ხელმომწერი ორგანიზაციები ეხმიანებიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს უნივერსიტეტის შენობასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების ეფექტური ზომების მიღებისა და შეკრების თავისუფლების განუხრელი დაცვისკენ მოუწოდებენ.
თსუ-ში მიმდინარე პროცესები განსაკუთრებით ბოლო ორი დღის განმავლობაში დამძიმდა. “აუდიტორია 115-ის” აქციებს დაპირისპირდა სტუდენტური თვითმმართველობისა და მისი მხარდამჭერი ჯგუფების კონტრაქციები.
იმ პირობებში, როცა უნივერსიტეტის შენობაში „აუდიტორია 115-ის” მხარდამჭერებს პოლიცია თსუ-ს შენობაში შესვლის შესაძლებლობას არ აძლევს, თვითმმართველობასთან ასოცირებული ცალკეული ჯგუფები, მათ შორის, ნიღბიანი აგრესიული ჯგუფები, ახერხებენ უნივერსიტეტის შენობაში შეღწევას. “აუდიტორია 115-ის” წევრები და უნივერსიტეტის პროფესორები მიუთითებენ, რომ პოლიციამ, ზოგიერთ შემთხვევაში, ხელი არ შეუშალა და არ აღკვეთა კონტრაქციის მონაწილეთა შენობაში შესვლა. სტუდენტური თვითმმართველობის და მათი მხარდამჭერი წრეების მხრიდან დაფიქსირდა არაერთი ძალადობრივი ინციდენტი, მათ შორის, ჟურნალისტებზე თავდასხმა და მათი საქმიანობისთვის ხელშეშლა.
მიუხედავად იმისა, რომ პოლიცია ადგილზეა მობილიზებული, მას არ გააჩნია უნივერსიტეტის შენობაში წესრიგისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის ერთიანი სტრატეგია და გეგმა, რაც აჩენს ორი სხვადასხვა შეკრების მონაწილეებს შორის ფიზიკური კონტაქტისა და ძალადობრივი თავდასხმის რისკებს. რეალური საფრთხეების არსებობაზე მიანიშნებს ისიც, რომ კონტრაქციის მონაწილე სტუდენტები და მათი მხარდამჭერი ჯგუფები ხშირ შემთხვევებაში სცდებოდნენ მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებით დაცულ ფარგლებს და ქმნიდნენ ფიზიკური ძალადობის საფრთხეებს.
ამ დრომდე პოლიციასა და თსუ-ს უსაფრთხოების სამსახურს არ აქვს დადგენილი შეკრების მონაწილეებისთვის შენობაში მიმოსვლის ერთიანი წესი. ასევე, არათანმიმდევრული დამკვირვებელი ორგანიზაციების დაშვება უნივერსიტეტის ტერიტორიაზე. ერთიანი უსაფრთხოებისა და გადაადგილების რეჟიმის არარსებობა ხელს უწყობს სიტუაციის ესკალაციას და ზრდის პროცესების უკონტროლოდ განვითარების რისკებს.
ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, ხელმომწერი ორგანიზაციები მოვუწოდებთ:
– საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და თსუ-ს უსაფრთხოების სამსახურს უნივერსიტეტის შენობაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე დაუყოვნებლივ უზრუნველყოს უსაფრთხოება და მშვიდობიანი აქციის მონაწილეებისთვის შეკრების თავისუფლების რეალიზება;
– საქართველოს მთავრობამ დაიწყოს, გამოძიება საუნივერსიტეტო სივრცეში ე.წ. “ოდეერების” უკანანო საქმიანობის შესახებ;
– საქართველოს მთავრობამ დააფიქსიროს მკაფიო პოლიტიკური ნება, რომ ითვალისწინებს სტუდენტთა ლეგიტიმურ მოთხოვნას, დაიწყოს აკადემიურ თავისუფლებაზე დაფუძნებული განათლების სიიტემის ფუნდამენტური რეფორმა.