სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

არჩევნები 2017: მეორე ტურის შემაჯამებელი განცხადება

2017-11-13 13:19
Featured image

კენჭისყრის პროცესი ძირითადად მშვიდ ვითარებაში წარიმართა. გამონაკლისი იყო ხაშური, სადაც დღის ბოლოს ინციდენტი მოხდა პარტია „ქართული ოცნებისა“ და დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდამჭერებს შორის. სიტუაცია მალევე განიმუხტა პოლიციის ჩარევით, თუმცა, აუცილებელია ამ ფაქტზე წარიმართოს გამოძიება.

ოზურგეთის რამდენიმე უბანზე დაფიქსირდა იმ ბიულეტენების ნამდვილად მიჩნევის პრობლემა, სადაც ამომრჩეველს ნათლად ჰქონდა გაკეთებული არჩევანი. ამ კონტექსტში განსაკუთრებით აღსანიშნავია ნასაკირალის უბანი (ოზურგეთის #59-ე უბანი), სადაც  არეულობა იყო ხმის დათვლის პროცესში. განვითარებული მოვლენები ტოვებდა შთაბეჭდილებას, რომ მას შემდეგ, რაც გამოიკვეთა უბანზე დამოუკიდებელი კანდიდატის სასარგებლო შედეგები, ადგილი ჰქონდა სიტუაციის განზრახ არევის და შედეგების უსაფუძვლოდ გაბათილების მცდელობას.

კენჭისყრის დღეს მთელ რიგ უბნებზე კვლავ გაგრძელდა მანკიერი პრაქტიკა, როდესაც საარჩევნო უბნების გარეთ სიებით იდგნენ დაუდგენელი პირები (სავარაუდოდ პარტიული კოორდინატორები და აქტივისტები), რომლებიც აღრიცხავდნენ უბნებზე მისულ ამომრჩეველს. ასევე მთელი დღის მანძილზე რიგ საარჩევნო უბნებზე სამარშუტო ტაქსებით და მანქანებით ხდებოდა ამომრჩევლების მიყვანა.

დაფიქსირდა რამდენიმე ფაქტი, როდესაც უბანზე გაცემული ბიულეტენების რაოდენობა 2-ით აღემატებოდა ამავე უბნებზე ამომრჩევლების ხელმოწერების რაოდენობას (სულ 4 შემთხვევა), ასევე რამდენიმე უბანზე დაფიქსირდა გადასატან ყუთთან დაკავშირებული პრობლემები.

 

კენჭისყრის დღეს საიას დამკვირვებლებმა საარჩევნო უბნებზე დაწერეს  12 საჩივარი, საარჩევნო ოლქში - 12 საჩივარი, ასევე 24 შენიშვნა.

ოლქში დაწერილი საჩივრები შემდეგნაირად ნაწილდება:

ბორჯომი -5

ოზურგეთი - 4

ყაზბეგი - 3

 

საჩივრები დაიწერა შემდეგ დარღვევებზე:

- საარჩევნო კომისიის წევრების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვანი შესრულების -10 ფაქტი;

- გაცემული ბიულეტენების მეტობა ამომრჩევლების ხელმოწერების რაოდენობაზე ამომრჩეველთა სიაში - 4 ფაქტი;

- გადასატან ყუთთან დაკავშირებული დარღვევა -3 ფაქტი;

- ამომრჩევლის ნების კონტროლი -10 ფაქტი;

- ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა -1 ფაქტი;

- საარჩევნო კომისიის წევრების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვანი შესრულება -2 ფაქტი.

 

ხმის დათვლა და შედეგების შეჯამება:   

 

ინციდენტი ხაშურში

დღის ბოლოს დაპირისპირება მოხდა ხაშურში მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის რამაზ ნოზაძის და „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის მხარდამჭერებს შორის.

ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა, რომლებიც მანქანებით გადაადგილდებოდნენ ქალაქში, მაშხალები ესროლეს რამაზ ნოზაძის ოფისს. აღნიშნული ფაქტის შემდეგ  ოფისიდან გამოვიდნენ რამაზ ნოზაძის მხარდამჭერები, ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას, რა დროსაც,  მსუბუქად დაშავდნენ მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდამჭერები, სულ 3 ადამიანი, მათ შორის  1 ახალგაზრდა ქალი.

დამოუკიდებელი კანდიდატის შტაბის ინფორმაციით, ინციდენტში ქართული ოცნების მხრიდან მონაწილეობდა ხაშურის თვითმმართველობაში დასაქმებული რამდენიმე საჯარო მოხელე.

ადგილზე დროულად მივიდა პოლიცია, რომელმაც განმუხტა სიტუაცია და გააშველა მხარეები. პოლიციამ ნასვამ მდგომარეობაში ყოფნაზე შეამოწმა დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდამჭერები და ერთ მათგანს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა ნასვამ მდგომარეობაში ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის გამო. თუმცა , მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდამჭერების განცხადებით, პოლიციას ნასვამ მდგომარეობაში ყოფნაზე არ შეუმოწმებია ინცინდენტში მონაწილე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები. 

საია აგრძელებს ფაქტის შესწავლას.

