მოკლე მიმოხილვა
სამი არასამთავრობო ორგანიზაციის მონიტორინგმა აჩვენა, რომ, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, 2014 წლის წინასაარჩევნო პერიოდში ნაკლები იყო საარჩევნო კანონმდებლობის სხვადასხვა ტიპის დარღვევები, მათ შორის ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენების შემთხვევები, ამომრჩევლის მოსყიდვის, პოლიტიკური აქტივისტების დაშინებისა და დაკავების ფაქტები. თუმცა, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით, პრობლემები 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისწინა პერიოდში გაცილებით მეტი იყო.
2013-2014 წლებში მიმდინარე თვითმმართველობის კოდექსის შემუშავებისა და საარჩევნო კოდექსის რეფორმის პროცესში არსებობდა ფუნდამენტური საკანონმდებლო ცვლილებების მოლოდინი, თუმცა რეფორმის საბოლოო შედეგები ხელისუფლების მიერ თავდაპირველად გაცხადებულ ამბიციურ გეგმებს არ შეესაბამება. სამწუხაროა, რომ არ შეცვლილა საარჩევნო სისტემა, რაც რეფორმის ძირითადი პრიორიტეტი უნდა ყოფილიყო.
საარჩევნო სისტემის მსგავსად, მიგვაჩნია, რომ უმოკლეს ვადებში რეფორმირებას საჭიროებს საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების საკითხი, რადგან ის ვერ უზრუნველყოფს კომისიებში მრავალპარტიულ წარმომადგენლობას.
პრობლემად რჩება საარჩევნო სიების საკითხიც, ვინაიდან ამჟამად არსებული საარჩევნო სია ვერ უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის სანდოობას და არ ასახავს ამომრჩევლის რეალურ სურათს.
საარჩევნო ადმინისტრაცია მომზადებული შეხვდა წინასაარჩევნო პერიოდის დაწყებას. აღსანიშნავია, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) არა მხოლოდ მისთვის წარდგენილ საჩივრებს იხილავდა, არამედ სავარაუდო დარღვევების შესახებ მედიით გავრცელებული ინფორმაციითაც ინტერესდებოდა და სავარაუდო დარღვევებს პროაქტიულად იხილავდა, რაც, ასევე, მისასალმებელია. შეკითხვები გააჩინა ცესკოს მუშაობამ, რომელმაც კანდიდატების რეგისტრაციასთან მიმართებაში არათანმიმდევრული მიდგომა გამოავლინა.
ვფიქრობთ, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის მუშაობა უფრო ეფექტური უნდა იყოს დარღვევების პრევენციისა და მათზე დროული რეაგირების თვალსაზრისით. კომისიას მისი მუშაობის განმავლობაში არ წარმოუდგენია მიწოდებულ დარღვევებზე კომისიის რეაგირების ანგარიში.
წინასაარჩევნო პერიოდში გამოიკვეთა კანდიდატებზე სავარაუდო ზეწოლის შედეგად კანდიდატურების მოხსნის არაერთი ფაქტი, რაც სამართალდამცავი ორგანოების მიერ დეტალურად უნდა იქნას შესწავლილი.
გამოვლინდა წინასაარჩევნო კამპანიაში ხელის შეშლის, ფიზიკური დაპირისპირებისა და სააგიტაციო მასალის დაზიანების არაერთი შემთხვევა, რაც ადასტურებს იმას, რომ პრობლემად რჩება პოლიტიკური კულტურის ძალადობრივი ხასიათი.
ადმინისტრაციული რესურსის ფორმალური გამოყენების ფაქტები, ფაქტობრივად, არ დაფიქსირებულა, თუმცა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებულ არაერთ პროექტს იგივე ეფექტი ჰქონდა.
2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის პოზიტიურად უნდა შეფასდეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მუშაობა, რომლის საქმიანობაშიც არ შეიმჩნეოდა განსხვავებული მიდგომა სხვადასხვა პარტიების მიმართ.
2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე მედიასაშუალებები საკმაოდ დაბალანსებულად აშუქებდნენ წინასაარჩევნო მოვლენებს, თუმცა აღინიშნებოდა წინასაარჩევნო კამპანიის სიღრმისეული გაშუქების დეფიციტი.
პრობლემატური იყო გენდერული დისბალანსი კანდიდატების წარდგენის თვალსაზრისით, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს საარჩევნო სისტემის ცვლილებისა და გენდერული კვოტირების ნორმების გადახედვის აუცილებლობას.
ქვემოთ წარმოგიდგენთ არასამთავრობო ორგანიზაციების ძირითად შეფასებებს.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია)
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო