სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ერთობლივი განცხადება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით

2013-05-02 06:36
Featured image

არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმიანებიან  სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატან ცვლილებებს  და მოუწოდებენ საქართველოს პარლამენტს, უზრუნველყოს საკანონმდებლო დონეზე დაცვის უფლების განხორციელების ეფექტიანი გარანტიების შექმნა. 

საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის თავდაპირველი ვარიანტი ითვალისწინებდა დაცვის ეფექტიანი განხორციელებისათვის აუცილებელ და მნიშვნელოვან გარანტიებს, როგორიცაა:

დაცვის მხარის უფლება, გამოეთხოვა საჯარო თუ კერძო დაწესებულებიდან დაცვის განსახორციელებლად საჭირო მტკიცებულებები;
დაცვის მხარის უფლება, ეშუამდგომლა სასამართლოს წინაშე ჩხრეკისა და ამოღების ჩატარებს შესახებ;
დაცვის მხარის უფლება, დაცვის ქვეშ მყოფი პირის ინტერესებიდან გამომდინარე გაესაჩივრებინა განაჩენი და სხვა საპროცესო გადაწყვეტილებები. 
 
სამოქალაქო საზოგადოებამ მხარი დაუჭირა და მოიწონა მთავრობის ზემოაღნიშნული ინიციატივა, რადგან ის მნიშვნელოვნად აუმჯობესებდა დაცვის ეფექტიანობის ხარისხს, ხელს უწყობდა მხარეთა შეჯიბრებითობას და ქმნიდა სამართლიანი სასამართლოს განხორციელების გარანტიებს. 
 
საქართველოს პარლამენტმა ორი მოსმენით ზემოაღნიშნული კანონპროექტი მიიღო მნიშვნელოვნად სახეშეცვლილი ფორმით. კერძოდ, ადვოკატს არ მიენიჭა უფლება, გამოითხოვოს ინფორმაცია კერძო და საჯარო დაწესებულებიდან, ხოლო სასამართლოში ჩხრეკისა და ამოღების შესახებ შუამდგომლობით მიმართვის უფლების ამოქმედება პარლამენტმა გადაავადა 2014 წლის 01 სექტემბრამდე. 
 
უდავოა, რომ ამ ფორმით კანონის მიღება ხელს შეუშლის დაცვის უფლების ეფექტიან განხორციელებას, რაც თავის მხრივ, მნიშვნელოვნად დასწევს მართლმსაჯულების განხორციელების ხარისხს ჩვენს ქვეყანაში. საგულისხმოა, რომ დაცვის უფლების ამგვარი შეზღუდვები არაერთხელ უარყოფითად იქნა შეფასებული იურისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მხრიდან.
 
2013 წლის  01 მაისს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მესამე მოსმენით მიღებულ იქნა ზემოხსენებული კანონპროექტი, ხოლო საკითხის სხდომაზე განხილვისას ჩხრეკისა და ამოღების შესახებ შუამდგომლობის დაყენების უფლების გადავადების ერთადერთ არგუმენტად დასახელდა ის ფაქტი, რომ „პროკურატურა ამისთვის ჯერ მზად არ არის“. იმავე დღეს კანონპროექტი საბოლოო, მესამე მოსმენით მიღებულ იქნა პლენარულ სხდომაზე. 
 
მიგვაჩნია, რომ პროკურატურის მზადყოფნა, ან პირიქით არ უნდა იყოს პარლამენტისთვის დამაჯერებელი და დასაბუთებული არგუმენტი, რამაც შესაძლოა ამ ნორმის ამოქმედების გადავადება გამოიწვიოს და ამით მნიშვნელოვნად შეუშალოს ხელი დაცვის ეფექტიან განხორციელებას. უფრო მეტიც, მსგავსი ლოგიკით,  პროკურატურის ან სხვა სახელმწიფო ორგანოსათვის არასასურველი ცვლილებები შესაძლოა,  დაუსრულებლად არ გავიდეს და ამით დაზარალდეს მართლმსაჯულების ხარისხი. 
  
კონსტიტუციის 42-ე მუხლი;
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;
საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია;
ციხის საერთაშორისო რეფორმა;
საზოგადოებრივი დამცველი.