სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია – დემოკრატიისათვის განცხადება

2009-03-22 20:00
Featured image
არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია – დემოკრატიისათვის, რომელიც აერთიანებს 23 არასამთავრობო ორგანიზაციას, პროტესტს უცხადებს უკანასკნელ პერიოდში სამოქალქო სექტორის წარმომადგენლებზე გახშირებული ზეწოლის ფაქტებს.
ზემოაღნიშნულ პრობლემებთან დაკავშირებით კოალიციამ 21 მარტს სახალხო დამცველის ოფისში ბრიფინგი გამართა.

საქმე ეხება არასამთავრობო ორგანიზაციის ‘მრავალეროვანი საქართველო’ თავმჯდომარის - არნოლდ სტეფანიანის საქმიანობით სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების მიერ გადაჭარბებული დაინტერესების ფაქტებს, რამაც უკანსკნელ დღეებში ფსიქოლოგიური ტერორის ფორმა მიიღო. 
კერძოდ, 19 მარტს, საგადასახადო ინსპექციის ბრძანების საფუძველზე, დალუქა შპს ‘გიპერიონი’, რომლის დამფუძნებელია არნოლ სტეფანიანი. შპს-ს ‘გიპერიონი’ დალუქვას წინ უსწრებდა სომხურ ეკლესიასთან მდებარე სუვენირების მაღაზიის დაჯარიმება, რომელიც, როგორც საგადასახადო ინსპექტორების საუბრიდან გაირკვა, არნოლდ სტეფანიანის საკუთრება ეგონათ. 19 მარტსვე დაილუქა არნოლდ სტეფანიანის მამის პროდუქტების მაღაზია, რომელიც ვაზისუბანში მდებარეობს.

ამავე დღეს, უბნის ინსპექტორმა არნოლდ სტეფანიანის საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოსთხოვა მულტიეთნიკურ რესურს ცენტრს. არნოლდ სტეფანიანი აღნიშნული ორგანიზაციის გამგეობის წევრია.

არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია - დემოკრატიისათვის ხელისუფლებას შეახსენებს, რომ წარმოუდგენელია თავისუფალი და დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბება სამოქალაქო სექტორის აქტიური მონაწილეობის გარეშე. არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება, როგორც წესი, დამახასიათებელია არადემოკრატიული რეჟიმებისთვის.

არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია – დემოკრატიისათვის ხელისუფლებისგან მოითხოვს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს რეპრესიული ქმედებები არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლების მიმართ, რომლებიც ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს – დააშინოს და საქმიანობის განხორციელებაში დაბრკოლებები შეუქმნას სამოქალაქო სექტორს.  


განცხადებას ხელს აწერენ:

თამარ ხიდაშელი – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
ნინო ციხისთავი – კავკასიის ქალთა ქსელი
პაატა გაჩეჩილაძე – კავშირი “21-ე საუკუნე”
ზაქარია ქუცნაშვილი – “კანონი ხალხისათვის”
ირაკლი სესიაშვილი – ასოციაცია “სამართალი და თავისუფლება”
ირინა ფუტკარაძე – ჯანმრთელი სამყარო
უჩა ნანუაშვილი – ადამიანის უფლებათა ცენტრი
გიორგი ხუციშვილი – კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი
მამუკა გობეჩია – ჟურნალისტთა კავშირი “ობიექტივი”
თენგიზ ფხალაძე – გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრი
მანანა კობახიძე _ კონსტიტუციის 42-ე მუხლი