეუძლებელია ან/და არაგონივრულია პირთა უნარების ინდივიდუალური შეფასება და, ამის საფუძველზე, თანამდებობის დაკავების საკითხის გადაწყვეტა.6 

ზემოაღნიშნული ორსაფეხუროვანი ტესტის საფუძველზე, საკონსტიტუციო სასამართლომ შეაფასა იმ თანამდებობებთან მიმართებით დაწესებული ზღვრული ასაკის კონსტიტუციურობა, რომელთა განხორციელებაც პირის ფიზიკურ შესაძლებლობებს მოითხოვდა. სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო ნორმები, რომლებიც საერთო სასამართლოს და საკონსტიტუციო სასამართლოს მანდატურად სამსახურის ზღვრულ ასაკს - 50 წელს განსაზღვრავდა7, აგრეთვე, ნორმა, რომელიც პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვის მთავარი სამმართველოს მოსამსახურისთვის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრულ ასაკად 60 წელს აწესებდა8. სასამართლომ დაადგინა, რომ ზემოაღნიშნული ასაკის მიღწევა არ გულისხმობდა პირის ფიზიკური უნარების იმგვარ გაუარესებას, რომ გართულებულიყო მათზე დაკისრებული კონკრეტული სამსახურებრივი ფუნქციების შესრულება. რაც შეეხება ისეთ თანამდებობებს, რომელთა ჯეროვნად განხორციელებაც მოითხოვს პირის პროფესიულ ცოდნას, გამოცდილებას, შესაბამის გონებრივ და ინტელექტუალურ რესურსს, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის შესაბამისად, ასაკის მატება თვითკმარი საფუძველი არ არის პირზე დაკისრებული ფუნქციების სრულყოფილად შესრულების შესაძლებლობის ეჭვქვეშ დაყენებისთვის. პირიქით, გარკვეულ შემთხვევაში, სწორედ ასაკი შესაძლოა განაპირობებდეს დაკისრებული ფუნქციის ეფექტიანად განხორციელებას. ამ არგუმენტაციით, საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო ნორმა, რომელიც აკადემიის პრეზიდენტისა და ვიცეპრეზიდენტის თანამდებობებზე არჩევის უფლებას უზღუდავდა 70 წელს გადაცილებულ პირს9, ამავე არგუმენტაციით სასამართლომ გააუქმა ნორმები, რომლებიც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური თანამდებობის დაკავებისთვის ზღვრულ ასაკად განსაზღვრავდა 65 წელს10. 

ამავდროულად, გარკვეულ შემთხვევებში, შესაძლოა კონკრეტული ასაკის მქონე პირებს შეეზღუდოთ საჯარო თანამდებობაზე წვდომა თაობათა შორის სამუშაო ადგილების სამართლიანი გადანაწილების ლეგიტიმურ ინტერესზე აპელირებით. მაგალითად, საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურზე დაკისრებული ფუნქციებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მისი როლის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, აღნიშნულ სამსახურში მუდმივად ხდებოდეს კადრების როტაცია, რასაც ყველაზე ეფექტიანად უზრუნველყოფს ასაკობრივი ზღვრის დაწესება. თუმცა, ასეთ შემთხვევაში, სახელმწიფომ, უნდა დაასაბუთოს, რომ, ერთი მხრივ, შერჩეული ასაკი გონივრულია, ხოლო, მეორე მხრივ, კონკრეტულ თანამდებობასთან მიმართებით არსებობს კადრების როტაციის აუცილებლობა/საჭიროება.11 

საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნის მიუხედავად - გარკვეული ზღვრული ასაკის მიღწევა არ იქცეს ადამიანების თვითმიზნური დისკრიმინაციის საფუძვლად, კანონმდებლობაში კვლავ რჩება ისეთი ნორმები, რომლებიც პირის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლად კონკრეტული ასაკის მიღწევას ადგენს. ამ თვალსაზრისით, სახელმწიფო ივიწყებს აღნიშნული პირების მიერ წლების განმავლობაში ხალხისა და სახელმწიფოს ერთგულებას, უგულებელყოფს მათ დამსახურებას, კვალიფიკაციას, ცოდნას, და სრულიად ართმევს პროფესიული განვითარებისა თუ შრომითი ანაზღაურების მიღების შესაძლებლობას. სწორედ ამიტომ, არსებითია, ასაკის ნიშნით შეზღუდვის დადგენისას ყველა ორგანო მხედველობაში იღებდეს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტებს, მოქმედებდეს საჯარო თანამდებობის დაკავების უფლებასთან დაკავშირებით კონსტიტუციიდან მომდინარე იმპერატივებით და არ ხელყოფდეს იმ პირთა შრომით უფლებებს, რომლებსაც აქვთ სურვილიც და შესაძლებლობაც, განახორციელონ თავიანთი თანამდებობრივი უფლებამოსილებები. 

ავტორი: ლელა მაჭარაშვილი

ბლოგი მომზადებულია ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში.


1 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 11 აპრილის №1/2/569 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5.

2 იხ., იქვე, II-1.

3 „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი 108-ე მუხლის „გ“ქვეპუნქტი.

4 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 22 თებერვლის №2/2/863 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები ‒ გუჩა კვარაცხელია, გივი ცინცაძე, გიორგი თავაძე, ელიზბარ ჯაველიძე და სხვები (სულ 17 მოსარჩელე) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-22.

5 იხ., იქვე, II-23.

6 იხ, იქვე, II-24-25.

7 იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის №3/2/767,1272 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ჯიმშერ ცხადაძე და მამუკა ჭანტურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“; იხ., ასევე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის №3/2/767,1272 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ჯიმშერ ცხადაძე და მამუკა ჭანტურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.

8 იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის პირველი ივნისის №1/3/1591,1605 გადაწყვეტილება საქმეზე „მერაბ მურადაშვილი და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ“.

9 იხ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 22 თებერვლის №2/2/863 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - გუჩა კვარაცხელია, გივი ცინცაძე, გიორგი თავაძე, ელიზბარ ჯაველიძე და სხვები (სულ 17 მოსარჩელე) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.

10 იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 22 თებერვლის №1/4/1691 განჩინება საქმეზე „გიორგი გოროშიძე და ინდიკო აბაშიძე საქართველოს პარლამენტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრისა და სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წინააღმდეგ“.

11 იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის პირველი ივნისის №1/3/1591,1605 გადაწყვეტილება საქმეზე „მერაბ მურადაშვილი და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