1. 13 სექტემბერს, გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის - ირაკლი ოქრუაშვილის საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებმა, გორში, შინდისის გზატკეცილზე მდებარე №11, №13 და №15 კორპუსების მაცხოვრებლებს გადასცეს სხვადასხვა სახის საკვები პროდუქტი. აღსანიშნავია, რომ პროდუქტის დარიგებამდე მოქალაქეებთან შეხვედრა ჰქონდა თავად გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს - ირაკლი ოქრუაშვილს. ამ ფაქტთან დაკავშირებით, ასევე მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „პატრიოტთა ალიანსი გაერთიანებული ოპოზიციის“ გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა - მამუკა ნოზაძემ, პროკურატურას მიმართა. პროდუქტის გადაცემის ფაქტს, ერთ-ერთი მოქალაქეც ადასტურებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, საიამ განცხადებით მიმართა საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათშორის კომისიას.
2. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 18 სექტემბერს პოლიტიკური გაერთიანება „ეროვნული ფორუმი“-ს ფოთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის - ოთარ ხარჩილავას დაფინანსებით და ამავე პოლიტიკური პარტიის ახალგაზრდული ფრთის ინიციატივით, ქალაქ ფოთში „ფერების ფესტივალი“ ჩატარდა. აღნიშნული ღონისძიების შესახებ ინფორმაცია და ღონისძიების ამსახველი ფოტომასალა კანდიდატის სააგიტაციო ფეისბუკ გვერდზეც გავრცელდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, საიამ განცხადებით მიმართა საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათშორის კომისიას.
3. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რამდენიმე დღეა ფოთის ქუჩებში ვრცელდება ფლაერები, რომელთა მიხედვითაც, პოლიტიკური გაერთიანება „ეროვნული ფორუმის“ ფოთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის - ოთარ ხარჩილავას „ახალგაზრდული ფრთა“ იწვევს 17-დან 30 წლამდე ფოთელ ახალგაზრდებს სხვადასხვა სახის გასართობ ღონისძიებებში (ექსკურსია, კარაოკე, ფოტოსესია და სხვა) მონაწილეობის მისაღებად. სტატიაში აღნიშნულია, რომ ხარჯებს სრულად „ეროვნული ფორუმი“ ფარავს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, საიამ განცხადებით მიმართა საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათშორის კომისიას.