5 თებევრალს საიას თავმჯდომარემ თამარ ხიდაშელმა და რეგიონული მედიის ასოციაციის თავმჯდომარემ ია მამალაძემ ერთობლივ ბრიფინგს გამართეს.
საქმე ეხება ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარის, ანტონ ხუნდაძის მიერ გაზეთის „გურია ნიუსის“ ჟურნალისტების მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარის ფაქტებს.
ბრიფინგზე საიამ წარმოადგინა აუდიო ჩანაწერი, სადაც ხუნდაძე ღიად ამბობს, რომ იმ ჟურნალისტს, რომელმაც მას აწყენინა „კაცურად გაუსწორდება“.
როგორც ჟურნალისტების ნათქვამიდან ირკვევა, ხუნდაძე ყოველთვის თავს არიდებს ინტერვიუს მიცემას და მედიის წარმომადგენლებთან მხოლოდ წერილობით, კითხვა-პასუხის რეჟიმით შემოიფარგლება, ისიც იშვიათად.
ასევე, ჟურნალისტები პრობლემებს აწყდებიან საკრებულოდან საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის დროს.
საქმეში ლინგენსი ავსტრიის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ გამოხატვის თავისუფლება წარმოადგენს დემოკრატიული საზოგადოების უმნიშვნელოვანეს მონაპოვარს. უფლება ეხება, როგორც ინფორმაციას და იდეებს, რომელთა გავრცელებასაც კეთილგანწყობილად ხვდება საზოგადოება და არ არის მიჩნეული შეურაცხმყოფელად, არამედ ასევე მოიცავს ისეთ იდეებსა და ინფორმაციას, რომლებიც შეურაცხმყოფელია, შოკისმომგვრელია და იწვევს წუხილს. ასეთია პლურალიზმის, შეწყნარებისა და ფართეთვალთახედვის ინტერესები, რომელთა გარეშეც წარმოუდგენელია დემოკრატიული საზოგადოების არსებობა.
საიასთვის ყოველთვის პრიორიტეტი იყო სიტყვის თავისუფლების დაცვა და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლებისთვის ბრძოლა.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისთვის მიუღებელია საქართველოს რეგიონებში ჟურნალისტებზე გახშირებული ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარის ფაქტები ხელისუფლების თუ ადგილობრივი თვითმმართველობის მაღალი თანამდებობის პირთა მხრიდან.
საია მოუწოდებს ხელისუფლებას ადეკვატური შეფასება მიეცეს რეგიონალურ მედიაზე ზეწოლის გახშირებულ ფაქტებს და არც ერთი შემთხვევა არ დატოვოს სათანადო რეაგირების გარეშე.