სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმიანებიან „აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს“ წევრისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის ფაქტს

2021-01-28 18:26
Featured image

2021 წლის 28 იანვარს სსიპ - „აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის სათათბირო ორგანოს - კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს“ წევრისთვის ცნობილი გახდა, რომ ამავე წლის 22 იანვარს, სააგენტოს დირექტორის ბრძანებით შეუწყდა საბჭოს წევრის უფლებამოსილება.

არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმიანებიან „აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს“ წევრისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის ფაქტს, მიიჩნევენ, რომ ბრძანება შეიცავს სავარაუდო დისკრიმინაციის ნიშნებს და მიმართულია საბჭოს სხვა წევრების დაშინებისკენ, რათა მომავალში თავი შეიკავონ კრიტიკული მოსაზრებების დაფიქსირებისგან.

სააგენტოს დირექტორის ბრძანების თანახმად, შოთა გუჯაბიძის სტატუსი, სააგენტოს პოლიტიკის მიმართ მისი განსხვავებული, კრიტიკული მოსაზრებების გამო შეუწყვიტეს, რაც სააგენტოს “მიზანმიმართულ დისკრედიტაციად” შეაფასა სააგენტოს დირექტორმა.

„აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭო“, სააგენტოს დირექტორის სათათბირო ორგანოა, რომელიც აჭარის ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ნებართვის გაცემის საკითხის განიხილავს.

სწორედ ამ საბჭოს წევრთა უმრავლესობამ, 2021 წლის 21 იანვარს, შპს „ამბასადორი ბათუმისთვის“  ბულვარში 16-სართულიანი შენობის მშენებლობაზე დადებითი რეკომენდაცია  გასცა. გადაწყვეტილებას კი შოთა გუჯაბიძე ღიად დაუპირისპირდა - გადაწყვეტილების უკანონობისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ინტერესებთან შეუთავსებლობის გამო.

დღეს, 28 იანვარს ცნობილი გახდა, რომ სააგენტოს დირექტორმა, ზაურ ახვლედიანმა, შოთა გუჯაბიძის კრიტიკული მოსაზრებების გამო, ისე, რომ არც კი მოუსმენია მისი მოსაზრებები, საბჭოს წევრის უფლებამოსილება შეუწყვიტა, რაც შეიცავს სავარაუდოდ დისკრიმინაციის ნიშნებს. იგი ემსახურება შოთა გუჯაბიძის დასჯას სააგენტოს უკანონო გადაწყვეტილებების მიმართ კრიტიკული მოსაზრებები გამო.

შოთა გუჯაბიძის ინტერესებს საია იცავს.

 

ხელმომწერი ორგანიზაციები: 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი

დემოკრატიის ინსტიტუტი

თავისუფალ ჟურნალსტთა სახლი

საზოგადოება ბათომი

მწვანე სექტორი 

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი ბათუმის ფილიალი

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი ბათუმის ოფისი