სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები „თანასწორობის მოძრაობის“ ოფისთან მომხდარი ძალადობის ფაქტს გმობენ

2018-10-02 15:37
Featured image

ადამიანის უფლებების დაცვაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები და ჯგუფები უკიდურეს აღშფოთებას გამოვხატავთ თბილისში, ორგანიზაცია „თანასწორობის მოძრაობის“ ოთხი აქტივისტის მიმართ ჰომოფობიური მოტივით განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტზე. აღნიშნულ ინცინდენტთან დაკავშირებით სამართალდამცავ ორგანოებს მოვუწოდებთ საქმის დროული და ეფექტიანი გამოძიებისკენ და ‘თანასწორობის მოძრაობის’ საქმიანობის გაგრძელების მიზნით შექმნილი მძიმე მდგომარეობის სამართლიანი და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომებით მოგვარებისკენ.   

2018 წლის 28 სექტემბერს, საღამოს, თბილისში, არასამთავრობო ორგანიზაცია „თანასწორობის მოძრაობის” ოფისში მიმდინარეობდა საინფორმაციო შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდა 30-მდე ადამიანი. შეხვედრაში მონაწილე პირები თამბაქოს მოწევის მიზნით გადიოდნენ ორგანიზაციის ოფისის ეზოში. აღნიშნულ ეზოში მდებარეობს კიდევ ერთი სახლი, სადაც ცხოვრობს მეზობელი ოჯახი. 22:00-22:30 შუალედში აღნიშნულ სახლში მცხოვრებმა ქალმა ყვირილით და აგრესიული დამოკიდებულებით მიმართა ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე, ეზოში მყოფ სტუმრებს. მისი გაღიზიანება ორგანიზაციის სტუმრების საუბრის ხმამ გამოიწვია. იგი რამდენიმე წუთის განმავლობაში ემუქრებოდა ოფისის წინ მყოფ ადამიანებს შემდეგი ფრაზების გამოყენებით: “გადაგასახლებთ აქედან”, “ნახეთ რა ბედს გაწევთ”. აღნიშნული ინციდენტი იმწუთიერად ამოიწურა “თანასწორობის მოძრაობის” გადაწყვეტილებით. კერძოდ, დასრულდა ღონისძიება და ორგანიზაციის თანამშრომლებმა სტუმრებს სთხოვეს ოფისის დატოვება. სტუმრების უდიდესმა ნაწილმა დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში დატოვა ორგანიზაციის ტერიტორია. დაახლოებით 23:00 საათისთვის ორგანიზაციის ოფისში დარჩენილი იყო რამდენიმე თანამშრომელი და სტუმარი. მათგან ოთხი ადამიანი: მ.კ., ს.ჟ., ა.ბ., მ.კ. იმყოფებოდა ორგანიზაციის ოფისის წინ, ქუჩაში, სადაც ისინი ელოდებოდნენ ტაქსის. ხოლო, ოთხი ადამიანი: ვ.კ., რ.კ.წ., თ.ე., ა.უ. – ერთად გავიდა ორგანიზაციის ეზოს მხარის კარისკენ, რათა ჩაეკეტათ იგი და შემდგომ, ეზოს გავლით, გამოსულიყვნენ ქუჩაში. იმ დროს, როდესაც აღნიშნული ოთხი პირი ეზოში გამოვიდა, მათი მიმართულებით დაიძრა მეზობელ სახლში მცხოვრები მამაკაცი, რომელიც მათკენ მიიჭრა სიტყვიერი შეურაცხყოფით და მიახლოებისას, ფიზიკურ ძალადობაზე გადავიდა. თავდამსხმელმა ვ.კ.-ს ყელში მოუჭირა ხელი დახრჩობის მიზნით, რაც, რამდენიმე წამის განმავლობაში გრძელდებოდა. ამ პროცესში თავდამსხმელი იგინებოდა და იყენებდა ისეთ ფრაზებს, როგორებიცაა, “დაგხოცავთ თქვე ქათმებო”, “ვინც თქვენ უფლებები მოგცათ” და ა.შ. მოულოდნელად თავდამსხმელი გაიქცა სახლისკენ გარკვეული ნივთის ასაღებად. ამ ვითარებას შეესწრო მ.კ., რომელიც ქუჩაში, ჭიშკრის მეორე მხარეს იმყოფებოდა და ცდილობდა და ვ.კ., რ.კ.წ., თ.ე., ა.უ-ს დახმარებას, თუმცა ჭიშკრის გაღებას ვერ ახერხებდა. მ.კ.-მ მობილური ტელეფონით გადაიღო ამ ვითარების ამსახველი ვიდეო. მანამ, სანამ თავდამსხმელი სახლში იყო შესული, მოხერხდა ვ.კ., რ.კ.წ., თ.ე. და ა.უ.-ს ეზოდან ქუჩაში გამოყვანა. ამის შემდეგ თავდამსხმელი სახლიდან ეზოს გავლით ქუჩაში გამოვიდა, აგრძელებდა ყვირილს და მიიწევდა მანქანიდან გარკვეული საგნის ასაღებად, რომელსაც ის დაზარალებულების მიმართ სიცოცხლის მოსპობის მიზანთან კონტექსტში იხსენიებდა. მისი ოჯახის წევრები და მეზობლები ცდილობდნენ მის შეკავებას. ადგილზე მყოფ თემის წევრებსა და აქტივისტებს გაუჩნდათ ეჭვი, რომ თავდამსხმელი მანქანიდან ცეცხლსასროლი იარაღის ამოღებას და მის გამოყენებას აპირებდა. განცდილი შიშის გამო, ისინი ამოეფარნენ მანქანებს და მიმდებარე ქუჩებზე მიმოიფანტნენ.

აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინციდენტიდან მეორე დღეს, 29 სექტემბერს, გაავრცელა განცხადება, სადაც მომხდარი ფაქტი ორმხრივ დაპირისპირებად შეაფასა. შსს-ს მიერ მომხდარი ძალადობრივი ინციდენტის ორმხრივ დაპირსპირებად შეფასება, სადაც აგრესორი და მსხვერპლი თანასწორ მხარეებად არიან წარმოჩენილნი, აცდენილია მსგავსი ტიპის ძალადობის სწორ სამართლებრივ და სოციალურ ხედვას და სამართალდამცავი ორგანოების მიკერძოებულობის მიმართ ეჭვებს წარმოშობს. სამინისტროს მხრიდან გამოძიების პირველივე დღეებში, სათანადო მოკვლევისა და გამოძიების გარეშე, მსგავსი განცხადების გაკეთება მიმდინარე გამოძიების მიმართ ნდობას არსებითად ამცირებს.

პოლიციისა და გამოძიების მიმართ ნდობაზე ნეგატიურად აისახება ის გულგრილობა, რომელსაც შემთხვევის ადგილზე მობილიზებული პოლიციის და სასწრაფო დახმარების ექიმების მხრიდან გამოვლინდა. როგორც ადგილზე მყოფი მოწმეები იხსენებენ, პატრულის თანამშრომლები აგრესიულად ესაუბრებოდნენ ნაცემ მსხვერპლებს, ხოლო სასწრაფოს ექიმები არ აფიქსირებდნენ მიყენებულ დაზიანებებს. ასევე, “თანასწორობის მოძრაობის” ერთ-ერთ თანამშრომელს მეზობლებმა პოლიციის თვალწინ აგინეს და საუბრობდნენ, რომ “პირადასტებს” მათ უბანში არ გააჩერებდნენ, რაზეც პოლიციას არანაირი რეაგირება არ ჰქონია. მსგავსი მიდგომა პოლიციის მხრიდან ინსტიტუციონალიზებული ჰომოფობიის პრაქტიკის გამოვლინებაა, სადაც პოლიცია მსხვერპლის დაცვის ინტერესის იგნორირებით ან ნეგატიური რიტორიკით რეალურად იმეორებს და აძლიერებს მოძალად(ეები)ის მიერ გამოვლენილ დისკრიმინაციულ დამოკიდებულებებს.

