სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა საქართველოს პარლამენტს

2015-02-13 10:22
Featured image

როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, 2014 წლის 25 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოსთან დაკავშირებული მოვლენების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის საკითხს. კომისიის გამოსაკვლევ საკითხად განისაზღვრა - საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს შესაბამის თანამდებობის პირთა მიერ საყდრისი-ყაჩაღიანთან დაკავშირებით განხორციელებული ქმედების (მათ შორის, ძეგლის სტატუსის მოხსნისა და კომპანია “RMG-Gold”-ის მიერ საბადოს ტერიტორიაზე სამუშაოების ჩატარების საკითხი) შესწავლა.

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის თაობაზე საკითხის მხარდაჭერის შემდეგ, კომისიაში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს განსაზღვრავს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი და ამტკიცებს პარლამენტის ბიურო. ხოლო, დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრთა კანდიდატურების წარდგენის შემდეგ კენჭი ეყრება დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ გადაწყვეტილების პროექტს.
 
ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად,  ყველა შესაბამისი სუბიექტის  მიერ  ამ დრომდე სრულად არ მომხდარა დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრობის კანდიდატების დასახელება. აღნიშნული გარემოება მნიშვნელოვნად ამცირებს საყდრისი-ყაჩაღიანის საკითხზე საგამოძიებო კომისიის შექმნის და გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას.
 
მოვუწოდებთ ყველა საპარლამენტო ფრაქციას, რომ ზემოთ აღნიშნული დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზნით, პატივი სცეს საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას, გამოიჩინოს მაღალი სამოქალაქო და პოლიტიკური პასუხისმგებლობა და დაასახელოს დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრობის კანდიდატები.
 
ამასთან, გამოვხატავთ მზადყოფნას, რომ აქტიურად ვითანამშრომლოთ საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიასთან და მივაწოდოთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა ის ოფიციალური ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია საყდრისი-ყაჩაღიანთან და უაღრესად მნიშვნელოვანია საკითხზე ობიექტური გადაწყვეტილების მისაღებად. 
 
 
ხელმომწერი ორგანიზაციები:
 
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
 
ფონდი ღია საზოგადოება საქართველო (OSGF)
 
ასოციაცია მწვანე ალტერნატივა
 
აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურის და ხელოვნების საბჭო
 
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
 
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EFRC)
 
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
 
გარემო და განვითარება