18:00 საათისთვის საია აგრძელებს კენჭისყრის დღის მიმდინარეობის დაკვირვებას
უკანასკნელი საათების განმავლობაში საიას დამკვირვებლების მიერ იდენტიფიცირებული იქნა არსებითი ხასიათის დარღვევები:
სავარაუდოდ ამომრჩევლის მოსყიდვა
მთელი დღის განმავლობაში ვრცელდებოდა სხვადასხვა ინფორმაცია საარჩევნო სუბიექტების მიერ ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტებზე.
სენაკის #10 უბანზე დაფიქსირდა სავარაუდოდ ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან. აღნიშნულ უბანზე საიას დამკვირვებელმა უშუალოდ დაინახა ფულის გადაცემის ფაქტი და გაიგონა, რომ ამომრჩეველ ქალბატონს სთხოვეს „41“ ნომრის შემოხაზვა. მან კონკრეტული პირები ფოტოზეც აღბეჭდა. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ქმედება შეიცავს დანაშაულის ნიშნებს და მნიშვნელოვანია, რომ ამ ფაქტს მოყვეს შესაბამისი რეაგირება.
დამკვირვებლის საქმიანობაში ხელშეშლა და მუქარა დამკვირვებელზე
თელავის 45-ე უბანზე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ზაურ ყურაშვილმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა საიას დამკვირვებელს და საჩივრის დაწერის შემთხვევაში უბნიდან გაძევებით დაემუქრა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების ცემა
მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფიზიკურად გაუსწორდნენ მამა-შვილს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს თბილისში. აღნიშნული პირები საარჩევნო პროცესს საბურთალოს 48-ე საარჩევნო უბანზე აკვირდებოდნენ.
საიას დამკვირვებლებმა აღნიშნული ინფორმაცია გადაამოწმეს. როგორც დაზარალებულმა პირებმა საიას დამკვირვებლებს განუცხადეს, მას შემდეგ, რაც მათ საარჩევნო უბანი დატოვეს და სახლში წავიდნენ, 4 ავტომობილი აედევნა. სახლთან მისულები კი სცემეს. ადგილზე საპატრულო პოლიცია იყო მობილიზებული. გამოძიება დაიწყო 125-ე მუხლით.
მიგვაჩნია, რომ გამოძიების დაწყება მოხდა არასწორი კვალიფიკაციით. უპრიანი იქნებოდა გამოძიება დაწყებულიყო სპეციალური მუხლით, რომელიც ითვალისწინებს ცემას საარჩევნო კომისიის მიმდებარე ტერიტორიაზე ცემას ან სხვაგვარ ძალადობას.
კომისიის წევრის მოვალეობის ბრალეული შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება
საბურთალოს #32 უბანზე ადგილი აქვს კომისიის წევრების მხრიდან მოვალეობის ბრალეულ შეუსრულებლობას. კერძოდ, დღის განმავლობაში დათვლილი გაცემული ბიულეტენებისა და ამომრჩეველთა სიებში ხელმოწერების რაოდენობა ერთმანეთს არ დაემთხვა. სავარაუდოდ ფიქსირდება 10-ზე მეტი ზედმეტი ბიულეტენის გაცემა ვიდრე სიებში ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობაა. საიას დამკვირვებელმა დაწერა საჩივარი და მოითხოვა კენჭისყრის პროცესის შეწყვეტა. საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გრძელდება კენჭისყრა.
სენაკის #2 უბანზე გადასატანი საარჩევნო ყუთის უბანზე დაბრუნებისას, აღმოჩნდა, რომ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა ნაკლები იყო გადასატანი ყუთის თანმხლები კომისიის წევრებისთვის გადაცემული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობაზე.
ნაძალადევის #80 უბანზე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე იმყოფებოდა უბანზე და დაემუქრა საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს:„ ბუზის გაფრენის ხმა არა ისმოდესო თორე თავს მოგაჭრითო.“
მარნეულის #3 უბანზე დაფიქსირდა 3 შემთხვევა, როდესაც ამომრჩეველს სიაში ხელმოწერა დახვდა.
გლდანის #16 უბანზე დევნილი მოქალაქის მიერ ხმის მიცემა განხორციელდა დევნილის მოწმობის გარეშე.
რუსთავის #41 უბანზე რეგისტრატორმა ამომრჩევლის ნაცვლად მოაწერა ხელი.
სენაკის #7 უბანზე რეგისტრატორმა ამომრჩეველზე დადგენილზე მეტი ბიულეტენი გასცა.
აგიტაცია საარჩევნო უბანზე
გარდაბნის #1 უბანზე ადგილი ჰქონდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლო აგიტაციას სადამკვირვებლო ორგანიზაციის „თავისუფლებისა და თანასწორობის ცენტრის“ დამკვირვებლის მხრიდან.
დაპირისპირების ფაქტი
ხმაური იყო ზუგდიდის მე-18 უბანზე, სადაც ერთმანეთს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე და თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენელი დაუპირისპირდნენ. სიტყვიერი დაპირისპირების მიზეზი გახდა ის ფაქტი, რომ საკრებულოს წევრი, რომელიც საარჩევნო უბანზე მივიდა, უბნის გარეთ ესაუბრებოდა საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, რაზეც საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელმა მიუთითა, რომ ეს იყო პროცედურის დარღვევა. ამ ფაქტს თავმჯდომარისა და მისი მოადგილის გაღიზიანება მოჰყვა და დაპირისპირება სიტყვიერ შეურაცხყოფაში გადაიზარდა როგორც უბნის გარეთ, ასევე უბნის შიგნით.
