სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

ადვოკატის გარეშე მყოფი ბრალდებულის სამართლებრივი მდგომარეობა შეჯიბრებით სისხლის სამართლის პროცესში

2024-03-07 10:23
Featured image

I'm trusting in the Lord and a good lawyer.

Oliver North

სისხლის სამართალი სოციალური წესრიგის დაცვის უკანასკნელი საშუალებაა (ultima ratio). ის ხელისუფლების ყველაზე ბასრი ინსტრუმენტია,1 ამიტომ ამ სფეროში სახელმწიფო უნდა მოქმედებდეს განსაკუთრებულად, რათა მიღწეული იყოს სისხლის სამართლის მიზნები და, იმავდროულად, პროცესის წარმართვისას გათვალისწინებული იყოს ბრალდებულის/მსჯავრდებულის უფლებები. ამ უფლებათაგან ერთ-ერთი გამორჩეულია ბრალდებულის დაცვის უფლება, რომელიც საქართველოს კონსტიტუციითა და არაერთი საერთაშორისო ინსტრუმენტითაა გარანტირებული.2 დაცვის უფლება სხვადასხვა სახით ვლინდება. მათ შორის, არსებითი კომპონენტია ადვოკატის მონაწილეობა სისხლის სამართლის პროცესში. ადვოკატის როლი კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პირობებში, როდესაც ბრალდებულს უპირისპირდება კარგად მომზადებული და კვალიფიციური სისტემა პროკურატურის სახით.

დღეს არაერთი პროცესი მიმდინარეობს სასამართლოში, სადაც ბრალდებულებს ადვოკატები არ ჰყავთ. ისინი არც სავალდებულო წესით, არც სახელმწიფოს ხარჯზე დაცვას არ ექვემდებარებიან და, ამასთანავე, უსახსრობის გამო, ადვოკატის მომსახურების გარეშე რჩებიან. იმ პრობლემური სურათის დანახვა, თუ როგორია ადვოკატის გარეშე მყოფი ბრალდებულის სამართლებრივი მდგომარეობა შეჯიბრებით სისხლის სამართლის პროცესში, წარმოუდგენელია დღეს არსებული საკანონმდებლო თუ პრაქტიკული რეალობის გაანალიზების გარეშე.

 

დაცვის უფლება - სავალდებულო დაცვა

ყველაზე სტანდარტული შემთხვევა სისხლის სამართლის პროცესში არის ბრალდებულის მიერ საკუთარი ხარჯით დამცველის აყვანა ანუ დაცვა შეთანხმებით, როდესაც ბრალდებული უფლებამოსილია, შეარჩიოს და მოიწვიოს ადვოკატი საკუთარი სახსრებით. იმ შემთხვევაში, თუ სხვადასხვა მიზეზით ბრალდებულს თავად არ შეუძლია ადვოკატის აყვანა (მაგალითად, დაკავებულია, არასრულწლოვანია, ფიზიკური ან ფსიქიკური ნაკლის მქონეა), მისი ნების გათვალისწინებით, შესაძლებელია, ადვოკატი აიყვანოს ახლო ნათესავმა ან სხვა ნებისმიერმა პირმა. ასევე, ქართული კანონმდებლობის შესაბამისად, ბრალდებულს უფლება აქვს, უარი თქვას ადვოკატზე და დამოუკიდებლად დაიცვას თავი. იგი შეზღუდულია მხოლოდ წინაპირობებით, რომ უნდა გააჩნდეს საკუთარი თავის დაცვის უნარი და არ უნდა არსებობდეს სავალდებულო დაცვის საფუძვლები.

