დღეს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ რუსთავის ოფისში ბრიფინგი მოაწყო. ბრიფინგის თემა გახლდათ “კანონდარღვევები წინასაარჩევნო აგიტაციის დროს საქართველოს რეგიონებში”. ბრიფინგზე ასოციაციის თავმჯდომარესთან ერთად საიას რუსთავის ოფისის თანამშრომელი ლელა ბექაური გამოვიდა. პრესკონფერენციიდან რამდენიმე საათის შემდეგ მას სახლში დაურეკეს, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და დაემუქრნენ.
ლელა ბექაურმა პრესკონფერენციაზე იმ კანონდარღვევებზე ისაუბრა, რომელიც რუსთავის მაჟორიტარი კანდიდატის ლელა აფციაურის საარჩევნო შტაბში ხდებოდა, სადაც მოსახლეობას ვაუჩერებს ურიგებდნენ. ვაუჩერები ელექტროენერგიის 37 კილოვატის საფასურის შეღავათს მოიცავდა. აღნიშნული ვაუჩერები გაიცემოდა სოციალურად დაუცველ ოჯახებზე მაჟორიტარი კანდიდატის ლელა აფციაურის სახელით, როგორც მისი წინა საარჩევნო კამპანიის ნაწილი. ლელა ბექაური გახლდათ ის თანამშრომელი, ვინც აღნიშნული დარღვევა გამოაშკარავა.