რამდენიმე დღის წინ საზოგადოება შეძრა 2006 წელს სპეცოპერაციის დროს მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილის მამის, ბატონი იური ვაზაგაშვილის გარდაცვალებამ შვილის საფლავზე მომხდარი აფეთქების შედეგად. არასამთავრობო ორგანიზაციები კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ და სამძიმარს ვუცხადებთ გარდაცვლილის ოჯახს. პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მივესალმებით მთავრობისა და პროკურატურის სწრაფ გამოხმაურებას მომხდარზე და იმედს გამოვთქვამთ, რომ ამ საქმეზე ჩატარდება სწრაფი, მიუკერძოებელი და ობიექტური გამოძიება და დამნაშავეები დაისჯებიან კანონის სრული სიმკაცრით.
აქვე აღვნიშნავთ, რომ მაღალი საზოგადოებრივი მნიშვნელობის საქმეები, რომლებშიც იკვეთება სამართალდამცავთა მხრიდან ადამიანის ფუნდამენტურ უფლებათა დარღვევები, და რომელთა გამოძიებასაც 2012 წელს არჩევნების შედეგად მოსული ხელისუფლება თავის ერთ-ერთ პრიორიტეტად აცხადებდა, დღემდე გამოუძიებელი რჩება. მიუხედავად საზოგადოების, მათ შორის
არასამთავრობო ორგანიზაციების არაერთი მოთხოვნისა, ამ საქმეების ობიექტური და მიუკერძოებელი გამოძიება არც ძველი და არც ახალი ხელისუფლების პირობებში არ განხორციელებულა.
იმის გათვალისწინებით, რომ რიგი გახმაურებული საქმეებისა უკვე გამოძიებულია, კვლავაც არსებობს საქმეები რომელთა გამოძიება გაჭიანურებულია და საზოგადოებისთვის კი უცნობია შეფერხების მიზეზები. ზუსტად ამის გამო, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს და პარლამენტის წევრებს:
● შეიქმნას დროებითი საგამოძიებო საპარლამენტო კომისია, რომლის მიზანი იქნება აღნიშნული საქმეების გამოძიება
● კომისიამ გარკვეული სიხშირით პერმანენტულად პარლამენტს და საზოგადოებას წარუდგინოს ანგარიში აღნიშნულ საქმეებთან დაკავშირებით გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ.
● უზრუნველყოფილ იქნეს არასამთავრობო სექტორისა და საზოგადოების სხვა დაინტერესებული პირების დროული ინფორმირება ყოველთვიური ანგარიშების განხილვისას კონკრეტული დროის შესახებ, ასევე დამსწრე პირებს მიეცეთ განხილვის პროცესში აქტიური მონაწილეობის შესაძლებლობა, მათ შორის კითხვების დასმის გზით.
მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნით გამოირიცხება ინტერესთა კონფლიქტის საკითხი რიგ საქმეებთან მიმართებაში, რადგანაც მათი უმეტესობა სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებას და სხვა ტიპის კანონდარღვევებს ეხება. ამგვარად, იმ შემთხვევაში თუ ის პირები, რომლებიც სავარაუდო კანონდარღვევებში იყვნენ ჩართულნი, დღესაც მუშაობენ ამ უწყებებში, საპარლამენტო კომისიის შექმნით შესაძლებელი იქნება მოხდეს მათ მიერ გამოძიების შედეგებზე არასათანადო გავლენის პრევენცია, ამ თანამდებობის პირების გამოვლენა და საქმეზე ობიეტური ჭეშმარიტების დადგენა.
კომისიის შექმნა დაადასტურებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობას ნამდვილად აქვს გახმაურებული საქმეების ეფექტურად გამოძიების სურვილი.
საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო“
საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია (GBA)
ადამიანის უფლებათა ცენტრი
იდენტობა
სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CiDA)
კონსტიტუციის 42-ე მუხლი
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)