სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

აპრილის თვის წარმატებული საქმეები

2013-05-16 07:03
Featured image

საიას დახმარებით საჯარო სკოლიდან უკანონოდ გათავისუფლებული მასწავლებელი  აღდგენილ იქნა სამუშაო ადგილას და აუნაზღაურდა სახელფასო განაცდური

საიას თბილისის ოფისის ადვოკატი სასამართლოში წარმოადგენდა საქართველოს ერთ-ერთი საჯარო სკოლიდან, შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის და 38-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე გათავისუფლებული, დაწყებითი კლასების მასწავლებლის მ.ბ-ს ინტერესებს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილებით, საქმეში დადგინდა პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ, შრომითი ხელშეკრულების მოშლის წესის არასწორი სამართლებრივი განმარტების ფაქტი, რის გამოც, საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა სააპელაციო სასამართლოს.
 
თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა და დადგინდა ჩვენი ბენეფიციარის სკოლიდან უკანონო გათავისუფლების ფაქტი. შესაბამისად, სასამართლომ გააბათილა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანება, მ.ბ.  აღადგინა სამსახურიდან გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე და საჯარო სკოლას დააკისრა 2011 წლის 20 აგვისტოდან, 2013 წლის 30 აპრილამდე, განაცდურის სახით თვეში 294.80 ლარის გადახდა ჩვენი ბენეფიციარის სასარგებლოდ. 
 
საიას დახმარებით  სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნილი კიდევ ერთი პედაგოგი სასამართლო გადაწყვეტილებით აღდგენილ იქნა თანამდებობაზე
 
საიას გორის ოფისი სასამართლოში წარმოადგენდა მ.ა-ს ინტერესებს, რომელიც გორის რაიონის სოფელ ტინისხიდის საჯარო სკოლაში მუშაობდა დირექტორის მოადგილედ და ამავე სკოლის დირექტორის ბრძანებით, შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. მ.ა. თვლიდა, რომ ის უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, მის მიმართ ადგილი ჰქონდა პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციას, რასაც მისი შვილის განსხვავებულ პოლიტიკურ შეხედულებებს უკავშირებდა.
 
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 04 აპრილის გადაწყვეტილებით მ.ა-ს სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ გორის რაიონის სოფელ ტინისხიდის საჯარო სკოლის დირექტორის ბრძანება, მ.ა. აღდგენილ იქნა  სკოლის დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე და  მას აუნაზღაურდება იძულებით განაცდური ხელფასი.
 
აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჟურნალისტის მიმართ წაყენებული ბრალდება საჯაროდ უარყო
 
საიას აჭარის ფილიალის ადვოკატი სასამართლოში წარმოადგენდა საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ჟურნალისტის ნ.ხ-ს ინტერესებს. მოსარჩელე ნ.ხ-მ  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს  ა.ბ-ს პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვის გამო უჩივლა. საქმე ეხებოდა 2013 წლის 11 თებერვალს, აჭარის უმაღლესი საბჭოს ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე მომხდარ ინციდენტს, სადაც ა.ბ-მ  ჟურნალისტ ნ.ხ-ს,  მის მიერ მომზადებული  მასალის გამო, საჯაროდ  უწოდა მატყუარა და ტყუილის გავრცელებაში დასდო ბრალი. სასამართლო პროცესზე მხარეები მორიგდნენ. აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ა.ბ-მ  მიმდინარე წლის 29 აპრილს, ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჟურნალისტ ნ.ხ-ს არასწორი ინფორმაცია არ გაუვრცელებია და ა.ბ-ს მანამდე ნათქვამი არ შეესაბამებოდა სიმართლეს. მხარეთა მორიგების გამო სასამართლომ საქმის წარმოება შეწყვიტა.  
 
საიას დახმარებით არასრულწლოვნებს ალიმენტი  დაენიშნათ
 
1. საიას გორის ოფისის ადვოკატი მოსარჩელე  მ.ც-ს სასარგებლოდ აწარმოებდა სამოქალაქო საქმეს გორის რაიონულ სასამართლოში ალიმენტის დანიშვნასთან დაკავშირებით. ამავე სასამართლოს 2013 წლის 14 მარტის გადაწყვეტილებით მოპასუხე ა.ნ-ს სამი არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა თვეში  210 ლარის ოდენობით. 
 
2. საიას გორის ოფისის ადვოკატი სასამართლოში წარმოადგენდა მოსარჩელე ი.დ-ს ინტერესებს ალიმენტის დანიშვნასთან დაკავშირებულ სამოქალაქო საქმეზე. ხაშურის რაიონული სასამართლოს 05 აპრილის გადაწყვეტილებით მოპასუხე  პ.შ-ს თავისი არასრულწლოვანი შვილის, ნ.შ-ს  სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა, თვეში 70 ლარის ოდენობით.
 
საიას დახმარებით მოქალაქე სახელფასო დავალიანების თანხას მიიღებს
 
საიას რუსთავის ოფისის ადვოკატი მოსარჩელე ლ.წ-ს  სასარგებლოდ აწარმოებდა სამოქალაქო საქმეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში, სახელფასო დავალიანების ანაზღაურებასთან დაკავშირებით. საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა სარჩელი და მოპასუხეს-შპს „რუსენერგოსერვისს“, მოსარჩელის სასარგებლოდ დააკისრა 500 (ხუთასი)  ლარის  გადახდა. 
 
საიას დუშეთის ოფისის დახმარებით მოქალაქემ შეძლო უძრავი ქონების დარეგისტრირება საჯარო რეესტრში
 
საიას დუშეთის ოფისი საჯარო რეესტრის დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურში წარმოადგენდა მოქალაქე ნ.ი-ს ინტერესებს. ნ.ი-მ განცხადებით მიმართა აღნიშნულ სამსახურს უძრავი ქონების (1500 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო მიწის და მასზე  განთავსებული საცხოვრებელი სახლის) საკუთრებაში რეგისტრაციის  მოთხოვნით და უფლების დამდგენ დოკუმენტად წარადგინა მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი. საჯარო რეესტრის დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით ნ.ი-ს განცხადებაზე შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება და მას  მოსთხოვეს დამატებით წარმოედგინა საკუთრების ან სარგებლობის  დამადასტურებელი დოკუმენტი. ნ.ი-მ საიას დუშეთის ოფისის დახმარებით ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურს რეგისტრაციის შეჩერების გდაწყვეტილების გაუქმების და უძრავი ქონების რეგისტრაციის მოთხოვნით. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული საჩივარი დაკმაყოფილდა და ნ.ი-მ შეძლო კუთვნილი უძრავი ქონების დარეგისტრირება  საჯარო რეესტრში.