დღის 14:00 საათისთვის საია აგრძელებს კენჭისყრის დღის მიმდინარეობის დაკვირვებას.
ძირითადად, კენჭისყრის პროცესი მიმდინარეობს მშვიდ ვითარებაში. ამ დროისათვის დაფიქსირებული დარღვევები:
საიას დამკვირვებლების მიერ იდენტიფიცირებულ იქნა სხვადასხვა სახის დარღვევები და დაიწერა საჩივრები.
საიას დამკვირვებელმა ნაძალადევის 18 უბანზე მოიპოვა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატის სოფო კილაძის „მხარდამჭერთა სია“, რომელიც სავარაუდოდ ერთ-ერთ აქტივისტს დარჩა საარჩევნო უბანზე. სიის გადამოწმების შედეგად საიამ გამოავლინა ფაქტი, როდესაც ამომრჩეველი მისი თანხმობის გარეშე აღმოჩნდა სიაში.
საია ჯერ კიდევ საარჩევნო პერიოდში საუბრობდა სხვადასხვა წყაროებიდან მიღებული ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები აწარმოებდნენ ამომრჩეველთა პირადი მონაცემების (სახელი, გვარი, პირადი ნომერი) აღრიცხვას, თუმცა ისინი არ განმარტავდნენ აღნიშნული მონაცემების შეგროვების მიზანს. აღსანიშნავია, რომ სახელი, გვარი და პირადი ნომერი პირის პერსონალურ ინფორმაციას წარმოადგენს და მისი დამუშავება ამომრჩევლის თანხმობის გარეშე აკრძალულია.
კომისიის წევრების მოვალეობის არაჯეროვანი/ბრალეული შესრულება
ხმაური იყო დიდუბის 14 უბანზე. საიას დამკვირვებლის ინფორმაციით, საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელ ოქმებზე წინასწარ გაკეთებულია კომისიის წევრების ხელმოწერები. ასევე ამავე უბანზე მოხდა ყუთის გახსნა და სავარაუდოდ საკონტროლო ფურცელში ცვლილებების შეტანა, რითად დაირღვა ლუქის მთლიანობა. კომისიის წევრების ახსნა-განმარტებით, მათ დაუშვეს შეცდომა და უბანზე პირველი ამომრჩევლის მოსვლის დროს საკონტროლო ფურცელის შევსების ნაცვლად საარჩევნო უბნის შემაჯაბელ ოქმში გააკეთეს ხელმოწერები. მას შემდეგ, რაც აღმოაჩინეს, რომ დაუშვეს შეცდომა, შეეცადნენ მის გამოსწორებას და გახსნეს საარჩევნო ყუთი, რითაც დაირღვა ლუქის მთლიანობა. აღნიშნულ უბანზე საიას დამკვირვებელმა საჩივარი დაწერა.
სამგორის #5 უბანზე რეგისტრატორმა ამომრჩევლის მონაცემების საარჩევნო სიაში მოძებნამდე გაუკეთა ამომრჩეველს მარკირება პირადობის მოწმობის შემოწმების გარეშე დადგინდა, რომ ეს პირი ამ უბანზე არ იყო რეგისტრირებული. რეგისტრატორმა ახსნა-განმარტება დაწერა.
გარდაბნის #6 უბანზე კომისიის წევრები დამკვირვებლებს არ აძლევდნენ შესაძლებლობას ჩანაწერთა წიგნში დაეფიქსირებინათ შენიშვნები საოლქო საარჩევნო კომისიიდან შესაბამისი მითითების მიცემის გარეშე.
სენაკის საოლქო საარჩევნო კომისიაში არ არის სათანადო პირობები დამკვირვებლის უფლებამოსილების სრულყოფილად განსახორციელებლად, იზოლირებულია ოთახები და შესაბამისად დამკვირვებლები სხვა ოთახში იმყოფებიან, ხოლო საარჩევნო ადმინისტრაცია სხვა ოთახში მუშაობს. მოვუწოდებთ საოლქო საარჩევნო კომისიას უზრუნველყოს დამკვირვებლის მუშაობა.
ფოტოგადაღების უფლების უზრუნველყოფა გამონაკლის შემთხვევაში შექმნილ უბანზე
ქუთაისის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გახსნილ გამონაკლის შემთხვევაში შექმნილ უბანზე პრობლემა შეექმნათ მედიის წარმომადგენლებს შეეტანათ შესაბამისი ტექნიკა და გადაეღოთ კენჭისყრის უბანი. ჩვენ დავუკავშირდით სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრს და მისი ჩარევის შემდეგ პრობლემა აღმოიფხვრა. დროული და კანონშესაბამისი რეაგირება მინისტრის მხრიდან პოზიტიურ შეფასებას იმსახურებს.
