კვლევის პირველი ნაწილი, როგორც საბაზისო დოკუმენტი, მოიცავს საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობის აღწერას, ერთგვარ ჩარჩოს, რომელიც განსაზღვრავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პოლიტიკურ უფლებებს, ასევე მონაცემებს პრაქტიკაში არსებული სირთულეების და ბარიერების შესახებ, რაც ხელს უშლის ამ უფლებების რეალიზაციას.
კვლევა აღწერს არსებულ მდგომარეობას და აჩვენებს თუ რა ღონისძიებებს ახორციელებს სახელმწიფო, რამდენად ადაპტირებულია საარჩევნო უბნები, რამდენად სრულყოფილია მონაცემთა ბაზა და რა ღონისძიებებს ატარებენ შესაბამისი სახელმწიფო უწყებები შშმ პირთა პოლიტიკური უფლებების რეალიზაციის კუთხით.
წარმოდგენილი კვლევა ასევე ეყრდნობა, პროექტის ფარგლებში ჩატარებული სამი ფოკუს ჯგუფის ანალიზს, რომლებიც ორგანიზებულ იქნა იმერეთის სამ მუნიციპალიტეტში: ქუთაისში, ბაღდათსა და ზესტაფონში და რომელშიც მონაწილეობა მიიღო 30 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირმა.
რესპონდენტთა უმეტესობის აზრით, შშმ პირები აქტიურად არ არიან ჩართული საარჩევნო პროცესებში. თუმცა ქუთაისში ჩატარებული ფოკუს ჯგუფის წევრები ამბობენ, რომ მათ მეტნაკლებად ჩართვის საშუალება გააჩნიათ. რესპონდენტები თანხმდებიან, რომ წინასაარჩევნო პერიოდში მათდამი ყურადღემა იზრდება, მაგრამ პოლიტიკური პარტიები მხოლოდ მანიპულირებენ ამ თემით და არჩევენების დასრულების შემდეგ აქტივობები აღარ გრძელდება.
საარჩევნო პროცესებში ჩართულობის შემაფერხებელ გარემოებებად ფოკუს ჯგუფის მონაწილეები ასახელებენ:
ინფორმაციის ნაკლებობას;
საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპებს – „ძალიან რთულია, როცა აცნობიერებ რომ შეზღუდული შესაძლებლობები გაქვს, შინაგანად გაქვს სხვადასხვა საქმიანობის განხორციელების მოთხოვნილება, მაგრამ თითქოს ხელფეხი გაქვს შეკრული, ყველაზე დიდი საშინელებაა, როცა ადამიენებისაგან მხარდაჭერის ნაცვლად სიბრალულს გრძნობ“.
მისასვლელი გზების, ქუჩების არაადაპტირებულობას –„ჩვენს ქვეყანაში როცა საუბრობენ შშმ პირთათვის ადაპტირებულ გარემოზე ძირითადათ გულისხმობენ ეტლით მოსარგებლეებს. სამწუხაროდ არც საარჩევნო უბნებზე და არც ზოგადად ქუჩებში არ არის ადაპტირებული გარემო შეზღუდული მხედველობის, სმენადაქვეითებული და გონებრივად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის, რომლებთაც შესაბამისი მანიშნებლები ესაჭიროებათ დამოუკიდებელი გადაადგილებისთვის“;
საზოგადოებრივი ცნობიერების დაბალი დონეს – „საზოგადოებრივ ცხოვრებაში, პოლიტიკურ და საარჩევნო პროცესებში აქტიური მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია შშმ პირთა ცნობიერების ამაღლება, შშმ პირებს საზოგადოების სხვა წევრებისაგან განსხვავებით დაბალი მოტივაცია აქვთ, რომ დამოუკიდებლად მოიძიოს ინფორმაცია, ასევე გააჩნიათ რიგი კომპლექსები. საჭიროა ამ ხალხის დახმარება, როგორც ფიზიკურად ისე მორალური თვალსაზრისით – მთელ საზოგადოების ცნობიერებაზეა სამუშაო“
შშმ პირთა მძიმე ფინანსური მდგომარეობას;
კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა პროექტის ფარგლებში: „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პოლიტიკური და საარჩევნო შესაძლებლობების გაძლიერება “. პროექტი მხარდაჭერილია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის პროექტის ფარგლებში - „საქართველოში კონკურენტული, სამართლიანი და ინკლუზიური საარჩევნო გარემოს ხელშეწყობა 2016-2018 საარჩევნო ციკლისთვის“.
გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.