სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

ადამიანის უფლებებზე და გარემოსდაცვით საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების განცხადება ჭუბერში შექმნილ კრიზისთან დაკავშირებით

2018-07-16 17:07
Featured image

2018 წლის 5 ივლისს, ჭუბერის თემის ტერიტორიაზე, მოულოდნელად განვითარებული სტიქიის შედეგად, ადიდებულმა მდინარე ნენსკრამ დატბორა ჭუბერის თემის სოფლები, სრულად გაანადგურა ინფრასტრუქტურა, მათ შორის, ხიდები, გზები და დაანგრია მდინარის გასწვრივ არსებული სახლები. ჭუბერის თემის რამდენიმე სოფელი გარესამყაროს მოწყდა. სტიქია განვითარდა ნენსკრას მარჯვენა შენაკად  ღვარცოფულ მდინარე ოკრილზე, ამავდროულად სტიქიური მოვლენა განმეორდა მესტიაშიც, მესტიაჭალა-ჰესის საპროექტო ტერიტორიაზე, სადაც ღვარცოფმა ხიდი დაანგრია.

როგორც ცნობილია, ზემო სვანეთში, მდ. ენგურსა და მის შენაკადებზე დაგეგმილია 35 ჰიდროელექტროსადგურის (ჰესის), მათ შორის რამდენიმე, მაღალკაშხლიანის (ხუდონი, ნენსკრა, ფარი, ხაიში და ა.შ.) მშენებლობა, რასაც მოსახლეობა აქტიურად ეწინააღმდეგება. მათი აზრით, მაღალი  გეოლოგიური და სეისმური რისკების მქონე რეგიონში, კლიმატის ცვლილების ფონზე,  მსგავსი მშენებლობები კიდევ უფრო ზრდის სვანების საცხოვრებელი ადგილისა და გარემოს დეგრადაციას. აღსანიშნავია, რომ  მდინარე ნენსკრას ზედა ნაწილში  ჭუბერის თემის ზევით,  მიმდინარეობს 130 მეტრი სიმაღლისა და 300 ჰექტარის ფართობის რეზერვუარის მქონე ნენსკრა-ჰესის მშენებლობა. მშენებლობის ნებართვა ამ პროექტზე 2015 წლის ოქტომბერში გაიცა. პროექტის თანახმად, იგეგმება 400 ჰა ხელუხლებელი ტყის გაჩეხვა და დატბორვა.

სამოქალაქო საზოგადოება და ადგილობრივი მოსახლეობა 2015 წლიდან გამოთქვამს შეშფოთებას ნენსკრა-ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით. წინააღმდეგობის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი სწორედ ის გარემოებაა, რომ დაგეგმილი კაშხლისა და რეზერვუარის  ტერიტორიაზე მოედინება  ოკრილზე მეტად ღვარცოფული რამდენიმე მდინარე, ასევე, მდებარეობენ ზვავსაშიში და მეწყერსაშიში უბნები, რომელთა ზეგავლენა ნენსკრა-ჰესზე არასათანადოდაა გამოკვლეული. გეოლოგიური რისკები კიდევ უფრო გაძლიერდება ჰესის პროექტის ზეგავლენის შედეგად, ვინაიდან მშენებლობის პროცესში ტყე/ მცენარეული საფარი პირწმინდად მოიჭრება, რაც დამატებით მეწყრულ და ღვარცოფულ კერებს გააჩენს. არასათანადოდ არის შეფასებული, რომ სტიქიურ მოვლენები თანდათან ისედაც მძაფრდება გლობალური კლიმატის ცვლილების შედეგად, ხოლო ჰესის რეზერვუარის არსებობის გამო შეცვლილი მიკროკლიმატი კიდევ უფრო დაამძიმებს ამ ვითარებას.

კომპანია „ნენსკრა ჰიდრომ“ სტიქიური მოვლენის პირველ დღეს (5 ივლისს) გაავრცელა განცხადება, სადაც უარყო ჰესის მშენებლობის პროექტსა და სტიქიურ მოვლენას შორის კავშირი. კომპანიის მტკიცებით, სტიქიური მოვლენა სამშენებლო ტერიტორიიდან 5 კილომეტრის დაცილებით განვითარდა. 2018 წლის 6 ივლისს კი, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სტიქიური მოვლენა ტყის უსისტემო ჭრას დაუკავშირა.

