სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

ადმინისტრაციული დაკავების ვადის და საფუძვლის შესახებ წარდგენილი სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო

2019-11-04 15:37
Featured image

საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო სარჩელი, რომელიც საიამ ირაკლი ჯუღელის სახელით წარადგინა. ამ საქმეში საია დავობს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 247-ე მუხლის მე-2 ნაწილის და 244-ე მუხლის კონსტიტუციურობის საკითხზე.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 247-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „პირი, რომლის ადმინისტრაციული დაკავების ვადა არასამუშაო დროს ემთხვევა, შეიძლება დაკავებულ იქნეს და მოთავსდეს დროებითი მოთავსების იზოლატორში უფლებამოსილი ორგანოს მიერ საქმის განხილვამდე. აღნიშნულ შემთხვევაში პირის დაკავების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 48 საათს“. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ პირის დაკავება სამუშაო საათების დროს მოხდა, მაშინ მისი დაკავების მაქსიმალური ვადა 12 საათია. ამიტომ, საია მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ თანასწორობის უფლებას, ვინაიდან ადგენს უთანასწორო მოპყრობას სამუშაო და არასამუშაო დროს დაკავებულ პირებს შორის.

რაც შეეხება, 244-ე მუხლს, ამ მუხლით დაკავების ერთ-ერთ საფუძვლად დადგენილია პიროვნების დადგენა. საიას მიაჩნია, რომ აღნიშნული საფუძველით პირის დაკავება სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მიერ ქმნის სუბიექტური, თვითნებური მიზეზებით პირის დაკავების შესაძლებლობას, რადგან სადავო ნორმა იძლევა პირის დაკავების ბუნდოვან საფუძველს. პიროვნების დადგენის მიზნით უფლების მზღუდავი ისეთი საშუალების გამოყენება, როგორიც ადმინისტრაციული დაკავებაა, ვერ ჩაითვლება თანაზომიერ შეზღუდვად მართლმსაჯულების განხორციელების ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად. ადამიანის თავისუფლებაში ჩარევის საფუძველი მხოლოდ კანონით პირდაპირ დადგენილი უფლებამოსილება შეიძლება გახდეს და აუცილებელია, პოლიციის უფლებამოსილების განხორციელების წინაპირობებს კანონმდებლობა მკაფიოდ განსაზღვრავდეს. შესაბამისად, საია მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული დაკავება პიროვნების დადგენის საფუძვლით ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ ადამიანის თავისუფლების უფლებას.

 

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის რეფორმის დასაჩქარებლად, საია სტრატეგიულ სამართალწარმოებას რამდენიმე წელია აქტიურად ახორციელებს. ამ დროისათვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის სხვადასხვა მუხლების გაუქმება უკვე მოხერხდა. საია იმედოვნებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო წარდგენილ სარჩელს დააკმაყოფილებს, რაც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის კოდექსის არსებული კოდექსის გასაუქმებლად.

 

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის გასაუქმებლად სტრატეგიულ სამართალწარმოებას საია USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით აწარმოებს.