დაცვის ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს, თუ: ა) გადახდისუუნარო ბრალდებული მოითხოვს ადვოკატის დანიშვნას; ბ) არსებობს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი სავალდებულო დაცვის შემთხვევა და საქმეში არ მონაწილეობს ბრალდებულის მიერ აყვანილი ადვოკატი.3

სავალდებულო დაცვა კანონმა ისეთ შემთხვევებში განსაზღვრა, როდესაც ბრალდებული სხვადასხვა მიზეზით თავად ვერ შეძლებს დაცვის ჯეროვნად განხორციელებას, არ არის უნარიანი, თავი თვითონ დაიცვას ან მოსალოდნელი სასჯელის სიმძიმე განაპირობებს ბრალდებულის ეფექტიანი დაცვით უზრუნველყოფის აუცილებლობას. მაგალითად, სავალდებულოა, ბრალდებულს ჰყავდეს ადვოკატი, თუ: არასრულწლოვანია; არ იცის სისხლის სამართლის პროცესის ენა; აქვს ფიზიკური ან ფსიქიკური ნაკლი, რაც საკუთარი თავის დაცვაში ხელს უშლის; ჩადენილი ქმედებისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა უვადო თავისუფლების აღკვეთის სახით და სხვა.4

ამასთანავე, დადებით შეფასებას იმსახურებს იურიდიული დახმარების საბჭოს 2015 წლის 9 სექტემბრის N27 გადაწყვეტილება, რომელმაც განსაზღვრა არასოციალურად დაუცველი პირების გარკვეული კატეგორიისთვის ადვოკატის გამოყოფის შესაძლებლობაც. თუმცა, ვერც ეს აღმოფხვრის პრობლემას სრულად და ამ მიმართულებით რეგულაციები დასახვეწია.

სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებული პრაქტიკაა. გერმანიაში სისხლის სამართლის პროცესისთვის ფორმალური იურიდიული დახმარების სქემა არ არსებობს. ის მიერთებულია სავალდებულო დაცვის რეჟიმზე, რომელიც დამოკიდებულია საქმის სირთულეზე, ასევე, ბრალდებულის მიერ თავის დაცვის უუნარობაზე და არა - ფინანსურ საჭიროებაზე. ყველა ბრალდებულს, მიუხედავად მისი ფინანსური შესაძლებლობისა, აქვს უფლება, მოითხოვოს სახელმწიფოს მიერ დანიშნული ადვოკატი. აქ ერთიანი სახაზინო ადვოკატის ინსტიტუტი არ არსებობს, ამიტომ, ნებისმიერი ადვოკატი შეიძლება დაინიშნოს, როგორც სახელმწიფოს ადვოკატი. თუმცა, ის არ არის ვალდებული, უფასოდ დაეხმაროს ბრალდებულს. საკითხი, ვის ეკისრება ამ ხარჯების გადახდა, წყდება პროცესის დასრულების შემდეგ. საქმის განმხილველი სასამართლო ხარჯებს აკისრებს წაგებულ მხარეს. თუ ბრალდებული გამართლდა, მაშინ მას სახელმწიფო იხდის, კოდიფიცირებული ხარჯების სქემის შესაბამისად.5

აშშ-ში კონკრეტული ნორმა არ არეგულირებს უსახსრო ბრალდებულთა ინტერესების დაცვის საკითხს. ამიტომ სახელმწიფოს ხარჯზე დაცვასთან დაკავშირებით ნორმას ინტერპრეტაცია აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ მისცა. პრეცედენტული სამართლის შესაბამისად, უსახსრო ბრალდებულებს უფლება აქვთ, მოითხოვონ ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე. მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს. ამ საკითხს საფუძვლად დაედო სამართლიანი სასამართლოს პროცესის წარმოების პრინციპი, რამეთუ სამართლიანი მოსმენის უფლებას მცირე სარგებელი ექნება, თუ ის არ მოიცავს შესაძლებლობას, ბრალდებული დაიკითხოს ადვოკატის თანდასწრებით.6

 

რეალური შეჯიბრებითობა თუ ინკვიზიციური პროცესის ელემენტები

სამართლიანი სასამართლოს ერთ-ერთი ელემენტია მხარეთა თანასწორობა და შეჯიბრებითობა. „მხარეთა თანასწორობა ნიშნავს, რომ სისხლის სამართლის პროცესის მონაწილე მხარეებს სამართალწარმოების თანასწორი უფლებები გააჩნიათ და საქმის მსვლელობისას თანაბარ პირობებში იმყოფებიან. მხარეთა თანასწორობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს სისხლის სამართლის საქმეების განხილვისას, როდესაც ბრალდებას სახელმწიფო რესურსი და ძალაუფლება გააჩნია, ხოლო დაცვის მხარე უფრო არასახარბიელო მდგომარეობაში იმყოფება. მხარეთა თანასწორობის პრინციპი უზრუნველყოფს დაცვის მხარის უფლებას, შეძლოს საქმის წარმოდგენა ბრალდებასთან თანაბარ პირობებში.“7

მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი აშშ-ის სისხლის სამართლის ერთ-ერთი ფუძემდებლური პრინციპია.8 კონტინენტურ-ევროპული სისტემა კი ინკვიზიციურ პრინციპს ეფუძნება, სადაც მოსამართლე არ არის პასიური საქმის განხილვისას და მას აქტიური როლი აკისრია მატერიალური ჭეშმარიტების დადგენის პროცესში.9

ქართული სისხლის სამართალწარმოების ფორმა, უმეტესად, შეჯიბრებითია, თუმცა შეიცავს გარკვეულ ინკვიზიციურ ელემენტებს, როგორიცაა, მაგალითად, მოსამართლის დამაზუსტებელი კითხვა. საერთო ჯამში კი, სასამართლო ნეიტრალურია. მას ეკრძალება ბრალდების დამადასტურებელ და დაცვის ხელშემწყობ მტკიცებულებათა დამოუკიდებლად მოპოვება და გამოკვლევა. მტკიცებულებათა მოპოვება მხარეების კომპეტენციაა.

სასამართლოს როლი შეჯიბრებით პროცესში დამცველის გარეშე მყოფი ბრალდებულისა და ბრალდების მხარის რეალური თანასწორობის უზრუნველსაყოფად

1) ბრალდებულისთვის უფლებების ნათლად და სრულყოფილად განმარტება

პროცესზე, სადაც ბრალდებულს არ ჰყავს ადვოკატი და თავად უწევს თავის დაცვა, სასამართლოს აქტივობა კანონის ჩარჩოებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. რაში უნდა გამოიხატოს სასამართლოს აქტივობა? მოსამართლემ ბრალდებულს სრულყოფილად და ნათლად უნდა განუმარტოს მისი უფლება-მოვალეობები.10 იმისთვის, რომ ბრალდებულმა შეძლოს თავისი უფლებების რეალიზება, პირველ ყოვლისა, ის ინფორმირებული უნდა იყოს ამ უფლებების შესახებ. სასამართლომ უნდა უზრუნველყოს, რომ მიმდინარე პროცესი ბრალდებულისთვის გასაგები და ნათელი იყოს, საჭიროების შემთხვევაში, პროცესის ამა თუ იმ ეტაპზე განუმარტოს კანონი, შეახსენოს მისი უფლებები და ა.შ.

საიას დაკვირვებით, სამწუხაროდ, პრაქტიკაში მოსამართლეები ბრალდებულს უფლებებს სრულად არ განუმარტავენ.11 სასამართლო, ზოგ შემთხვევაში, სათანადო დროს არ უთმობს პირველი წარდგენის სხდომაზე ბრალდებულისთვის უფლებების განმარტებას მისთვის გასაგებ ენაზე და მხარეთა პოზიციების სრულყოფილად მოსმენას.

2) წინასასამართლო სხდომაზე, დაცვის მხარის შუამდგომლობის მიუხედავად, ბრალდების მხარის მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობა

პრაქტიკოსი იურისტები ხშირად დავობენ, შეუძლია თუ არა მოსამართლეს დამოუკიდებლად გადაწყვიტოს მტკიცებულებათა დაუშვებლად ცნობის საკითხი მაშინ, როცა, მართალია, დარღვეულია კანონით დადგენილი მოთხოვნები, მაგრამ ამის თაობაზე მხარე შუამდგომლობას არ წარადგენს. იურისტთა ერთ ნაწილს მიაჩნია, რომ ამ უფლებამოსილებას მოსამართლეს ანიჭებს საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის ჩანაწერი – „განიხილავს მხარეთა შუამდგომლობებს მტკიცებულებათა დასაშვებობის თაობაზე“, რაც გულისხმობს მოსამართლის უფლებამოსილებას, იმსჯელოს არა დაუშვებლობაზე, არამედ დასაშვებობაზე, გარდა ამისა, დამოუკიდებლადაც მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მიიჩნევს, რომ რომელიმე მტკიცებულება არ უნდა იყოს დაშვებული არსებით სხდომაზე, ვინაიდან „სასამართლო არ არის შეზღუდული მხარეთა შუამდგომლობებით და, ვალდებულია, დაუშვებლად ცნოს მტკიცებულება შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების არსებობისას.“12