საქმეზე პრობლემურია დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაციის საკითხიც. ამ ეტაპაზე გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. ყურადსაღებია, რომ, გარდა ძალადობის ფაქტისა, საქმეში იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის (სიცოცხლის მოსპობის მუქარა) შემადგენლობაც. საქმის გარემოებები აჩვენებს, რომ გ.ფ.-ს მხრიდან მომდინარე მუქარამ, დაზარალებულებსა და მოწმეებში მისი განხორციელების საფუძვლიანი და რეალური შიში წარმოშვა, თუმცა, ეს ასპექტი გამოძიების მიერ იგნორირებული ჩანს. გარდა აღნიშნულისა, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, გ.ფ.-ს მხირდან დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი მიმართვების შინაარსი, ცალსახად მიუთითებს ჰომოფობიურ მოტივზე, რომელიც სსკ-ის 53-ე პრიმა მუხლის მიხედვით, დანაშაულებრივი ქმედების დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს და მისი იდენტიფიცირება საქმის შესწავლის საწყის ეტაპზევე კრიტიკულ მნიშვნელობას იძენს საქმის სრულყოფილი და ჯეროვანი გამოძიების უზრუნველყოფისათვის.

ამ დრომდე მოძალადე პირი პოლიციის მიერ არ არის დაკავებული, რის გამოს თანასწორობის მოძრაობის ოფისი დაკეტილია ადგილზე ძალადობისა და სიტუაციის ესკალაციის რისკების არსებობის გამო.

შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის მიერ სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებთან დაკავშირებით დაწყებულ რეფორმებს ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები პოზიტიურად ვაფასებთ, თუმცა, ცალსახაა, რომ პოლიციის სისტემა კვლავ არ არის მზად ჯეროვანი გულისხმიერებით რეაგირებდეს სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე და მისი მუშაობა კვლავ ფრაგმენტული და ინციდენტებზე ორიენტირებული რჩება. შსს-ს მიერ 29 სექტემბერს გაკეთებული განცხადება მსგავსი დანაშაულების გაგების პრობლემას საგამოძიებო უწყებაში ასევე მკვეთრად წარმოაჩენს. დისკრიმინაციული დანაშაულების სოციალური ბუნებისა და სპეციფიკური კონტექსტის გათვალისწინებით, სამართალდამცავი ორგანოების და, უფრო ფართოდ, მთავრობის პრევენციული პოლიტიკა, კვლავ სუსტი და არასისტემური რჩება, რაც მსგავსი ძალადობის აღკვეთის შესაძლებლობას არსებითად ართულებს.  

ცხადია, არსებული არაეფექტიანი პოლიტიკა და სამართალდამცავ სისტემაში ჰომოფობიური პრაქტიკისა და კულტურის პრობლემა აძლიერებს საზოგადოებაში არსებულ ჰომო/ბი/ტრანსფობიურ წინასწარგანწყობებს, ქმნის დაუსჯელობის გარემოს და პოლიტიკური და სოციალური სივრციდან დისკრიმინირებული ჯგუფების გარიყვას განაპირობებს.

 

ზემოთ აღნიშნული შეფასებების გათვალისწინებით, ხელმომწერი ორგანიზაციები მოვუწოდებთ:

საქართველოს პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს, უზრუნველყონ კერძო პირების მხრიდან “თანასწორობის მოძრაობის” აქტივისტების ცემისა და მათ მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე დროული, დამოუკიდებელი და ეფექტიანი გამოძიება, მათ შორის, მსხვერპლებისათვის დაზარალებულის სტატუსის დროული მინიჭება, დანაშაულებრივი ქმედების სათანადო კვალიფიკაციის გამოყენება, ასევე, ჰომოფობიური სიძულვილის მოტივის გამოკვეთა და საპროცესო დოკუმენტებში ნათლად ასახვა. ამასთან, საქმეზე მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, მოახდინონ გამოძიების პროგრესისა და შედეგების შესახებ საზოგადოების დროული ინფორმირება.

ამასთან, მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს უზრუნველყონ დროული და ადეკვატური პრევენციული ზომების გამოყენება, რათა არასამთავრობო ორგანიზაცია “თანასწორობის მოძრაობას” მიეცეს მისი საქმიანობის უსაფრთხო გარემოში განხორციელების შესაძლებლობა.

 

 

ხელმომწერი ორგანიზაციები:

თანასწორობის მოძრაობა – Equality Movement

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი  – EMC

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი – TDI

მედიის განვითარების ფონდი – MDF

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია – GYLA

კონსტიტუციის 42-ე მუხლი – Article 42 of the Constitution

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა – GDI

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება – ISFED

დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი – IDSD

საქართველოს რეფორმების ასოციაცია – GRASS

ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი – WISG

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის – PHR

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო – TI

საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები – GYG