მოვუწოდეთ სამართალდამცავ ორგანოებს, დროულად, სრულყოფილად და ობიექტურად გამოიძიონ აღნიშნული ფაქტი. ასევე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, შესწავლილ იქნას საჯარო მოხელეების შესაძლო მონაწილეობა აღნიშნულ ინცინდენტში და დადასტურების შემთხვევაში, მათ მიმართ გამოყენებულ იქნეს კანონით გათვალისწინებული ზომები.

 

ხმის დათვლის პროცესის სხვა დარღვევები:

ჩვენი დამკვირვებლების ინფორმაციით, საუბნო საარჩევნო კომისიამ არასწორად მიიჩნია ბათილად ოზურგეთის #12 და #59 უბნებზე ბიულეტენები, რომლებზეც ერთი კანდიდატი იყო შემოხაზული და მეორე კანდიდატი იყო იქსით (X) გადახაზული.

- კერძოდ, ოზურგეთის #59 უბანზე კომისიამ ბათილად მიიჩნია 18 ბიულეტენი. ბათილ ბიულეტენებს შორის იყო „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის სასარგებლო 2 და მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის სასარგებლო 16 ბიულეტენი. საიას დამკვირვებლის ინფორმაციით, კომისიამ არასწრორად მიიჩნია ბიულეტენები ბათილად. ამ ფაქტზე საიას მხრიდან დაიწერა საჩივარი. ბიულეტინების ბათილობის საკითხის ხმაურიანი განხილვის პროცესში თავმჯდომარე გახდა შეუძლოდ. ამავდროულად უბანზე შემოვიდნენ სხვადასხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციების და მედია საშუალებების წარმომადგენლები, რომელთა ნაწილი ითხოვდა უბნის შედეგების ბათილობას და ერეოდა კომისიის საქმიანობაში.

- ოზურგეთის #12 უბანზე კომისია აპირებდა ბათილად ეცნო დაახლოებით 35 ისეთი ბიულეტენი, რომელზეც ამომრჩევლის ნება იკვეთებოდა და საკამათო არ უნდა გამხდარიყო მათი ნამდვილობა.

აღნიშნული ბათილი ბიულეტენებიდან დაახლოებით 12 ბიულეტენზე არჩევანი დაფიქსირებული იყო დამოუკიდებელი კანდიდატის სასარგებლოდ, ხოლო დაახლოებით 5 ბიულეტენზე კი, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის სასარგებლოდ. კომისია ფიქრობდა, რომ ასეთ შემთხვევებში (შემოხაზული იყო ერთ-ერთი კანდიდატის გვარი, ხოლო მეორის იყო გადახაზული) ბიულეტენზე ამომრჩევლის ნება არ იყო გამოვლენილი და იგი ბათილად უნდა ყოფილიყო მიჩნეული.

ბათილ ბიულეტენებთან დაკავშირებით მოსაზრება გამოთქვა საიას დამკვირვებელმაც. კომისიამ იმსჯელა აღნიშნულ საკითხზე და ზემოაღნიშნული ბიულეტენები სწორად მიიჩნია ნამდვილად.

- ოზურგეთის #16 უბანზე კომისიამ ბათილად მიიჩნია 30-მდე საარჩევნო ბიულეტენი. საიას დამკვირვებლის ინფორმაციით, დაახლოებით 17 ბათილი ბიულეტენი იყო ისეთი, რომელსაც ბიულეტენის უკანა მხარეს რეგისტრატორის ხელმოწერები არ ჰქონდა. დამკვირვებლის ინფორმაციით, აღნიშნულ 17 ბიულეტენზე ამომრჩეველს არჩევანი მერობის დამოუკიდებელ კანდიდატის სასარგებლოდ ჰქონდა გაკეთებული.

 

სხვა სახის დარღვევები: 

ყაზბეგის #3 უბანზე საიას დამკვირვებლის მიერ უბნიდან წამოღებული და ცესკოს ვებგვერდზე ატვირთული ამავე უბნის შემაჯამებელი  ოქმები განსხვავებულია. საიას დამკვირვებლის მიერ უბნიდან წამოღებულ შემაჯამებელ ოქმში შევსებული არ იყო ოქმის შედგენის თარიღი და დრო.

 

 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურს ქუთაისში, მარტვილში, ოზურგეთში, ხაშურში, ბორჯომსა და ყაზბეგში აკვირდებოდა. 

სტატიკური დამკვირვებლები განთავსდნენ ხაშურის, ბორჯომის, ოზურგეთისა და ყაზბეგის ყველა საარჩევნო უბანზე. მარტვილსა და ქუთაისში კი, ოლქისა და მობილური ჯგუფის მეშვეობით შევძელით პრობლემატურ უბნებსა და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესების დაკვირვება.

 

საიას ადგილობრივი თვითმმართველობის კენჭისყრის დღის მონიტორინგის მისიის განხორციელება შესაძლებელი გახდა ევროკავშირის, შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ბაქოში ნორვეგიის სამეფოს საელჩოს, „ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის“ (NED), აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველოს“ დაფინანსებით. განცხადებაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ და მისი შინაარსი შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციების შეხედულებებს.