ფოტო : მაუწყებელი
Როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, რაჭის მოსახლეობა, მათი მხარდამჭერები და მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ დავით ხიდაშელისთვის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში 97 000 ჰექტარ ტყეზე 49-წლიანი ლიცენციის სრულად გაუქმებას მოითხოვს. 2023 წლის 27 სექტემბრიდან მათ ონში, მერიის წინ, კარავი გაშალეს. Როგორც აქციის ორგანიზატორების პოზიციიდან ირკვევა, დაახლოებით 2 თვის უშედეგო პროტესტის შემდეგ, მათ გადაწყვიტეს, იგივე კარავი თბილისში, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდეგში ‘სამინისტრო’) შენობის წინ, გადმოეტანათ და უკვე აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოს წინ განეგრძოთ საპროტესტო აქცია რაჭის ტყეების გასხვისების ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნით. Ამ აქციამ თბილისში დღეს, 18 ნოემბერს, გადაინაცვლა, კერძოდ, ამჟამად. Სამინისტროსთან ასეულობით ადამიანია შეკრებილი.
Როგორც საჯაროდ გავრცელებული წყაროებიდან ირკვევა, სამინისტროსთან ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა, რაც გამოიხატა შემდეგ ფაქტებში: აქციის მონაწილეებმა ვერ შეძლეს სამინისტროს მთავარი შესასვლელიდან ეზოში შესვლა. ეზოში შესვლის მიზანს კარვის გაშლა და მშვიდობიანი აქციის გამართვა წარმოადგენდა, ხოლო, პოლიციის მიერ აღნიშნულზე წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ, პროტესტის მონაწილეებმა სამინისტროს ღობესთან გადაწყვიტეს კარვის გაშლა. Თუმცა, ამავე პერიოდში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის მონაწილეების ადმინისტრაციული წესით დაკავება დაიწყო. Კერძოდ, Შინაგან საქმეთა სამინისტროს ბოლო ინფორმაციით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების საფუძველზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 13 პირი. Აღსანიშნავია, რომ აქციაზე შსს-მ დააკავა, არა, მხოლოდ, აქციის მონაწილეები, არამედ, აქციის ორგანიზატორები, კერძოდ, გარემოს დაცვის სამინისტროსთან აქციაზე დაკავებულია ვარლამ გოლეთიანი, ასევე, ნუგზარ გოდოლაძე და გელა ქეთელაური. ადმინისტრაციული წესით დაკავებულ პირთა რიგებში აღმოჩნდა, ასევე, მედიის წარმომადგენელიც. Კერძოდ, დაკავებულია “მაუწყებლის” ჟურნალისტი რატი რატიანი, რომელიც აქციის მიმდინარეობის დროს პროფესიულ საქმიანობას ასრულებდა.
განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სახელმწიფო შეკრების თავისუფლებას მომეტებულად ზღუდავს, აღნიშნულს კი იგი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზე აკეთებს. Სამინისტროსთან მიმდინარე პროტესტის დროს პოლიციელებს უნდა მიეცათ აქციის მონაწილეებისთვის კარვის დადგმის შესაძლებლობა. Საქართველოს კანონმდებლობა, საკონსტიტუციო თუ საერთო სასამართლოების პრაქტიკა იცავს კარვის დადგმის უფლებას, როგორც შეკრების თავისუფლებით დაცულ სფეროს. Კერძოდ, დადგენილი პრაქტიკით, ,,შეკრებებისა და მანიფესტაციების უფლება მოიცავს შეკრების გამართვის ადგილის, დროისა, ფორმისა და შინაარსის არჩევის უფლებას, რაც შესაძლებლად მიიჩნევს დროებითი კონსტრუქციების განთავსების შესაძლებლობას“. Მოცემულ შემთხვევის ირვლივ არსებული გარემოებების, მათ შორის, სამინისტროს ადგილმდებარეობის, არასმუშაო დღისა და დროის, გათვალისწინებით, ბუნდოვანია ის ლეგიტიმური მიზანი,, რომელიც გაამართლებდა ძირითად უფლებაში ჩარევას, კერძოდ, აქციის მონაწილეებისთვის კარვის დადგმის უფლების რეალიზების შეზღუდვას, როგორც სამინისტროს ეზოში, ასევე, მის გარეთ, ასევე, აქციის ორგანიზატორების / ჟურნალისტების დაკავებას. საჯაროდ გავრცელებული წყაროების მიხედვით, ასევე, ვერ იქნა დადასტურებული ჩარევის აუცილებლობა, რაც გაამართლებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების ქმედებას, (1) არ მიეცათ აქციის მონაწილეებისთვის კარვის დადგმის უფლება; (2) საპროტესტო აქციის მუხტის სავარაუდო შესუსტების და საზოგადოების ინფორმირებულობის შეზღუდვის მიზნით კი, განეხორციელებინათ აქციის ორგანიზატორების / ჟურნალისტის დაკავება. Ამასთან კავშირში, აღსანიშნავია, რომ Გამოხატვის თავისუფლებისთვის მსუსხავი ეფექტის მქონეა, და, მედიათავისუფლების ეკოსისტემის გაუარესების კიდევ ერთი მაჩვენებელია აქციების დროს ჟურნალისტების დაკავების მავნე პრაქტიკა. Აღნიშნულს ადგილი 2023 წელს უკვე არაერთხელ ჰქონდა. Მედიის წარმომადგენლის დაკავება, როდესაც ის ახორციელებს ჟურნალისტურ საქმიანობას, წარმოადგენს ჟურნალისტური საქმიანობის შეგნებული შეფერხების / ხელშეშლის პრაქტიკას და სისხლის სამართლის დანაშაულს.
მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს:
- დაიცვას საქართველოს კონსტიტუციითა და შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონით დადგენილი მოთხოვნები; მისცეს აქციის მონაწილეებს კარვის დადგმის და მშვიდობიანი პროტესტის გაგრძელების შესაძლებლობა;
- დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირები;
-თავი შეიკავოს მედიის საქმიანობაში უკანონოდ ჩარევისგან და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს დაკავებული ჟურნალისტი.
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს:
- დროულად შეისწავლოს მედიის წარმომადგენლების პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტები და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.