კომპანიის ზემოაღნიშნული მტკიცება მცდარია, რადგან მდ. ოკრილი და მისი მიმდებარე ტერიტორია   ნენსკრა-ჰესის საპროექტო არეალში ექცევა; ეს არეალი, ჰესის პროექტის დაწყებამდე, ჭუბერის თემის საზაფხულო საძოვრებს წარმოადგენდა. მსოფლიოს ტყეების მონიტორინგის საერთაშორისო ონლაინ პლატფორმის „გლობალ ფორესთ ვოთჩის“ (Global Forest Watch) მომზადებულ რუკაზე ნათლად ჩანს,  რომ ნენსკრას ხეობის ამ მონაკვეთში, 2000-2017 წლებში, პრაქტიკულად, არ განხორციელებულა ტყის ჭრები. ამგვარად, არაზუსტი შეიძლება აღმოჩნდეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებაც სტიქიური მოვლენის განვითარების მიზეზის შესახებ. მეტიც აღნიშნული განცხადება პასუხისმგებლობის ადგილობრივ მოსახლეობაზე და ინდივიდებზე გადატანის და პოლიტიკური კრიტიკის გადაფარვის მცდელობაა, რაც ეკოლოგიური გამოწვევების გამომწვევი ეკონომიკური და სოციალური მიზეზების გათვალისწინებით უპასუხისმგებლობაა.   

ზემო სვანეთის გარდა, საქართველოს სხვა მთიან რეგიონებშიც (ზემო აჭარა, ხევი, რაჭა, ქვემო სვანეთი) დაგეგმილია 100-ზე მეტი ჰესის მშენებლობა. არცერთი ამ პროექტისთვის დეტალურად არ შეფასებულა  გეოლოგიური და სეისმური რისკები  და მათი გლობალური კლიმატის ცვლილების შედეგად მათი გაძლიერების საფრთხეები.  რაც ამ რეგიონების მოსახლეობის სამართლიან აღშფოთებას იწვევს.  

გამომდინარე, აქედან საქართველოს მთავრობამ უნდა შეისწავლოს და შეაფასოს:

- მდ. ოკრილზე განვითარებულ მოვლენები და მისი გამომწვევი რეალური მიზეზები; და
- მდ. ენგურის აუზში მიმდინარე გეოლოგიური და ჰიდროლოგიური პროცესები, გამომდინარე საფრთხეები და მათი პრევენციის გზები.

გარდა ამისა,  საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და სხვა დონორების ჩართულობით, საქართველოს მთავრობამ უნდა მოიწვიოს ჰოლანდიის გარემოზე ზემოქმედების კომისია[1], რომელიც

- ჩაუტარებს ექსპერტიზას ნენსკრა-ჰესის საპროექტო დოკუმენტაციას  ახლადგანვითარებული და მოსალოდნელი სტიქიური მოვლენების კონტექსტში; და

- შეაფასებს მდ. ენგურის აუზში დაგეგმილი ჰესების კუმულაციურ ზემოქმედებას რეგიონში მიმდინარე გეოლოგიურ პროცესებზე. 

ზემო სვანეთის მაგალითის შესაბამისად, ანალოგიური შეფასებები უნდა გაკეთდეს საქართველოს სხვა მთიან რეგიონებშიც, სადაც დაგეგმილია ჰესების მშენებლობა, მათ შორის, რაჭაში, ხევში, ქვემო სვანეთში, ზემო აჭარაში.

ზემოაღნიშნული ქმედებების გარდა, აუცილებელია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და სხვა დონორების ჩართულობით საქართველოს მთავრობამ დაუყოვნებლივ დაიწყოს სტიქიის შედეგად ჭუბერის თემისათვის მიყენებული ზარალის შეფასებისა და კომპენსაციების გაცემის ღონისძიებები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. მანამდე კი, არსებითია სახელმწიფომ უზრუნველყოს ეფექტიანი და დროული ჰუმანიტარული ზომების მიღება სტიქიით დაზარალებულ თემებში.

განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციები:

მწვანე ალტერნატივა;
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია);
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC);
საქართველოს მწვანეთა მოძრაობა;
ენერგოეფექტურობის ფონდი;
ფერმერთა უფლებების დაცვის ასოციაცია;
კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი – კავკასიური სახლი.

 

[1] შენიშვნა: ჰოლანდიის გარემოზე ზემოქმედების კომისია არის მაღალი ავტორიტეტის მქონე ინსტიტუტუცია, რომლის კომპეტენცია აღიარებულია საერთაშორისო მასშტაბით და  რომელსაც აქვს საქართველოს მთავრობასთან მრავალწლიანი გამოცდილება http://www.eia.nl/en