სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები მთავრობას მოუწოდებენ დროულად და ქმედითად გადაჭრას ჭიათურაში შექმნილი კრიზისი

2019-05-27 19:38
Featured image

ფოტო: ინტერპრესნიუსი

 

10 დღეზე მეტია, ქალაქ ჭიათურაში გაფიცული მაღაროელები მათი დასაქმების ადგილას შექმნილ მძიმე და უსამართლო შრომით, სოციალურ და გარემოსდაცვით პირობებს აპროტესტებენ. დასაქმებულთა ნაწილი პროტესტს შიმშილობითა და სხვა მძიმე ფორმებით გამოხატავს. დასაქმებულების მიმართ გამოკვეთილად მაღალია ქალაქის მოსახლეობის, ბაზრებში დასაქმებული ადამიანების, სკოლის მოსწავლეებისა და მძღოლების სოლიდარობა. ჭიათურელი მაღაროელების გაფიცვას მხარს უჭერენ საქართველოს სხვადასხვა ინდუსტრიულ ზონებში დასაქმებული ადამიანებიც. პროტესტის მასშტაბებმა და რადიკალურმა ფორმებმა, კიდევ ერთხელ, მწვავედ დააყენა ჭიათურაში წლების განმავლობაში გადაუჭრელი ეკონომიკური და სოციალური პრობლემების მძიმე შედეგების გააზრებისა და გადაჭრის საჭიროება.

„ჯორჯიან მანგანეზის“ საქმიანობის შედეგად, ჭიათურაში გარემოსდაცვითი და შრომითი თვალსაზრისით, მწვავე პირობებია შექმნილი. კომპანიას ჭიათურისა და საჩხერის ტერიტორიებზე მანგანუმის მოპოვების 40 წლიანი ლიცენზია აქვს. აღნიშნული ლიცენზიით, მის მფლობელობაშია ჭიათურის და საჩხერის მუნიციპალიტეტის 16 430 ჰექტარი ტერიტორია, რასაც ასევე ემატება სხვადასხვა სოფლებში შესყიდული მიწის ნაკვეთების ფართობიც. წარმოების მაღალი მასშტაბებისა და არსებითად სუსტი გარემოს დაცვითი პოლიტიკის გამო, ქალაქში და მიმდებარე სოფლებში კონცენტრირებულია დიდი რაოდენობით საწარმოო ნარჩენი და ადამიანის ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერებები წყალსა და ჰაერში.  2013-2017 წლებში შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ საქმიანობის არასრული შემოწმების შედეგად გამოვლენილი დარღვევების გარემოსთვის მიყენებული ზიანმა 416 110 418,51 ლარი შედგინა.

გარდა გარემოსთვის მიყენებული ზიანისა, რომელიც მწვავედ აისახება ჭიათურაში მაცხოვრებელი მოსახლეობის ჯანმრთელობაზე, მძიმეა კომპანიაში წლების განმავლობაში დამკვიდრებული უსამართლო შრომითი პრაქტიკები, რომელიც სამართლიან ანაზღაურებას, ჯანდაცვას, უსაფრთხოებას და სხვა შრომით პირობებს უკავშირდება. 2012 წლის 24-დღიანი გაფიცვა, საბოლოოდ ხელფასის მხოლოდ 9%-იან ზრდით დასრულდა, ხოლო შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემების დიდი ნაწილი, გადაუჭრელი დარჩა.

საწარმოოს საქმიანობის შედეგად, ჭიათურაში შექმნილი უმძიმესი შრომითი და ეკოლოგიური პირობების საპასუხოდ, გაფიცული მაღაროელების ძირითადი მოთხოვნები სამართლიანი შრომის ანაზღაურებას, ქალაქის უკიდურესად მძიმე ეკოლოგიური ვითარების გამოსწორებას და სამართლიანი სოციალური გარემოს შექმნას უკავშირდება. კონკრეტულად, გაფიცულთა მოთხოვნებია: ხელფასის გაზრდა, სადაზღვევო პაკეტის გაუმჯობესება, მძიმე სატვირთო მანქანების ქალაქში გადაადგილების აკრძალვა, ასევე შეთანხმების მიღწევისა და გაფიცვის დასრულების შემთხვევაში, სამუშაო ადგილებზე დასაქმებულთათვის შრომითი გარანტიების შექმნა. ამ დრომდე სახელმწიფო თანამდებობის პირების მხრიდან მხარდამჭერი საჯარო განცხადებების მიუხედავად, ხელისუფლებას არ გადაუდგამს ქმედითი ნაბიჯები წარმოქმნილი კრიზისის დაძლევის მიმართულებით. უშედეგოდ დასრულდა ასევე 26 მაისს კომპანიის წარმომადგენლებთან გაფიცულების შეხვედრა .

ზემოთ აღნიშნულისა და შექმნილი მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, მხარს ვუჭერთ დასაქმებულთა სამართლიან და ობიექტურ მოთხოვნებს, მათი მძიმე შრომის ღირსეულ ანაზღაურებასთან და ღირსეული სადაზღვევო შეთავაზების გარანტირებასთან დაკავშირებით, ამასთან, მოვითხოვთ:

1. შექმნილ კრიზისულ ვითარებაში, ადგილობრივი უკმაყოფილების, საჭიროებების და ხედვების გათვალისწინებით და ჭიათურაში დასაქმებულთა და მოსახლეობის ჩართულობით, საქართველოს მთავრობამ შეიმუშავოს შექმნილი კრიზისის დაძლევის დემოკრატიული პოლიტიკური ხედვა და გზები;  

2. პარლამენტში შეიქმნას თემატური მოკვლევის ჯგუფი, რომელიც სისტემურად გაანალიზებს სამთო-მომპოვებელ ქალაქებში არსებულ სოციალურ, გარემოსდაცვით და შრომით მდგომარეობას, შეიმუშავებს ამ ქალაქების ალტერნატიული ეკონომიკური განვითარების პოლიტიკის ხედვას და განახორციელებს მთავრობის პოლიტიკაზე ეფექტიან და რეალურ საპარლამენტო კონტროლს;

3. 28 მაისს, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე „ჯორჯიან მანგანეზის“ დროებითი მმართველის მოსმენა ღია და საჯარო ფორმატში წარიმართოს, რათა დაინტერესებულ პირებს და საზოგადოებას მიმდინარე დისკუსიის გაცნობის და შეფასების შესაძლებლობა მიეცეს.  

 

ხელმომწერები:

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

მწვანე ალტერნატივა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

ღია საზოგადოების ფონდი