სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

არასამთავრობო ორგანიზაციები საკუთრების უფლების დაცვის ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში რიგით მესამე ანგარიშს აქვეყნებს

2012-04-11 12:59
Featured image

 

დღეს 2012 წლის 11 აპრილს ოთხმა არასამთავრობო ორგანიზაციამ: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“, „საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციამ“ და ასოციაცია „მწვანე ალტერნატივამ“  პროექტის „საკუთრების უფლების ხელშეწყობა ახალ ტურისტულ ზონებში“ ფარგლებში მორიგი ანგარიშის „საკუთრების დაუცველი უფლება საქართველოში“ პრეზენტაცია გამართა.

ანგარიშის მზადების პროცესში რამდენიმე ძირითადი პრობლემა გამოიკვეთა:

მთელს საქართველოს ტერიტორიაზე და განსაკუთრებით კი ტურისტულ ზონებში ხშირია მოქალაქეთა მიერ სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ მიწებისა და უძრავი ქონების გადაცემის ფაქტები

ხშირ შემთხვევაში მიწებისა და უძრავი ქონების უსასყიდლოდ გადაცემა მასობრივ ხასიათს იძენს, როდესაც ერთსა და იმავე ტერიტორიაზე ერთდროულად რამდენიმე ათეული მოქალაქე ქონებას საკუთარი სურვილით სახელმწიფოს სასარგებლოდ ტოვებს ან ჩუქნის მას. მაგ: კურორტ ბახმაროს ტერიტორიაზე 2011 წლის 13-25 იანვარს დაფიქსირებულია კერძო პირების მიერ უძრავი ქონების მიტოვების 79 ფაქტი, კურორტ საირმეში 2010 წლის 13-23 დეკემბერს მეწარმე პირების მიერ სახელმწიფოსათვის უძრავი ქონების ჩუქების 20 ფაქტი

 

ხშირია შემთხვევები, განსაკუთრებით ტურისტულ ზონებში, როდესაც ქაღალდის ვერსიით მოქალაქისთვის უკვე დარეგისტრირებულ ქონებას, ელექტრონული ვერსიით სხვა პირი ირეგისტრირებს საკუთრებაში. ახალი მესაკუთრე, უმრავლეს შემთხვევაში, სახელმწიფოა.

 

პროექტის მიზანია საკუთრების უფლების დაცვის ხელშეწყობა ახალ ტურისტულ რეგიონებში (კერძოდ, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და აჭარაში); კანონით, კონსტიტუციითა და საერთაშორისო ნორმებით აღიარებული საკუთრების უფლების გარანტიების დაცვის ხელშეწყობა; ასევე, საკუთრების ხელყოფის საფრთხეების შემცირება და  დაზარალებული მოსახლეობისთვის უფასო სამართლებრივი დახმარების გაწევა.

პროექტის ფარგლებში  2011 წლის მარტში მომზადდა პირველი ანგარიში, რომელიც სოფელ გონიოს (აჭარა) 271 მცხოვრებისათვის სახელმწიფოს მიერ საკუთრების ჩამორთმევის ფაქტებს ეხებოდა. მეორე ანგარიში 2011 წლის ივლისში გამოიცა და დაბა მესტიაში (სვანეთი) კერძო საკუთრების ხელყოფის ფაქტებსა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის მიწის ნაკვეთების საკუთრებაში რეგისტრაციასთან დაკავშირებულ სირთულეებს ეხება.