თუმცა, მეორე ნაწილის მტკიცებით, სასამართლოს ეს პრაქტიკა ეწინააღმდეგება შეჯიბრებითობის პრინციპს და არღვევს მხარის უფლებას, თვითონ გადაწყვიტოს, რომელი მტკიცებულებების წარდგენა სურს არსებითი განხილვისთვის, მით უმეტეს, თუ მოწინააღმდეგე მხარე ამ მტკიცებულების სასამართლოში წარდგენას სადავოდ არ ხდის.13

მიმაჩნია, რომ იმ პროცესებზე, სადაც ბრალდებულს არ ჰყავს ადვოკატი, სასამართლოს მხრიდან ბრალდების მხარის მტკიცებულებათა დაუშვებლად ცნობა, პირიქით, ხელს შეუწყობს შეჯიბრებითობას, თანასწორობას და, რაც მთავარია, სამართლიან სასამართლო პროცესს, რადგან დამცველის გარეშე მყოფ ბრალდებულებს, როგორც წესი, თავად არ შეუძლიათ, განსაზღვრონ, არის თუ არა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება კანონის არსებითი დარღვევით მოპოვებული, ხომ არ იკვეთება მტკიცებულების შესაძლო გამოცვლა, მისი ნიშან-თვისებების არსებითი შეცვლა ან მასზე დარჩენილი კვალის არსებითი გაქრობა, ან ხომ არ არსებობს მტკიცებულების დაუშვებლად ცნობის სხვა სამართლებრივი საფუძველი. ვფიქრობ, რომ წინასასამართლო სხდომის მოსამართლის აქტივობა – კანონიერი საფუძვლის არსებობისას თავისი ინიციატივით ცნოს მტკიცებულება დაუშვებლად – უნდა გავრცელდეს მხოლოდ ბრალდების მხარის მტკიცებულებებთან მიმართებით, რადგან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლის მე-3 ნაწილით კანონმდებელმა ბრალდების მხარის მტკიცებულებათა დასაშვებობისა და დაცვის მხარის მტკიცებულებათა დაუშვებლობის მტკიცების ტვირთი ბრალმდებელს დააკისრა. შესაბამისად, პროკურორი ვალდებულია, თავად ამტკიცოს დაცვის მხარის მტკიცებულების დაუშვებლობა.

3) მოსამართლის მიერ სხდომაზე დამაზუსტებელი კითხვის დასმა

მხარეებს ეკისრებათ ვალდებულება, არ გამორჩეთ ფაქტი, მტკიცებულება და დაუსვან მოწმეს სათანადო კითხვა, რათა უზრუნველყონ სამართლიანი სასამართლო. თუმცა, როდესაც ისინი ამას ვერ ახერხებენ და რჩება რაიმე გაურკვეველი გარემოება, ამოქმედდება მოსამართლის უფლებამოსილება.

მოსამართლის მიერ დამაზუსტებელი კითხვის დასმის მნიშვნელობა უფრო თვალსაჩინო ხდება იმ პროცესებზე, სადაც ბრალდებულები თავად იცავენ თავს და სათანადოდ ვერ ახერხებენ მოწმეთა დაკითხვას.

მოსამართლისთვის კითხვის დასმის შეზღუდვის დაწესებით, სასამართლოს ხელი ეშლება დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენის დადგენაში. ამიტომ, მნიშვნელოვანი იყო საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ამ საკითხთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება.14 კონკრეტულად, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა, მოსამართლის წარდგინების საფუძველზე, მიიღო გადაწყვეტილება,

რომლითაც ძალადაკარგულად გამოცხადდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის მესამე წინადადების (მოსამართლე უფლებამოსილია, გამონაკლის შემთხვევაში, მხარეებთან შეთანხმების შედეგად, დასვას დამაზუსტებელი კითხვა, თუ ეს აუცილებელია სამართლიანი სასამართლოს უზრუნველსაყოფად) ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ზღუდავდა საქმის განმხილველი მოსამართლის მიერ კითხვის დასმის შესაძლებლობას.

 

შეჯამება

საგულისხმოა, რომ იურიდიული დახმარების სამსახური, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ადვოკატის გამოყოფის გზით უზრუნველყოფს სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური პრინციპის – დაცვის უფლების რეალიზაციას და, გარკვეულწილად, შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პირობებსაც ქმნის. თუმცა, სამწუხაროდ, ამ ფარგლების მიღმა რჩება არაერთი საქმე, რომელშიც ბრალდებულები/მსჯავრდებულები ასეთი უფლებით სარგებლობას მოკლებულნი არიან. გასათვალისწინებელია ჩვენს ქვეყანაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. შესაძლებელია, პირი არ ხვდებოდეს სოციალურად დაუცველთა იმ სიაში, რომლის საფუძველზეც ადვოკატი ინიშნება, მაგრამ მას მაინც არ ჰქონდეს ადვოკატის მომსახურებისთვის საჭირო სახსრები. საკითხი პრაქტიკაში საკმაოდ პრობლემურია და შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. მნიშვნელოვანია, რომ ისედაც მძიმე ფსიქოლოგიურ, მორალურ ვითარებაში მყოფი ბრალდებული დაუცველი არ დარჩეს სახელმწიფო აპარატის – პროკურატურის წინაშე.

ადვოკატის გარეშე მყოფი ბრალდებულების მდგომარეობის გაუმჯობესება შესაძლებელია: 1) სახელმწიფოს ხარჯზე მეტი ადვოკატის გამოყოფის გზით (რესურსის ზრდით) და 2) ამ პროცესში სასამართლოს როლის დანახვით.

სწორედ სასამართლოს აწევს ტვირთი, შეინარჩუნოს ამგვარ პროცესებში თანასწორობის სტანდარტი, ვგულისხმობ ბრალდებისა და დაცვის მხარის მიმართ თანაბარი პირობების შექმნას სასამართლო განხილვის დროს.

 

ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი 

 

ბლოგი მომზადდა თამარ ბოჭორიშვილის მიერ, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით მიმდინარე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის პროექტის ფარგლებში. 

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. 

ბლოგის შინაარსზე პასუხისმგებელია თამარ ბოჭორიშვილი და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტიტის და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს შეხედულებებს. 


1 ტურავა მ. სისხლის სამართალი, ზოგადი ნაწილის მიმოხილვა, თბ. 2010, გვ. 17.

2 საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 31 (3); ECHR, მუხლი 6 (3); ICCPR, მუხლი14 (3).

3 სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 46 (1).

4 იქვე, მუხლი 45.

5 ხელმისაწვდომია: https://www.opensocietyfoundations.org/sites/default/files/eu-legal-aid-germany-20150427.pdf.

6 ლალიაშვილი თ. საქართველოს სისხლის სამართლის პროცესი, ზოგადი ნაწილი, თბ. 2015, გვ. 149.

7 საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, სასამართლო მონიტორინგის N2 ანგარიში, 2012, გვ. 8-9.

8 Wayne R. LaFave, Criminal procedure, second Edition, p. 35.

9 ლალიაშვილი თ. საქართველოს სისხლის სამართლის პროცესი, ზოგადი ნაწილი, თბ. 2015, გვ. 124.

10 ბრალდებულის ძირითადი უფლება-მოვალეობანი მოცემულია სსსკ-ის 38-ე მუხლში, თუმცა არ შემოიფარგლება მხოლოდ ამ მუხლით.

11 საიას სისხლის სამართლის პროცესების მონიტორინგის ანგარიში N3, გვ. 34; საიას სისხლის სამართლის პროცესების მონიტორინგის ანგარიში N17, გვ. 22.

12 საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის კომენტარი, ავტორთა კოლექტივი, გ. გიორგაძე (რედ.), 2015, გვ. 654.

13 ჩომახაშვილი ქ. თომაშვილი თ. ძებნიაური გ. და სხვები, მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში, თბ. 2016, გვ. 28-29.

14 ხელმისაწვდომია: https://constcourt.ge/ka/judicial-acts?legal=12979.