საქართველო-რუსეთს შორის ბოლო დროს გართულებულმა ურთიერთობებმა პირველ რიგში დააზარალა საქართველოს მოქალაქეები. უკანასკნელი ერთი კვირის განმავლობაში მასობრივად ხდება საქართველოს მოქალაქეების გამოძევება რუსეთის ფედერაციიდან. მოუხედავად იმისა, რომ ყველა სუვერენული სახელმწიფოს უფლებაა თავად აირჩიოს საკუთარი მიგრაციული პოლიტიკის განხორიციელების ლეგიტიმური საშუალებები, საქართველოს მოქალაქეების კოლექტიური დეპორტაცია, საერთაშორისო სამართლებრივი პრინიციპებით უზრუნველყოფილი გარანტიებისა უხეში დარღვევით, და ამასთანავე, პატივისა და ღირსების დამამცირებელი ფორმით, დაუშვებელია და წარმოადგენს თავად რუსეთის კანონმდებლობითა და საყოველთაოდ აღიარებული ფუნდამენტური უფლებების უხეშ დარღვევას.
აქედან გამომდინარე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიმართავს ყველა იმ დეპორტირებულ მოქალაქეს, რომელსაც გააჩნდა რუსეთის ფედერაციაში ყოფნის სამართლებრივი საფუძველი მოგვმართოს საიას თბილისის ოფისში.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გამოთქვამს მზადყოფნას საკუთარი და რუსეთის ფედერაციასა და დიდ ბრიტანეთში პარტნიორი უფლებადამცველი ორგანიზაციების დახმარებით განახორიციელოს ამ პირთა სამართლებრივი წარმომადგენლობა დარღვეულ უფლებათა დასაცავად რუსეთის ფედერაციის სასამართლო სისტემაში და აუცილებლობის შემთხვევაში ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში (სტრასბურგი).