დამკვირვებლის საქმიანობისათვის ხელშეშლა
ზუგდიდის #93 უბანზე საიას დამკვირვებელს უარი უთხრეს საჩივრის დარეგისტრირებაზე, რასთან დაკავშირებითაც დაიწერა საჩივარი.
საკონტროლო ფურცლის შევსებასთან დაკავშირებული ხარვეზები
სამგორის #12 და #37 უბნებზე საკონტროლო ფურცელი არასრულყოფილად იყო შევსებული (არ იყო მითითებული პირველი ამომრჩევლის რეგისტრაციის მისამართი.)
სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლების არასათანადო ქცევა საარჩევნო უბნებზე
ბათუმის #1 უბანზე სადამკვირვებლო ორგანიზაციის და საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლების მხრიდან ადგილი ჰქონდა ეთიკის ნორმების დარღვევას და არასათანადო ქცევას, აღნიშნული ქმედება წარმოადგენს კომისიის საქმიანობაში ჩარევას, რაც აკრძალულია მოქმედი კანონმდებლობით.
აღნიშნულ უბნებზე სადამკვირვებლო ორგანიზაციის „თავისუფლებისა და თანასწორობის მოძრაობის“ დამკვირვებლის მიერ ადგილი ჰქონდა არაეთიკურ ქმედებებს. აღნიშნული პირები გაძევებულ იქნენ უბნიდან.
უბნის არასათანადოდ მოწყობა
მარნეულის #36 უბანზე საარჩევნო ყუთი იყო დაზიანებული და საიას დამკვირვებლის მითითების შემდეგ საარჩევნო ყუთი გამოიცვალა.
სამგორის #7-ე და #9 საარჩევნო უბნებზე არ იყო გამოკრული ამომრჩეველთა ერთიანი სია.
არაუფლებამოსილი პირების ყოფნა უბანზე
გორის #102 და კასპის #27 უბნებზე იმყოფებოდა სადამკვირვებლო ორგანიზაციის 2 დამკვირვებელი. ორგანიზაცია „მომავლის არჩევანი“ დამკვირვებლები კასპში და „გორი-ახალგაზრდა ინიციატორთა კლუბი“ გორში. საიას დამკვირვებლის მითითების შემდეგ დარღვევა აღმოიფხვრა.
არაუფლებამოსილ პირთა ყოფნა უბნის გარე პერიმეტრზე
უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან პირები, რომლებიც აწარმოებენ მოსული ამომრჩევლის აღრიცხვას. განვმარტავთ, რომ აღნიშნული წარმოადგენს ამომრჩევლის ნების გამოვლენაზე ირიბ კონტროლს, რაც პრობლემაა. აღნიშნული ფაქტები მიუთითებს, რომ დღის წესრიგში კვლავ დგას ამ საკითხის საკანონმდებლო რეგულირების აუცილებლობა, რაც საჭიროებს საარჩევნო კოდექსში უბნის მიმდებარე ტერიტორიის ცნების განსაზღვრას. (სამგორის #24,25,26, ნაძალადევის #18, დიდუბის #6, თელავისა და ლაგოდეხის უბნებზე).
ინფორმაცია სავარაუდოდ ამომრჩევლის მოსყიდვის შესახებ
მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ მთაწმინდის ოლქში #20, #22 უბნებთან ადგილი ჰქონდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ამომრჩევლებისათვის თანხის დარიგებას. საიას დამკვირვებლებმა გადაამოწმეს აღნიშნული ფაქტი. ადგილზე მისვლისას მსგავსი ფაქტი არ დაფიქსირდა.
საერთო სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველოს დამკვირვებლების მიერ დაფიქსირებული დარღვევები საიას პროგრამის[1], ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკური-საარჩევნო უფლებათა რეალიზების ფარგლებში.
მარნეულში #36, #22 და #71 საარჩევნო უბნებზე ბიულეტენებს, რომლებიც გადასატან ყუთს გააყოლეს, არ ჰქონდა რეგისტრატორის ხელმოწერა.
