გვსურს გამოვხატოთ უკიდურესი შეშფოთება 3 მაისს გავრცელებულ ფარულ ვიდეოჩანაწერთან დაკავშირებით, რომელიც ადამიანების პირადი ცხოვრების ამსახველ დეტალებს შეიცავს. განსაკუთრებით შემაძრწუნებელია ის გარემოება, რომ ვიდეოში ფიგურირებს ჟურნალისტი, რაც თავისთავად წარმოშობს მედიაზე ზეწოლის მცდელობის ეჭვებს. გამოძიების დასრულებამდე დასკვნების გამოტანა რთულია, თუმცა ცხადია, რომ არსებობენ პირები, რომელთაც კონკრეტული ჟურნალისტის დისკრედიტაცია სურთ. ეჭვებს კიდევ უფრო აძლიერებს ის გარემოება, რომ, თავად ჟურნალისტის თქმით, ვიდეოს ინტერნეტში განთავსება უკავშირდება მის მიერ კორუფციული გარიგების გამოვლენის გეგმას ყოფილი და ამჟამინდელი მთავრობის წარმომადგენლების მონაწილეობით. მისივე მტკიცებით, კადრების გავრცელებაზე პასუხისმგებელნი სწორედ ეს პირები არიან.
არჩევნების შემდეგ ახალმა მთავრობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ გაანადგურებენ და დაიცავდნენ მათ ხელთ არსებულ სხვადასხვა პირების პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს და, ამავე დროს, აღკვეთენ ძველი ხელისუფლების მიერ უკანონოდ ვიდეო და აუდიო ჩანაწერები წარმოების დამკვიდრებულ მანკიერ პრაქტიკას. გამომდინარე იქიდან, რომ ზემოთაღნიშნული ფაქტი ერთადერთი არ არის და ჯერ კიდევ დეკემბერში გავრცელდა ინფორმაცია თბილისის საქალაქო სასამართლოს ერთ-ერთი მოსამართლის თანაშემწის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით შანტაჟის მცდელობასთან დაკავშირებით, ჩნდება ეჭვი, რომ ახალმა ხელისუფლებამ არ გაატარა ეფექტური ქმედებები არც ძველი კადრების განადგურებისა და დაცვის და არც მანკიერი პრაქტიკის სრულად აღმოფხვრის მიმართულებით. აუცილებელია დადგინდეს, თუ როდის არის აღნიშნული ფარული ჩანაწერი გაკეთებული, ვის ჰქონდა წვდომა მასალებზე და როგორ მოხდა ამ კადრების განთავსება ინტერნეტში.
აღნიშნულ ფაქტზე ჭეშმარიტების დადგენისა და მომავალში მსგავსი შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია დროული და ეფექტიანი გამოძიების ჩატარება. იქიდან გამომდინარე, რომ კადრები ელექტრონულ სივრცეში აიტვირთა, გამოძიებას არ უნდა გაუძნელდეს გავრცელების პირველადი წყაროს დადგენა. მიუხედავად იმისა, თუ დროის რა პერიოდშია შექმნილი აღნიშნული მასალა, ყველა პირი, რომელიც რაიმე ფორმით ხელს უწყობდა ვიდეოჩანაწერის შექმნას და შემდგომში მის გასაჯაროებას, კანონის სრული სიმკაცრით უნდა დაისაჯოს.
მნიშვნელოვანია შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ აღნიშნული საკითხის პირად კონტროლზე აყვანა. თუმცა გვგონია, რომ არა მარტო სამინისტრო, არამედ მთლიანად საქართველოს ახალი მთავრობა დაინტერესებული უნდა იყოს საქმის ეფექტიანად, სწრაფად და მიუკერძოებლად გამოძიებით, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ჟურნალისტი ეჭვს გამოთქვამს საქმეში სამართალდამცავი ორგანოების მაღალი თანამდებობის პირების მონაწილეობასთან დაკავშირებით. იმედი გვაქვს რომ, მომავალში აღარავინ გახდება მთავრობის მიერ უკანონოდ განხორციელებული ფარული ვიდეოჩანაწერებისა და მიყურადების საშუალებით წარმოებული შანტაჟის მსხვერპლი.
მივესალმებით 29 აპრილს გამართულ კონფერენციაზე „სამოქალაქო კონტროლი უკანონო მოსმენების აღსაკვეთად“ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ გამოთქმულ მზადყოფნას, გააძლიერონ ადამიანების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის გარანტიები. ასევე ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია მთავრობის უპირობო და ძლიერი მხარდაჭერა პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის ინსტიტუტის გაძლიერების თვალსაზრისით, რაც კიდევ ერთი ეფექტიანი მექანიზმი იქნება ადამიანის პირადი ცხოვრების დაცვის მიმართულებით.
საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლი