სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ ხელისუფლებას, დაელოდოს ვენეციის კომისიის დასკვნას

2017-09-06 10:56
Featured image

1 სექტემბერს ვენეციის კომისიის თავმჯდომარემ, ჯანი ბუკიკიომ, განაცხადა, რომ იმედგაცრუებულია საქართველოში პროპორციულ საპარლამენტო სისტემაზე გადასვლის 2024 წლისთვის გადადებით. იგი, ასევე, უარყოფითად აფასებს იმ ფაქტს, რომ პოლიტიკურ პარტიებს შორის ვერ შედგა კონსენსუსი კონსტიტუციასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, 4 სექტემბერს ვენეციის კომისიის მდივანმა, თომას მარკერტმა, მმართველ გუნდს ურჩია, დაელოდოს ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნას, რომელიც ოქტომბერში გამოქვეყნდება და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოს კონსტიტუცია.

მიუხედავად ამისა, 5 სექტემბერს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, განაცხადა, რომ საშემოდგომო სესიაზე მესამე მოსმენით მიღებულ იქნება ახალი კონსტიტუციის არსებული ვარიანტი, შესაბამისად, მასში მხოლოდ სარედაქციო ცვლილებები შევა. 4 სექტემბერს დაახლოებით იგივე შინაარსის განცხადება გააკეთა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა. 

მმართველი გუნდის ეს განცხადებები წინააღმდეგობაში მოდის „ქართული ოცნების” ლიდერების ადრინდელ დაპირებასთან, რომ ისინი ვენეციის კომისიის ყველა რჩევას გაითვალისწინებდნენ.

მივმართავთ საპარლამენტო უმრავლესობას, აუცილებლად  გაითვალისწინოს ვენეციის კომისიის მოწოდებები და დაელოდოს ამ უწყების საბოლოო შეფასების გამოქვეყნებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება მნიშვნელოვნად შეილახოს საქართველოს საერთაშორისო რეპუტაცია. დანაპირების არშესრულება და პარტნიორების შეცდომაში შეყვანა, რა თქმა უნდა, უარყოფითად იქნება აღქმული მათ მიერ. გარდა ამისა, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ შემდეგი არჩევნებისთვის არსებული საარჩევნო სისტემის შენარჩუნება არ ემსახურება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების მიზნებს და ჯანსაღი პოლიტიკური გარემოს ჩამოყალიბებას, რომელიც აუცილებელია მრავალპარტიული და მაღალი ლეგიტიმაციის მქონე პარლამენტის არსებობისთვის. მინიმალური პოლიტიკური კომპრომისის არარსებობა და მსგავსი ერთპარტიული გადაწყვეტილება საფრთხის ქვეშ აყენებს ქვეყნის სტაბილური განვითარების პერსპექტივებს. კონსტიტუცია სახალხო თანხმობის დოკუმენტია და აუცილებელია, მის შინაარსს იზიარებდნენ საზოგადოების ფართო ფენები.

 

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება

ფონდი - ღია საზოგადოება საქართველო

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

სამოქალაქო განვითარების სააგენტო

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი

საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
სტრატეგიული კვლევების რეგიონული ცენტრი
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა

ლიბერალური აკადემია - თბილისი