ამ დროისათვის საარჩევნო დარღვევებზე საიას დამკვირვებლებმა დაწერეს 62 საჩივარი და 48 შენიშვნა დააფიქსირეს ჩანაწერთა წიგნში.
საია დაფუძნების დღიდან (1994 წელი) აქტიურად აკვირდება საკანონმდებლო, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და ცდილობს ხელი შეუწყოს არჩევნების მშვიდ, სამართლიან გარემოში ჩატარებას, საარჩევნო პროცესების დროს საქართველოს კანონმდებლობის განუხრელ დაცვას.
8 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების დღეს საია თბილისისა და 9 რეგიონში 500 - მდე დამკვირვებლით აკვირდება.
სტატიკური დამკვირვებლები განთავსებული არიან საქართველოს მასშტაბით 400 საარჩევნო უბანში. 61 მაჟორიტარულ ოლქში მოძრაობს მობილური ჯგუფები. საია დაკვირვებას ახორციელებს გამონაკლის შემთხვევებში შექმნილ უბნებსა და წინა არჩევნების დროს გამოკვეთილ პრობლემურ უბნებში.[2] აგრეთვე, დაკვირვება განხორციელდება ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ ოლქებში, სადაც დაკვირვებას განახორციელებენ როგორც საიას დამკვირვებლები, ასევე, საერთო სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველოს დამკვირვებლები, საიას პროგრამის[3], ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკური-საარჩევნო უფლებათა რეალიზების ფარგლებში.
არჩევნების დღეს საიაში იმუშავებს სპეციალური ცხელი ხაზი, რომლის მეშვებით, მოქალაქეებს, შეეძლებათ სამართლებრივი კონსულტაციების მიღება კენჭისყრის პროცედურებთან დაკავშირებით. კენჭისყრის დღეს, საიაში ასევე იმუშავებს ცხელი ხაზი ჟურნალისტებისა და მედია ორგანიზაციებისათვის. ცხელი ხაზის ნომერზე დარეკვით ჟურნალისტებს და მედია ორგანიზაციებს შეუძლიათ მიიღონ მათთვის საინტერესო ინფორმაცია და იურიდიული კონსულტაცია საარჩევნო პროცედურების, კენჭისყრის დღის დარღვევებისა და მათზე რეაგირების გზების შესახებ და შეეძლებათ მოგვაწოდონ ინფორმაცია მათ მიერ კენჭისყრის დღეს დაფიქსირებული დარღვევების შესახებ.
ცხელი ხაზის ნომერია: 223-63-48
არჩევნების დღეს საიას საარჩევნო-ანალიტიკური ბაზა რეალურ დროში შეაგროვებს ინფორმაციას და მოახდენს მის ანალიზს - საქართველოს ყველა რეგიონში წარგზავნილი დამკვირვებლებისა და ანალიტიკოსების მეშვეობით.
ასევე არჩევნების დღის დარღვევების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ www.electionsportal.ge-ს, სადაც შეგიძლიათ განათავსოთ თქვენს მიერ დაფიქსირებული დარღვევა ონლაინ ფორმის შევსებით ან უფასო SMS-ის საშუალებით ნომერზე 90039.
არჩევნების დღის დაკვირვების მიმდინარეობის თაობაზე საია დღის განმავლობაში კიდევ სამ ბრიფინგს გამართავს არასამთავრობო ორგანიზაციათა მედია-ცენტრში (მისამართი: თავისუფალების მოედანი #1).
მომდევნო ბრიფინგები გაიმართება: 18:00 საათსა და 21:00 საათზე, ხოლო 9 ოქტომბერს საია შეაფასებს არჩევნების დღეს და ბრიფინგს გამართავს 12:00 საათზე.
საიას საპარლამენტო არჩევნების კენჭისყრის დღის მონიტორინგის მისიის განხორციელება შესაძლებელი გახდა დიდი ბრიტანეთის სამეფოს საელჩოს, ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს, შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველოს“ დაფინანსებით. განცხადებაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ და მისი შინაარსი შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციების შეხედულებებს.
[1] პროგრამა ხორციელდება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით განხორციელებული საიას პროექტის ფარგლებში.
[2] აღნიშნულ უბნების იდენტიფიცირება მოხდა საიას დამკვირვებლების მიერ გასული პერიოდის არჩევნებზე დაფიქსირებული დარღვევების მიხედვით
[3] პროგრამა ხორციელდება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით განხორციელებული საიას პროექტის ფარგლებში.