სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ერთობლივი განცხადება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით

2013-04-30 06:32
Featured image

საქართველოს პარლამენტი განიხილავს მთავრობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ. წარმოდგენილი კანონპროექტი ითვლისწინებს მნიშვნელოვან ცვლილებებს, რომლებსაც არსებითი გავლენა ექნებათ სისხლის სამართალწარმოებასა და მართლმსაჯულებაზე. 

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები მიუთითებდნენ კანონპროექტში არსებული ცალკეული ხარვეზების გამოსწორების საჭიროებაზე, თუმცა, დიდწილად  პოზიტიურად აფასებდნენ მას. კანონპროექტის ინიცირებული ვერსიისაგან განსხვავებით მეორე მოსმენით მიღებული ვერსია კიდევ უფრო მეტ ხარვეზს შეიცავს.

თავის დროზე დადებითი გამოხმაურება ჰპოვა ჩანაწერმა, რომლითაც დაცვის მხარეს ენიჭება უფლება, დასაბუთებული შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს საგამოძიებო მოქმედების - ჩხრეკის და ამოღების ჩატარების თაობაზე, რამდენადაც ამ უფლების გარეშე დაცვის მხარე არსებითად იზღუდება მტკიცებულებათა მოპოვების პროცესში. ეს შეზღუდვა მხარეთა თანასწორობის პრინციპს არსებითად ეწინააღმდეგება. წარმოდგენილი ცვლილების ამოქმედება გათვალისწინებული იყო დაუყოვნებლივ, მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე. საპარლამენტო განხილვების განმავლობაში კანონპროექტის ინიცირებული ვერსია გაუარესდა. მეორე მოსმენით მიღებულ დოკუმენტში ჩაიწერა, რომ დაცვის მხარის აღნიშნული უფლება ამოქმედდება 2014 წლის 1 სექტემბრიდან. ამასთან, მიეთითა, რომ ბრალდების მხარეს აქვს ამ გზით მოპოვებული მტკიცებულების პირველადი გამოკვლევის უფლება. 
 
კანონპროექტმა სხვა ნეგატიური შესწორებებიც განიცადა: მითითებული ნორმების ამოქმედებისთანავე (2014 წლის 1 სექტემბრიდან) უქმდება დაცვის მხარის საგამონაკლისო უფლება (სსსკ-ს 84-ე მუხლი), რომელიც მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს. კერძოდ, აღნიშნული ნორმით დაცვის მხარე უფლებამოსილია სასამართლოში საქმის არსებით განხილვაზე წარადგინოს ერთი ისეთი მტკიცებულება, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაცვის  უზრუნველსაყოფად, რაც არ იწვევს ამ მტკიცებულების დაუშვებლობას. ასევე, კანონპროექტის ინიცირებული ვერსიიდან ამოღებულია ჩანაწერი, რომელიც ბრალდებულს ანიჭებდა უფლებას გამოეთხოვა ცნობა, დახასიათება და სხვა დოკუმენტი სახელმწიფო ან კერძო დაწესებულებიდან, საწარმოდან ან ორგანიზაციიდან, ხოლო ეს დაწესებულებები ხდებოდნენ ვალდებულნი, შეესრულებინათ ასეთი მოთხოვნა.
 
წინამდებარე განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციები ზემოაღნიშნულ ცვლილებებს ვაფასებთ, როგორც კანონპროექტის ინიცირებული ვერსიის გაუარესებას, მთავრობის მიერ თავდაპირველად შემოთავაზებული სტანდარტების დადაბლებას. მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა საშუალება და არ დაუშვას კანონპროექტის ინიცირებული ვერსიის გაუარესება, პირიქით, გაითვალისწინოს სამოქალაქო საზოგადოების შესაბამისი ინიციატივები და იმუშაოს კანონპროექტის ინიცირებული ვერსიის გაუმჯობესების მიმართულებით.
 
ხელმომწერი ორგანიზაციები:
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია
კონსტიტუციის 42-ე მუხლი
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო 
საზოგადოებრივი დამცველი
ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი
საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის
„ციხის საერთაშორისო რეფორმა“