საქართველოს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს საქართველოს მთავრობის ინიცირებულ კანონპროექტს, რომლიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებს შეეხება. სხვა საკითხებთან ერთად, წარდგენილი პროექტით ზუსტდება ადმინისტრაციული დაკავების ვადები. კერძოდ, არასამუშაო დროს ადმინისტრაციული წესით დაკავების ვადა განისაზღვრება 48 საათით. როგორც განმარტებით ბარათშია მითითებული, ამ ცვლილების განხორციელების საჭიროება წარმოშვა ვადის გამოთვლასთან დაკავშირებით პრაქტიკაში არსებულმა პრობლემებმა.
საია მიიჩნევს, რომ დროის დაკონკრეტებამ შესაძლოა, მართლაც აღმოფხვრას ვადის გამოთვლასთან დაკავშირებული სირთულეები, თუმცა, წარდგენილი ცვლილებებით კვალავ შენარჩუნებულია სამუშაო და არასამუშაო დროს დაკავების განსხვავებული ვადები,[1] რასაც არ აქვს შესაბამისი ლეგიტიმური მიზანი. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც არ არსებობს ადმინისტრაციული დაკავების, როგორც კონსტიტუციით გარანტირებულ თავისუფლებაში ინტენსიური ჩარევის კანონიერების შემოწმების ეფექტური მექანიზმი (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისას არ ხდება ადმინისტრაციული დაკავების კანონიერების შემოწმება[2]), ვფიქრობთ, რომ ადმინისტრაციული დაკავების არსებული ფორმით შენარჩუნება გაუმართლებელია.
საია მიიჩნევს, რომ ყოველი მცდელობა, რომელიც საბჭოთა პერიოდიდან შემორჩენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ფრაგმენტულ შესწორებას ისახავს მიზნად, არის ფუჭი და ვერ უზრუნველყოფს მის გარდაქმნას იმგვარად, რომ სრულად აღმოიფხვრას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონმდებლობის არაკონსტიტუციური გამოყენება. ამიტომ, მნიშვნელოვანია, დროულად განხორციელდეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონმდებლობის რეფორმა და გადაიხედოს არამხოლოდ ადმინისტრაციული დაკავების მარეგულირებელი ნორმები, არამედ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონმდებლობა სრულად.
საია მიმართავს საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს, დააჩქარონ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონმდებლობის რეფორმის განხორციელება, რადგან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის არსებული ფორმით მოქმედება იწვევს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების და საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევას.
[1] საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 247-ე მუხლის თანახმად, თუ დაკავების ვადა არ ემთხვევა არასამუშაო დროს, დაკავების მაქსიმალური ვადა განისაზღვრება 12 საათით.
[2] იხ. საიას კვლევა ,,სამართალდარღვევად მიჩნეული პროტესტი“ გვ. 20-22 https://gyla.ge/files/news/2008/geo.pdf