2 ივნისს 00:15 წუთზე რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ 26 მაისის მოვლენებიდან ერთი კვირის თავზე ქართულმა უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა მდუმარე აქცია გამართეს. აქციაში სულ 15-მდე უფლებადამცველმა არასამთავრობო ორგანიზაციამ მიიღო მონაწილეობა. აქციაზე შეკრება 1 ივნისს 23:30 წუთზე დაიწყო.
აქცია სიმბოლურ ხასიათის ატარებდა, ორგანიზაციის წარმომადგენლებმა სოლიდარობა გამოუცხადეს 26 მაისს დაზარალებულებს და გააპროტესტეს პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტები. მხარდაჭერის გამოსახატავად აქციის ორგანიზატორებმა სანთელები აანთეს. აქციის მთავარი მესიჯი იყო - “არა ძალადობას“!
მშვიდობიანი პროტესტით ძალადობის წინააღმდეგ გამოსვლისთვის დრო - 00:15 საათი შეგნებულად შეირჩა, იმიტომ რომ ერთი კვირის წინ, 26 მაისს ზუსტად 00:15 სთ-ზე სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან დაფიქსირდა არაპროპორციული ძალის გამოყენება აქციის მონაწილეთა მიმართ.