2006 წლის 2 მაისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ თბილისში, კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ,,BMW” მარკის ავტომობილში ჩაცხრილულ იქნენ ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი. შსს-ს ოფიციალური ინფორმაციით, მითითებული პირები საყაჩაღოდ მიდიოდნენ და სპეცოპერაციაში მონაწილე შსს-ს თანამშრომლებმა ცეცხლი გახსნეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც მათი ავტომანქანიდან პოლიციის მიმართულებით სროლა განხორციელდა. საქმეზე თავიდანვე გაჩნდა ბევრი კითხვა, რაც შსს-ს ოფიციალური ინფორმაციის მცდარობაზე მიუთითებდა. საიას ადვოკატები გარდაცვლილ ზურაბ ვაზაგაშვილის უფლებამონაცვლის ინტერესებს იცავდნენ. მართალია, გამოძიება დაიწყო, თუმცა, ჩვენი შეფასებით, გამოძიება წარიმართა არაობიექტურად და მიკერძოებულად, რის შედეგადაც საქმის წარმოება შეწყდა პოლიციელთა ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არარსებობის მოტივით.
ამჟამად დაცვის მხარემ მნიშვნელოვანი მტკიცებულებები მოიპოვა. როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, დაცხრილულ ავტომობილში მსხდომ პირთაგან გადარჩა მხოლოდ ბონდო (ბუბა) ფუთურიძე, რომელთანაც მოგვიანებით გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. დღემდე ცნობილი იყო, რომ ფუთურიძემ აღიარა წარდგენილი ბრალდება. სასამართლოში მის მიერ მიცემული ჩვენებით დასტურდებოდა, რომ მათ სპეცრაზმის წარმომადგენლებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწიეს, რის შემდეგაც მოხდა პოლიციელთა მხრიდან ცეცხლის გახსნა.
2012 წლის 26 ოქტომბერს ბონდო ფუთურიძემ საიას ადვოკატს, გაგი მოსიაშვილს, ახსნა-განმარტება მისცა, რითაც მან უარყო სასამართლოში მიცემული ჩვენება და განმარტა, რომ სასამართლოში დაფიქსირებული ჩვენება ზეწოლის შედეგს წარმოადგენდა. ფუთურიძემ ახსნა-განმარტებაში მიუთითა, რომ ის და მისი მეგობრები არც საყაჩაღოდ მიდიოდნენ და არც იარაღი ჰქონიათ.
მტკიცებულებათა გაყალბების ფაქტებზე მიუთითებენ ასევე პოლიციელთა თანამშრომლები. 23 ოქტომბერს ერთ-ერთმა პოლიციელმა დაცვის მხარის მიერ შედგენილ გამოკითხვის ოქმში განმარტა, რომ პოლიციის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღით თავად განახორციელეს შსს-ს საკუთრებაში არსებული ავტომანქანის დაზიანება, ხოლო ექსპერტის დახმარებით ცდილობდნენ მტკიცებულებების ფალსიფიცირებას და იმ ვერსიის გამყარებას, თითქოს შსს-ს კუთვნილ ავტომანქანაზე არსებული ნატყვიარი ,,BMW” მარკის ავტომობილში მსხდომ პირთა მიერ პოლიციელთა მიმართულებით სროლის კვალია.
საია მიმართავს მთავარ პროკურორს გამოძიების დაწყების მოთხოვნით. ჩვენ პროკურატურას წარვუდგენთ დაცვის მხარის მიერ მოპოვებულ მნიშვნელოვან მტკიცებულებებს, რომლებიც აღნიშნულ საქმეზე შსს-ს ოფიციალური ვერსიის საწინააღმდეგოს ადასტურებენ და პოლიციელთა მხრიდან დანაშაულის ნიშნების შემცველ ქმედებებზე მიუთითებენ.