8 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტი მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს უყრის კენჭს. გვინდა, მოვუწოდოთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, განურჩევლად მათი პარტიული კუთვნილებისა და პოლიტიკური პოზიციისა, მხარი არ დაუჭირონ გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრად დანიშვნას.
გიორგი გახარიას საქმიანობის მიმართ საზოგადოებაში არაერთი ლეგიტიმური პრეტენზია არსებობს. მათ შორისაა ხორავის ქუჩის, პოეტ ზვიად რატიანის, თბილისის კლუბების და პანკისის სპეცოპერაციის საქმეები. თუმცა, მოცემულ მომენტში, ყურადღებას ვამახვილებთ 20-21 ივნისის აქციის ძალადობრივი დაშლის საკითხზე. როგორც ცნობილია, აქციის დაშლისას, 200-ზე მეტი მოქალაქე და ათობით ჟურნალისტი მძიმედ დაშავდა, ხოლო რამდენიმე ადამიანს გამოუსწორებელი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზიანი მიადგა. 20-21 ივნისის აქციის ძალადობრივი დაშლის გამო საზოგადოებრივი პროტესტი ამ დრომდე არ წყდება.
ბოლო სამი თვის მანძილზე, საქართველოს მთავრობა და საპარლამენტო უმრავლესობა საზოგადოებას არწმუნებდა, რომ შესაბამისი ორგანოები საპოლიციო უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებს დროულად გამოძიებდნენ. თავად გახარიას განცხადებით, აქციის დაშლის დროს პოლიციის მიერ სისტემური შეცდომებისაღმოჩენის შემთხვევაში, ის არამხოლოდ დატოვებდა თანამდებობას, არამედ, პოლიტიკურთან ერთად, სამართლებრივ პასუხისმგებლობასაც აიღებდა.
ახლა, როცა ჯერ კიდევ – ფორმალურადაც კი – არ დასრულებულა 20-21 ივნისის აქციების გამოძიების პროცესი და არ არის გარკვეული სამინისტროს ხელმძღვანელის პასუხისმგებლობის საკითხი, პრემიერ-მინისტრად გიორგი გახარიას კანდიდატურის წარდგენა არის საჯარო პოლიტიკური დაპირების შეუსრულებლობა და საზოგადოების კრიტიკული განწყობების უგულებელყოფა. ასეთი მიდგომა მძიმე დარტყმას მიაყენებს სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ საზოგადოების ისედაც სუსტ და მყიფე ნდობას, და არსებითად გამორიცხავს მიმდინარე გამოძიების ობიექტურად და სამართლიანად დასრულების შესაძლებლობას.
არსებული მდგომარეობა მკაფიოდ გამოკვეთს პარლამენტის, როგორც ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური ორგანოსა და მთავრობის მაკონტროლებლის როლს, სამართლიანად შეაფასოს გახარიას საქმიანობის შედეგები. მიგვაჩნია, რომ – სულ მცირე – მანამ, სანამ მკაფიოდ არ დადგინდება 20-21 ივნისის აქციის ძალადობრივი დაშლის საქმეზე მინისტრის პასუხისმგებლობის სახე და ფარგლები, პარლამენტმა თავი უნდა შეიკავოს გახარიას აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშვნისგან. პარლამენტის მიერ ამ პასუხისმგებლობის აღება, დამატებით ბიძგს მისცემს მმართველ პოლიტიკურ ძალას, საზოგადოებრივ აზრთან კონსენსუსით შეარჩიოს პრემიერ-მინისტრობის ღირსეული კანდიდატი და 2020 წლის პროპორციული საპარლამენტო არჩევნების მშვიდობიანი ჩატარება უზრუნველყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, პარლამენტი ხელს შეუწყობს ქვეყანაში პოლარიზაციის ზრდას და შექმნის სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს.
ხელმომწერი ორგანიზაციები: