მიმდინარე წლის აგვისტოში, ოთხმა არასამთავრობო ორგანიზაციამ - „უფლებები საქართველო“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ და „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ საქართველოს პროკურატურას მიმართა თხოვნით გაასაჯაროოს ინფორმაცია 2012-2020 წლებში მოსამართლეების წინააღმდეგ წარმოებული სისხლისსამართლებრივი საქმეების შესახებ. ინფორმაციის მოთხოვნის მიზანია გაირკვეს ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ რამდენად ხშირად მიმდინარეობდა სისხლის სამართლებრივი გამოძიება და დევნა მოქმედი მოსამართლეების მიმართ და ხომ არ იყო ეს მექანიზმი გამოყენებული მოსამართლეებზე პირდაპირი და არაპირდაპირი ზეწოლის მიზნით.
კერძოდ, გენერალურ პროკურატურას ეთხოვა წარმოედგინა სტატისტიკური ინფორმაცია - 2012 წლის შემდეგ:
- რამდენი მოსამართლე დაიბარეს პროკურატურაში მოწმის სახით ჩვენების მისაღებად ან გამოსაკითხად;
- რამდენი მოსამართლის ოჯახის წევრი დაიბარეს მოწმის სახით ჩვენების მიღების ან გამოკითხვის მიზნით.
- რამდენ საქმეზე დაიწყო გამოძიება მოსამართლეების მიერ ჩადენილ შესაძლო დანაშაულებთან დაკავშირებით და რა ბედი ეწია ამ საქმეებს;
- რამდენ საქმეზე მიმართა პროკურატურამ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს მოსამართლის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის მიზნით.
პროკურატურის მიერ პირველ და მეორე მოთხოვნაზე გაცემული გაცემული პასუხის თანახმად ამ საკითხებზე მონაცემებს ისინი არ ამუშავებენ, ხოლო მესამე და მეოთხე მოთხოვნაზე გაცემული პასუხის მიხედვით, მოსამართლეების მიმართ სისხლის სამართლის წარმოება არ მიმდინარეობს.
მიგვაჩნია, რომ პროკურატურის პასუხი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე განზრახ თავის არიდებაა. პირველ შემთხევაში ის ტექნიკური მიზეზით ამბობს გასცეს პასუხი უარს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე კითხვას, ხოლო მეორეში მანიპულირებს (კითხვა წარსულსაც მოიცავს პასუხი კი მხოლოდ არსებულ მდგომარეობას შეეხება, ძველ მონაცემებზე კი არაფერს ამბობს). საზოგადოებას ლეგიტიმური ინტერესი იცოდეს რამდენი მოსამართლე დაექვემდებარა სისხლის სამართლებრივ დევნას ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ და რა ბედი ეწია ამ საქმეებს. შესაბამისად, არასამთავრობო ორგანიზაციები კიდევ ერთხელ მოუწოდებენ საქართველოს გენერალურ პროკურატურას, გაასაჯაროოს ინფორმაცია რომლის მიმართ არსებობს საზოგადოებრივი ინტერესი.