არაუფლებამოსილი პირის ყოფნა საარჩევნო უბანზე
სოფელ ნასაკირალში საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა პოლიციის წარმომადგენელი. მას შემდეგ რაც საიას დამკვირვებელმა მისი უბანზე ყოფნის საფუძველი გამოიკითხა, პოლიციელმა დატოვა ტერიტორია.
ხმის მიცემის წესის დარღვევა
რუსთავის #20 უბანზე ადგილი ჰქონდა 2 პირის მიერ ერთდროულად ხმის მიცემას.
საერთო სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველოს დამკვირვებლების მიერ დაფიქსირებული დარღვევები საიას პროგრამის[1], ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკური-საარჩევნო უფლებათა რეალიზების ფარგლებში:
თეთრიწყაროს #69 უბანზე დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც რეგისტრატორის მხრიდან ხდებოდა სარჩევნო ბიულეტენის მოხევა იმგვარად, რომ საარჩევნო სუბიექტი პირველი ნომერი საარჩევნო ბლოკი „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ არ ჩანდა ბიულეტენზე და მიყვებოდა მოხეულ ნაწილს. ,,მრავალეროვანი საქართველო“-ს დამკვირვებელმა აღნიშნულ დარღვევასთან დაკავშირებით მოამზადა საჩივარი, რომელიც დაკმაყოფილდა და რეგისტრატორი შეიცვალა. შესაბამისად, პროცესი კანონის მოთხოვნების დარღვევის გარეშე გაგრძელდა.
ამ დროისათვის ზემოთ აღნიშნულ დარღვევებზე საიას დამკვირვებლებმა დაწერეს 100 საჩივარი და 72 შენიშვნა დააფიქსირეს ჩანაწერთა წიგნში.
საია დაფუძნების დღიდან (1994 წელი) აქტიურად აკვირდება საკანონმდებლო, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და ცდილობს ხელი შეუწყოს არჩევნების მშვიდ, სამართლიან გარემოში ჩატარებას, საარჩევნო პროცესების დროს საქართველოს კანონმდებლობის განუხრელ დაცვას.
8 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების დღეს საია თბილისისა და 9 რეგიონში 500 - მდე დამკვირვებლით აკვირდება.
სტატიკური დამკვირვებლები განთავსებული არიან საქართველოს მასშტაბით 400 საარჩევნო უბანში. 61 მაჟორიტარულ ოლქში მოძრაობს მობილური ჯგუფები. საია დაკვირვებას ახორციელებს გამონაკლის შემთხვევებში შექმნილ უბნებსა და წინა არჩევნების დროს გამოკვეთილ პრობლემურ უბნებში.[2] აგრეთვე, დაკვირვება განხორციელდება ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ ოლქებში, სადაც დაკვირვებას განახორციელებენ როგორც საიას დამკვირვებლები, ასევე, საერთო სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველოს დამკვირვებლები, საიას პროგრამის[3], ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკური-საარჩევნო უფლებათა რეალიზების ფარგლებში.
არჩევნების დღეს საიაში იმუშავებს სპეციალური ცხელი ხაზი, რომლის მეშვებით, მოქალაქეებს, შეეძლებათ სამართლებრივი კონსულტაციების მიღება კენჭისყრის პროცედურებთან დაკავშირებით. კენჭისყრის დღეს, საიაში ასევე იმუშავებს ცხელი ხაზი ჟურნალისტებისა და მედია ორგანიზაციებისათვის. ცხელი ხაზის ნომერზე დარეკვით ჟურნალისტებს და მედია ორგანიზაციებს შეუძლიათ მიიღონ მათთვის საინტერესო ინფორმაცია და იურიდიული კონსულტაცია საარჩევნო პროცედურების, კენჭისყრის დღის დარღვევებისა და მათზე რეაგირების გზების შესახებ და შეეძლებათ მოგვაწოდონ ინფორმაცია მათ მიერ კენჭისყრის დღეს დაფიქსირებული დარღვევების შესახებ.
ცხელი ხაზის ნომერია: 223-63-48
არჩევნების დღეს საიას საარჩევნო-ანალიტიკური ბაზა რეალურ დროში შეაგროვებს ინფორმაციას და მოახდენს მის ანალიზს - საქართველოს ყველა რეგიონში წარგზავნილი დამკვირვებლებისა და ანალიტიკოსების მეშვეობით.
ასევე არჩევნების დღის დარღვევების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ www.electionsportal.ge-ს, სადაც შეგიძლიათ განათავსოთ თქვენს მიერ დაფიქსირებული დარღვევა ონლაინ ფორმის შევსებით ან უფასო SMS-ის საშუალებით ნომერზე 90039.
არჩევნების დღის დაკვირვების მიმდინარეობის თაობაზე საია დღის განმავლობაში კიდევ სამ ბრიფინგს გამართავს არასამთავრობო ორგანიზაციათა მედია-ცენტრში (მისამართი: თავისუფლების მოედანი #1).
მომდევნო ბრიფინგი გაიმართება: 21:00 საათზე, ხოლო 9 ოქტომბერს საია შეაფასებს არჩევნების დღეს და ბრიფინგს გამართავს 12:00 საათზე.
საიას საპარლამენტო არჩევნების კენჭისყრის დღის მონიტორინგის მისიის განხორციელება შესაძლებელი გახდა დიდი ბრიტანეთის სამეფოს საელჩოს, ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს, შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველოს“ დაფინანსებით. განცხადებაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ და მისი შინაარსი შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციების შეხედულებებს.
[1] პროგრამა ხორციელდება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით განხორციელებული საიას პროექტის ფარგლებში.
[2] აღნიშნულ უბნების იდენტიფიცირება მოხდა საიას დამკვირვებლების მიერ გასული პერიოდის არჩევნებზე დაფიქსირებული დარღვევების მიხედვით
[3] პროგრამა ხორციელდება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით განხორციელებული საიას პროექტის ფარგლებში.