2014 წლის 23 იანვარს, საქართველოს პარლამენტმა მოახდინა საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვეობის კანდიდატების მეორე ეტაპის კენჭისყრა. ორივე ეტაპის კენჭისყრის შედეგად, ცხრა ვაკანტურ თანამდებობაზე სულ ოთხი კანდიდატი აირჩა.
გვინდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოლიტიკური გავლენისგან გათავისუფლება წარმოადგენს საქართველოს დემოკრატიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს პროფესიონალი, საზოგადოების ნდობით აღჭურვილი და პოლიტიკურად მიუკერძოებელი კანდიდატებისგან დაკომპლექტება ამ პროცესის მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს. ამ პროცესის მნიშვნელობას ხაზს უსვამს არამხოლოდ საზოგადოების, მედიისა და არასამთავრობო სექტორის ყურადღება, არამედ დიპლომატიური კორპუსის განცხადებებიც, რომლებიც მიესალმებოდნენ საზოგადოებრივი საკონკურსო კომისიის გამჭვირვალე საქმიანობას და აღნიშნავდნენ სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების აუცილებლობას შესარჩევი კომისიის მიერ წარდგენილი 27 კანდიდატიდან.
ჩვენც გვინდა აღვნიშნოთ, რომ სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატთა შესარჩევმა კომისიამ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნდობა მოიპოვა, ვინაიდან საქმიანობა ღიად, გამჭვირვალედ და კანონის მოთხოვნების შესაბამისად წარმართა. კომისიის საქმიანობის ხარისხი აისახა პარლამენტისთვის წარდგენილ 27 კაციან სიაში, რომელიც პარლამენტსა და უფლებამოსილ სუბიექტებს აძლევდა არჩევანის საკმაოდ ფართო შესაძლებლობას.
იმის გათვალისწინებით, რომ საზოგადოებას სხვადასხვა ხელისუფლებების პირობებში დემოკრატიული პროცესებისადმი გარკვეული უნდობლობა ჩამოუყალიბდა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საბოლოო შედეგი ცხრაკაციანი სამეურვეო საბჭოს სახით, არამედ ის თუ როგორ ხდება სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატთა შერჩევა. სამწუხაროდ, კომისიის მიერ პროცესისადმი მაღალი სანდოოობის მოპოვების შემდგომ, პარლამენტმა ვერ მოახერხა პროცესის იმგვარად წარმართვა, რომ ეჭვქვეშ არ დაეყენებინა საკუთარი ნება გაეთავისუფლებინა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო პოლიტიკური გავლენისგან.
სამწუხაროდ, ჯერ კიდევ კომისიის მიერ საქმიანობის დაწყების პირველ დღეებში, მმართველი კოალიციის წარმომადგენელთა განცხადებები კონკურსის ვადის გახანგრძლივებასა და კანდიდატობის მსურველებისათვის დამატებითი შესაძლებლობის მიცემის შესახებ, უმცირესობის დეპუტატთა მიერ კანდიდატთა დასახელების შემდგომ საკუთარი ხმების უკან გამოთხოვის პრეცედენტები, კენჭისყრის პროცესის მეორე ეტაპზე ხმის მიცემისას დამდგარი შედეგი, სადაც არ იკვეთება სუბიექტებს შორის კონსენსუსის მიღწევის მცდელობა, - მიუთითებს მაუწყებლის შესახებ კანონის ცვლილებების სულისკვეთების უგულებელყოფას, რომელსაც უნდა უზრუნველეყო, სუბიექტებს შორის კონსენსუსის საფუძველზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის გამჭვირვალობა და მეტი პლურალიზმი მის საქმიანობაში.
მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, ახალი კონკურსის ორგანიზების შემთხვევაში, უზრუნველყოს მისი ჩატარება ძველი კომისიის შემადგენლობის პირობებში, რათა მათ მიერ პროცესისადმი უკვე მოპოვებული ნდობა საბჭოს დაკომპლექტების საბოლოო შედეგში იყოს გარანტირებული. ასევე, მოვუწოდებთ პარლამენტს მიიღოს დროული და ეფექტიანი გადაწყვეტილება, რათა ახალმა სამეურვეო საბჭომ უზრუნველყოს საზოგადოებრივი მაუწყებლის შეუფერხებელი საქმიანობა, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური და საზოგადოებრივი პროცესების, მათ შორის მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ მოსახლეობის შეუფერხებლად და თავისუფლად ინფორმირების მიზნით.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
არასამთავრობო ორგანიზაცია "სიდა"
კონსტიტუციის 42-ე მუხლი
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
მედიის განვითარების ფონდი