სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

არასამთავრობო ორგანიზაციათა ვიზიტი რუსთავის #16 დაწესებულებაში

2012-11-01 09:24
Featured image

დაწესებულებაში სიმშვიდეა, პატიმრები უარყოფენ მათი მხრიდან რაიმე სახის არეულობის მცდელობას.  ვიზიტისას შიმშილობდა სამარტოო საკანში მოთავსებული ორი პატიმარი და აგრეთვე მათი თანამოსაკნე რამდენიმე მსჯავრდებული ,,ა“ კორპუსზე.

 

საუბრისას პატიმრებმა აღნიშნეს, რომ მათ მიმართ დაწესებულების ახლადდანიშნული დირექტორის მხრიდან ადგილი ჰქონდა ფსიქოლოგიურ ზეწოლას მუქარის სახით, რასაც  კატეგორიულად უარყოფს დაწესებულების დირექტორი.  იგი ასევე აცხადებს, რომ დაწესებულებაში იმყოფებიან ე.წ. ,,მაყურებლები“, რომლებსაც სურვილი აქვთ მოიპოვონ გარკვეული პრივილეგიები,  თუმცა არ აპირებს მათთან უკანონო დათმობებზე წასვლას.

პატიმრების განცხადებით მათი ნეგატიური დამოკიდებულება აგრეთვე გამოიწვია ამჟამინდელი დირექტორის სამართალდამცავ ორგანოებში მისი ადრინდელი საქმიანობის პერიოდში განხორციელებულმა უკანონო ქმედებებმა, რომელიც უშუალოდ შეეხო ამჟამად  რუსთავის #16 დაწესებულებაში მოთავსებულ 50–მდე პატიმარს.

პატიმრების პროტესტი ასევე უკავშირდება დაწესებულების ტერიტორიაზე ძველი თანამშრომლების გამოჩენას, რომლებიც მათი განცხადებით პატიმართა მიმართ ახორციელებდნენ არაადამიანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობას. დასახელდა კონკრეტული სახელები და გვარები. აღსანიშნავია, რომ დირექტორი არის ორი დღის დანიშნული და როგორც თავად აცხადებს  გეგმავს ძველი თანამშრომლების შეცვლას, რისთვისაც დაახლოებით ერთი კვირა დასჭირდება.

პატიმართა ძირითადი მოთხოვნა უკავშირდება დირექტორისა და იმ ძველი თანამშრომლების დათხოვნას, რომლებიც ახორციელებდნენ არაადამიანურ მოპყრობას პატიმართა მიმართ, აგრეთვე გარკვეული სახის უკანონო შეზღუდვების დაწესებას ადმინისტრაციის მხრიდან.

აღნიშნულთან დაკავშირებით შეხვედრისას მსჯავრდებულებმა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელს გადასცეს წერილობითი მიმართვა, რომელსაც 444 პატიმარი აწერს ხელს.

გარდა ზემოაღნიშნულისა, პატიმართა განცხადებით კვლავაც პრობლემურია ჯანდაცვის, დისციპლინური ღონისძიებების გამოყენების, პრესის ხელმისაწვდომობის საკითხები.

მითითებული ორგანიზაციების წარმომადგენლები მოუწოდებენ სასჯელაღსრულების სისტემის ხელმძღვანელობას, რომ საფუძვლიანად შეისწავლონ შექმნილი ვითარება თავისუფლების აღკვეთის #16 დაწესებულებაში; აგრეთვე იმედოვნებენ, რომ დაწესებულებაში შენარჩუნდება სიმშვიდე და წესრიგი და სათანადო ყურადღება მიექცევა პატიმართა პრეტენზიებს. შეინიშნება პატიმრებთან ადმინისტრაციისა და უწყების მხრიდან კომუნიკაციის დეფიციტი.

რუსთავის #16 დაწესებულებაში განხორციელებული ვიზიტის შემდეგ აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციები გეგმავენ რომ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტს მიაწოდონ დაწესებულებაში არსებული პრობლემური საკითხების შესახებ ინფორმაცია, იმ თანამშრომელთა სია,  რომლებიც პატიმართა მტკიცებით მონაწილეობდნენ არასათანადო მოპყრობაში და კვლავაც რჩებიან დაწესებულებაში,  აგრეთვე პატიმართა მიერ მოწოდებული საჩივარი.