„სანამ საყოველთაო ინდიფერენტულობა და კოლექტიური აპათია არ დაიმსხვრევა, ერთეულები ვერაფერს შეცვლიან“- ეს სიტყვები ევროპული სტუდენტური მოძრაობის ლეგენდას რუდი დუჩკეს ეკუთვნის. შემთხვევითი არაა, რომ საყოველთაო ნიჰილიზმის პირობებში, მაშინ როდესაც საზოგადოებას პროტესტი არ უჩნდებოდა არსებული მძიმე რეალობის მიმართ, ჩნდებოდნენ ახალგაზრდები, რომლებიც უპირისპირდებოდნენ რეპრესიულ ხელისუფლებას და არც თუ ისე იშვიათად წარმატებასაც აღწევდნენ. სტუდენტური პროტესტის ეპოქა ევროპაში 1968 წელს დადგა. სწორედ ამ დროს დაიწყო ახალგაზრდული რევოლუციები საფრანგეთში, გერმანიაში, ესპანეთში, ჩეხოსლოვაკიაში, ამერიკაში, მექსიკასა და ჩინეთში. აღსანიშნავია, რომ სტუდენტების კონკრეტული, ძალიან ვიწრო მოთხოვნები ყოველთვის მასშტაბური ხდებოდა და სცილდებოდა ერთი უნივერსიტეტის პრობლემებს. კერძოდ, ახალგაზრდები აპროტესტებდნენ სტუდენტთა კვოტირების სისტემას, უნივერსიტეტის ადმინისტრაციების მუშაობის გაუმჭვირვალობას, ვიეტნამის ომს, მუშებისთვის უკეთესს სამუშაო პირობებს და სამართლიან ანაზღაურებას, სექსუალური და რასობრივი დისკრიმინაციების აღმოფხვრას. ხშირ შემთხვევებში სტუდენტები არ ერიდებოდნენ რადიკალურ მოქმედებებს და პირისპირ ებრძოდნენ მათ წინააღმდეგ გამოსულ შეიარაღებულ პოლიციელებს.
თუ გადავხედავთ ახალგაზრდული აქტივიზმის ქრონიკას, აღმოვაჩენთ, რომ ის სპონტანურად იწყება, ერთი შეხედვით უბრალო, საყოფაცხოვრებო საკითხებზე პროტესტით და შემდეგ გადაიზრდება მნიშვნელოვან სოციალურ-პოლიტიკურ მოთხოვნებში. ისტორია კი მაგალითებზე დაფუძნებული ფილოსოფიაა და ხშირ შემთხვევაში ეს მაგალითები მეორდება სხვადასხვა ქვეყანაში და სხვადასხვა დროს, ამიტომაც ისტორიულ სამართლიანობად მიმაჩნია ახალგაზრდული მოძრაობის გაძლიერება დღევანდელ საქართველოში. ქართველმა სტუდენტებმაც თითქოს ძალიან ვიწრო, შიდა საუნივერსიტეტო პრობლემის გაპროტესტებით დაიწყეს, პროცესში კი გამოიკვეთა რომ პრობლემა სისტემურია და რომ აუცილებელია რეალური ცვლილებები: უმაღლესი განათლების რეფორმა, უნივერსიტეტის ავტონომიურობა და სტუდენტური თვითმმართველობის ახლებური ფორმირება. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დღევანდელ დღემდე ქართველი ახალგაზრდების აქტივობები არასისტემატიური, ფრაგმენტული ხასიათის იყო, რომლებიც უნივერსიტეტებში განათლების ხელმისაწვდომობიდან დაწყებული ტყიბულელი მეშახტეების სამართლიანი ანაზღაურების პრობლემით დამთავრებული აპროტესტებდნენ სხვადასხვა სოციალურ, პოლიტიკურ, გარემოსდაცვით თუ სხვა საკითხებს. ახლა კი დროა პროცესი გახდეს უფრო მეტად თანმიმდევრული და მიზანმიმართული, რადგან თანამედროვე სამყაროში ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებები სწორედაც რომ განათლებიდან იწყება.
სტუდენტური აქტივიზმის გააქტიურება ყოველთვის დიდი ცდუნებაა პოლიტიკური ელიტისთვის გავლენა მოახდინონ და საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენონ ეს მოძრაობები. თავის მხრივ, ახალგაზრდებისთვისაც ძნელია თავი დააღწიონ პოლიტიკურ ზეგავლენებს. ისიც ფაქტია, რომ ასეთი მოძრაობები ბევრისთვის თვითდამკვიდრებისა და პოლიტიკური კარიერის მოწყობის საუკეთესო საშუალებაა. ხშირ შემთხვევაში სწორედ ამ არგუმენტებით ხდება ახალგაზრდული მოძრაობების დისკრედიტაცია, რაც აფერხებს მათ განვითარებას. ამ დაბრკოლებების მიუხედავად, მნიშვნელოვანია რომ სტუდენტები არ შეუშინდნენ სტერეოტიპებს, გააგრძელონ სისტემური ბრძოლა, გაუძლონ ყველა შესაძლო ზეწოლას, რადგან ყველა ქვეყანაში ახალგაზრდობა იწყებდა პოლიტიკურ-სოციალური ცვლილებებს და მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა საზოგადოების ცნობიერებაზე. საქართველოში კი ჯერ კიდევ არ მომხდარა კულტურულ-მენტალური რევოლუცია, რომელიც სრულიად ახლებურ სოციალურ რეალობას დაბადებდა და ღრმად მწამს, რომ ეს რევოლუცია ახალგაზრდობამ უნდა დაიწყოს. თუმცა, ეს არც ისეთი მარტივი იქნება, რადგან ისევ ევროპული სტუდენტური მოძრაობების ლიდერს რუდი დუჩკეს თუ დავუჯერებთ: „რევოლუცია თამაში არ არის, რომელიც შეიძლება დაიწყო და შემდეგ შეწყვიტო როცა გინდა. რევოლუცია ცხოვრების წესი და მოწოდებაა.“
ნინო ბაღაშვილი საიას იურისტი