სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფისათვის მერის/გამგებლის კანდიდატის წარდგენის აკრძალვას საია და ,,სამართლიანი არჩევნები“ საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებენ

2014-04-29 10:53
Featured image
2014 წლის 28 აპრილს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და ,,სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ თბილისში მაცხოვრებელი 6 მოქალაქის სახელით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. მოსარჩელეები ითხოვენ, არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საარჩევნო კოდექსის ის ნორმები, რომლებიც მხოლოდ პარტიას და საარჩევნო ბლოკს აძლევს უფლებას, წარადგინონ მერობის და გამგებლობის კანდიდატები. არასამთავრობო ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ პარტიულ კანდიდატთან შედარებით დამოუკიდებელი კანდიდატის არახელსაყრელ მდგომარეობაში ჩაყენებით სადავო ნორმები არღვევენ საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით გარანტირებულ დისკრიმინაციისაგან აკრძალვის უფლებას.
 
გარდა ამისა, სადავო ნორმები მერის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით, აიძულებენ მოქალაქეებს ასოცირებულნი იყვნენ კონკრეტულ პოლიტიკურ ძალასთან, რითაც სადავო ნორმები წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციის 26-ე მუხლის მეორე პუნქტთან. აღნიშნული მუხლით გარანტირებულია საქართველოს მოქალაქის უფლება, უარი განაცხადოს პარტიის საქმიანობაში მონაწილეობაზე.
 
საია და ,,სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ ასევე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 28-ე და 29-ე მუხლებს. საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველი პუნქტი იცავს საქართველოს მოქალაქის უფლებას, მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში. ეს ნორმა გულისხმობს იმასაც, რომ საქართველოს მოქალაქეს უფლება აქვს, განახორციელოს თავისი პასიური საარჩევნო უფლება ანუ იყოს კანდიდატად წარდგენილი მერის/გამგებლის არჩევნებში. საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლით საქართველოს მოქალაქეს უფლება აქვს, დაიკავოს სახელმწიფო თანამდებობა. მერობის/გამგებლობის დამოუკიდებელ კანდიდატს სწორედ აღნიშნულ უფლებას უკრძალავს გასაჩივრებული ნორმები.